Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 12 მაისი 2009


“შედგა, მაგრამ უშედეგოდ. ახალი დიალოგი ძველი სცენარით”, “მძიმე დასაწყისი” – პრესა პრეზიდენტის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შეფასებას იძლევა.

“რეზონანსი” წერს: “დიალოგი მძიმე იყო, მაგრამ შედგა”, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ხელისუფლებას ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ “დიალოგი მძიმე იყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა.” მართალია, პრეზიდენტს ტელევიზიით მოსმენილი ჰქონია, როგორ ითხოვს მის გადადგომას ოპოზიცია, მაგრამ გუშინ უკვე პირადად მოისმინა და ისიც თავად ოპოზიციის ლიდერებისგან. განსხვავება ტელევიზიით მოსმენილსა და პირადად ნათქვამს შორის მაინც არ აღმოჩნდა. პრეზიდენტი ოპოზიციას ისევ იმას სთავაზობს, რასაც აქამდე, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თუკი ამ შეთავაზებას ოპოზიცია აქამდე ტელევიზიით ისმენდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ახლა პირადად სააკაშვილისგან მოისმინეს. როგორც ჩანს, მხარეებმა ერთმანეთს სათქმელი ვერ გააგებინეს”, წერს “რეზონანსის” ავტორი.

“არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უშედეგოდ დასრულდა”, წერს “24 საათი”. ავტორი განაგრძობს: “მხარეებმა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოახერხეს შეთანხმება. პრეზიდენტიც და მისი პოლიტიკური ოპონენტებიც აღიარებენ, რომ არსებულ ვითარებას ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად აღიქვამენ. შესაბამისად, ისინი განსხვავებულად ხედავენ დაძაბულობის განმუხტვის გზებსაც. თუმცა ორივე ბანაკში აღნიშნავენ, რომ შუა გზაზე შეჩერება არ შეიძლება და დიალოგი უნდა გაგრძელდეს”, წერს “24 საათი”.

დიალოგის გაგრძელების პერსპექტივაზე “ალია” 11 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს - “ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავას - ეკითხება. შარტავას პასუხი: “საუბარს მაშინ ექნება აზრი, თუ ჩვენ ერთსა და იმავე რეალობაში აღმოვჩნდებით. ან უნდა მოხდეს იმ კრიზისის ისე თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ ეს ხელისუფლებამაც აღიაროს და აქედან ადეკვატური გამოსავალი მოიძებნოს. მაშინ შესაძლებელია რაღაცაზე საუბარი, როცა სურვილი გაუჩნდებათ ამ კრიზისის დაძლევის თაობაზე. სხვა რამის დამნახავ ადამიანებთან კი ლაპარაკი არც ერთ შემთხვევაში არ გამოვა”, ამბობს კახა შარტავა.

“ახალი თაობა” შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების იმ ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც ის ჟურნალისტების დაცვაზე საუბრობს: ”ახლა სააკაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ჯოხებით გაეკიდნენ. ეს, შესაძლოა, მართლა აღმაშფოთებელი ფაქტია. თუმცა საინტერესოა, რატომ არ აღშფოთდა პრეზიდენტი მაშინ, როცა სპეცრაზმმა “იმედი” დაარბია. მაშინ ათეულობით ჟურნალისტს სცემეს სასტიკად, მაგრამ ის ნაციონალური ეგიდით მოქნეული ხელკეტი იყო, ახლა კი სხვაგვარად არის საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს სხვა ჟურნალისტებიც უნდა ჩამოეთვალა - ის ჟურნალისტები, რომლებიც ვარდოვანი რევოლუციის შემდეგ ძალოვანებმა გალახეს. ნაცემი ჟურნალისტების არასრული სია ცოტა ხნის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. მათი ბედი სააკაშვილს არ აღელვებს”, წერს “ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG