Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან განვითარებული მოვლენებისას ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. შსს-ს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში წაიკითხავთ: ”აღნიშნული შემთხვევასთან დაკავშირებით, დაზარალებულს არ მიუმართავს პოლიციისათვის და მსგავსი შემთხვევა არც პოლიციის მიერ ყოფილა დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბესარიონ ბოჭორიშვილს, რათა მან მიმართოს პოლიციას და ითანამშრომლოს აღნიშნული ფაქტის გამოძიების პროცესში”. ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი გასულ კვირაში გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყვებოდა თუ როგორ ცემეს 6 მაისს პოლიციელებმა. ადვოკატმა სამმართველოსთან შეკრებილი ხალხისგან შეიტყო, რომ 15 წლის ბიჭი პოლიციელებმა ცემით შეათრიეს ეზოში და არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ. ადვოკატმა სამართალდამცავებს სავარაუდო დაკავებულის სანახავად პოლიციის ტერიტორიაზე შეშვება სთხოვა. მონათხრობის მიხედვით, პოლიციელებმა ჯერ უარყვეს ბიჭის შენობაში ყოფნა, შემდეგ კი გადაწყვიტეს ადვოკატი შენობაში შეეშვათ. ”როცა შევედი კორიდორში შიგნით, მაშინ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა - შემოსვლა ხომ გინდოდაო, ადვოკატი ხომ ხარო და ამ დროს დამიწყეს ცემა. ხელკეტებით მცემეს. თავის არეში მირტყამდნენ, ორი ნაკერი მაქვს” - უყვება ადვოკატი ბესო ბოჭორიშვილი ”რეზონანსის” კორესპონდენტს. მისივე თქმით, მოგვიანებით დიღმის ტრასაზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობის ეზოში მიიყვანეს და ”იქვე მდებარე ონკანთან” ჩამოსვეს. ამის შემდეგ ბოჭორიშვილი ”საზოგადოებრივი დამცველის” ოფისში მივიდა და მოუყვა მომხდარის შესახებ.
XS
SM
MD
LG