Accessibility links

logo-print

სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი 26 მაისის აღლუმის წინააღმდეგია


26 მაისის სამხედრო აღლუმი

26 მაისის სამხედრო აღლუმი

12 მაისს სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას სთხოვენ 26 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი არ ჩატარდეს, ვინაიდან, მათი თქმით, ქვეყანაში, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, საზეიმო ვითარება არ არის. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ სამხედრო აღლუმი სწორედ ომში დაღუპული მეომრებისათვის პატივის მისაგებად ტარდება.

განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აწერენ ხელს, ვკითხულობთ:

"წელიწადი არც კი გასულა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტრაგიკულ ომს; საქართველოს არ შეშრობია ცრემლი თავისი მებრძოლების დაღუპვის გამო; ზეიმის დრო ახლა არ არის; მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარე საფრთხეები რეალურია, გაუმართლებელია ამ ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და ტექნიკისათვის დისლოკაციის ადგილის შეცვლა და ამით თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტება; მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია სამხედრო აღლუმისთვის დამატებითი თანხების ხარჯვა. განცხადებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აწერენ. ერთ-ერთი მათგანი, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, ფიქრობს, რომ ზოგადად სამხედრო აღლუმების ამ ფორმით ჩატარება დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებლია და, როგორც წესი, მსგავსი აღლუმები არადემოკრატიულ ქვეყნებში ტარდება. ცივილიზებული სამყარო კი ამ სახის ზეიმს უკვე დიდი ხანია

განსხვავებულად აღნიშნავს:

”დემოკრატიულ ქვეყნებში არ გამოიყენება სამხედრო ტექნიკა და უფრო ტრადიციული სამხედრო ფორმებით გამოდიან სამხედროები და ამას ზეიმის ხასითს აძლევენ. ჩვენთან, საქართველოში, წლების მანძილზე ტარდებოდა ისეთი სამხედრო აღლუმები, რომლებიც დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სახის აღლუმების ჩატარება მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის.”

არგუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ განცხადებაშია მოყვანილი, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ასეთია: ”ჯერ წელიწადიც არ გასულა ომის შემდეგ. ამას გარდა, არსებობს საფრთხე, რადგან საქართველოს გარკვეული ნაწილები ოკუპირებულია და ჩვენ თუ ჩვენს სამხედრო ტექნიკას თავს თბილისში მოვუყრით, ჩვენი თვდაცვითი შესაძლებლობები შესუსტდება.”
ამას ემატება აღლუმის მოსაწყობად საჭირო ფინანსური ხარჯები, სესიაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 800 000-დან მილიონ-ნახევრამდე ლარის ოდენობით. კიდევ ერთი წინადადება, რომელიც ამ განცხადებაში ჩაიწერა, ისაა, რომ ეს თანხები ომში დაღუპულთა ოჯახებს დახმარების სახით გადასცენ.

”მილიტარისტული შოუს” დრო არ არის, ფიქრობს განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი უჩა ნანუაშვილი:

”გაუმართლებლად მიმაჩნია ამ ვითარებაში სამხედრო აღლუმის ჩატარება, განსაკუთრებით იმ ფორმით, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული. ვფიქრობ, რომ ეს ატავიზმია, დიქტატორული რეჟიმისათვის დამახასიათებელი რამ. მიეცეს მას სამოქალაქო დატვირთვა და არა სამხედრო და მილიტარისტული, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.”

ხელისუფლება ფიქრობს, რომ აღლუმის ფორმაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სამხედრო აღლუმი არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარ თავს უწყობს ზეიმს: ”ეს ხომ არ არის ხელისუფლების აღლუმი, ეს იმ მეომრების და ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც აგვისტოს ომში და 90-იანი წლების დასაწყისში დაიღუპნენ. ამიტომ ეს სიმბოლოა, რომელიც მათ ეძღვნება და ხელისუფლების ახირებად არ უნდა განვიხილოთ.”

რაც შეეხება სამხედროების ოჯახებისათვის ფინანსურ დახმარებას, ამაზე მინაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ნაკადი დასრულდა და მალე დაღუპულთა ოჯახები ისევ მიიღებენ სამხედრო დახმარებას.

საინტერესოა, რას სთავაზობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებას, როგორ შეიძლება აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოში? ირაკლი სესიაშვილის პასუხი ასეთია: ”სამხედრო მოსამსახურეები საზეიმო ფორმით გამოვიდნენ ქალაქში, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში, შეხვდნენ ოჯახის წევრებს და ჰქონდეთ მათ თავისუფალი დრო. არ არის აუცილებელი, რომ იარაღის ჟღარუნით და ტექნიკის რუსთაველზე გატარებით აღვნიშნოთ ეს დღე.”

როგორი მასშტაბის იქნება წლევანდელი სამხედრო აღლუმი და სად გადაწყვეტს ხელისუფლება მის გამართვას, ჯერ ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG