Accessibility links

logo-print

ესტონეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლების ახალ შტაბბინას ესტუმრა


დღეს პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია ესტონეთის პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი და მონაწილეობა მიიღო ჩვენი ახალი შტაბბინის გახსნის ცერემონიაში. ილვესს ჩვენს რადიოსთან პირადი გამოცდილებაც აკავშირებს - ის ცხრა წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა რადიო თავისუფლების ესტონური სამსახურის კორესპონდენტად. ლენტის გაჭრის ცერემონიის შემდეგ ილვესი ესაუბრა ჩვენს კოლეგას, ჩარლზ რეკნაგელს.

პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ტოომას ჰენდრიკ ილვესს დაუსვა, ასეთი იყო: თქვენ მოვლენებს უნიკალური პოზიციიდან აფასებთ, ვინაიდან თქვენი ქვეყანა ევროპის კავშირისა და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. და ესტონეთს, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის გამოცდილებაც აქვთ. ყოველივე ეს საშუალებას გაძლევთ, მოსკოვს თვალი ხელსაყრელი პოზიციიდან ადევნოთ. თქვენი აზრით, როგორია ის პოლიტიკური ტრაექტორია, რომელსაც რუსეთი მიჰყვება? როგორია მართვის ის სტილი, რომელსაც რუსეთის მთავრობა მისდევს? ესტონეთის პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

"ჩვენ ევროკავშირისა და რუსეთის საზღვარზე არ ვართ, ჩვენ ევროკავშირში ვიმყოფებით, და სწორედ ეს - ჭეშმარიტად ევროპული შეხედულებები - განსაზღვრავს ჩვენს პერსპექტივას. ცხადია, გზა, რომელიც ჩვენმა მეზობელმა გამოხატვის თავისუფლებასთან და ადამიანის უფლებებთან მიმართებით აირჩია, უკან გადადგმული ნაბიჯია იმ იმედებისგან, რომელიც ყველას ჰქონდა. თავდაპირველად ამას "მართულ დემოკრატიას" უწოდებდნენ, მაგრამ ამ ტერმინს საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება არ მოჰყვა, და ამიტომ ის "სუვერენული დემოკრატიით" ჩაანაცვლეს. როგორც წესი, როდესაც სიტყვა "დემოკრატიას" წინ განსაზღვრება ახლავს, ყოველთვის სიფრთხილე გმართებს. ვიცით, რას ნიშნავდა "სახალხო დემოკრატია". ამდენად შემაშფოთებელია, როდესაც, უბრალოდ, დემოკრატიის ნაცვლად "სუვერენულ დემოკრატიას" ამბობენ."

ტოომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ძნელია იმის განსაზღვრა, საით მიდის მოვლენები. "ცხადია, რომ ბევრი ჩვენგანი - ჩემი ჩათვლით - ცდებოდა, როდესაც ადამიანის უფლებების, თავისუფალი ბაზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ და მხოლოდ კომუნიზმს მივაწერდით. უნდა გაგვეანალიზებინა 1930-იანი წლების გამოცდილება, ის, რაც მაშინ გერმანიასა და იტალიაში ხდებოდა - სადაც კაპიტალიზმი მოქმედებდა, მაგრამ არ არსებობდა ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ მოვლენები ამ გზით განვითარდებოდა, რომ მივიღებდით უკონტროლო კაპიტალიზმს, და პოლიტიკური შეხედულებებისა და ალტერნატიული მოსაზრებების შეზღუდვას."

მიიჩნევს თუ არა ესტონეთის პრეზიდენტი, რომ დასავლეთმა დიდწილად ხელი აიღო რუსეთში ადამიანის უფლებებისთვის მოძრაობის მხარდაჭერაზე - მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის გამო ზედაპირზე ნორმალური ვითარების იერსახე შეიქმნა?

ილვესი ამ მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ვინც რუსეთში ადამიანის უფლებების მოძრაობაშია ჩართული, ხელს დასავლეთისკენ იშვერს და რუსეთში შექმნილი ვითარების უგულებელყოფისთვის მას ფარისევლობაშიც კი სდებს ბრალს.

შემდეგ საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც დასავლეთის მთავრობებმა დიდწილად გადააბარეს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა. არადა, ასეთ ორგანიზაციებში, მაგალითად, ეუთოში, ბევრი სახელმწიფოა გაწევრიანებული და მათ ხშირად უჭირთ საერთო პოზიციის გამონახვა. მაგალითად, როცა ეს ორგანიზაციები არჩევნებს აკვირდებიან და ასკვნიან, შეესაბამება თუ არა ისინი დემოკრატიულ პრინციპებს, ხშირად სირთულეები იჩენს თავს. როგორ აფასებს ესტონეთის პრეზიდენტი ამგვარი მიდგომის დადებითსა და უარყოფით მხარეებს?

"ნემისმიერი ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსის პრინციპს ემყარება - ამბობს ილვესი - საერთო სტანდარტამდე მიდის. და როდესაც საქმე დემოკრატიას ეხება, ეს საერთო სტანდარტი საკმაოდ დაბალია. იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია კონსენსუსის პრინციპს ემყარება, საკმარისია მისმა რომელიმე წევრმა ვეტოს უფლება გამოიყენოს, და მოქმედება მაშინვე იზრუდება. ეს პრობლემები მწვავედ იჩენს თავს ეუთოს სადამკვირვებლო ფრაქციის - “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისათვის ორგანიზაციის” - მუშაობაში. ეს ორგანიზაცია ძალიან არაპოპულარულია იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, ან დასავლეთისგან განსხვავებული ფორმით არსებობს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ამ ორგანიზაციაზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება და მას სთხოვენ, შეწყვიტოს არჩევნებზე დაკვირვება. ისმის მუქარა, რომ თუ ამა თუ იმ არჩევნებს "თავისუფლისა და სამართლიანის" შეფასება არ მიეცემა, ეუთოს დაფინანსებას შეუწყვეტენ."

რას რჩევას აძლევს ტოომას ჰენდრიკ ილვესი თავის კოლეგებს ევროკავშირში? როგორია მოქმედების უკეთესი გზა? ამ კითხვას ესტონეთის ლიდერი ასე უპასუხებს:

"პირველ რიგში, მათ ვთხოვ, მოვლენებს ყურადღება მიაქციონ, და იმის გამო, რომ ეს პოლიტიკურად ხელსაყრელია, წაყრუების გზას არ დაადგნენ. ესაა ის, რაც მათ შემიძლია ვურჩიო."
XS
SM
MD
LG