Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ახალსახლობას აღნიშნავს


"ლენტის გაჭრის" ცერემონია პრაღაში
"ლენტის გაჭრის" ცერემონია პრაღაში
12 მაისს რადიო თავისუფალმა ევროპა-რადიო თავისუფლებამ პრაღაში ახალსახლობა აღნიშნა. ისტორიაში პირველად, ჩვენს რადიოს ექნება საკუთარი შენობა, რომელიც საგანგებოდ მაუწყებლობისთვის აიგო. საზეიმო ცერემონიაში, რომელსაც “ლენტის გაჭრა” ჰქვია, მთელი მსოფლიოდან - იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი რადიო მაუწყებლობს, როგორც ვაშინგტონიდან, ისევე საქართველოდან - ჩამოსული სტუმრები მონაწილეობდნენ.

რადიო თავისუფლების ახალი შტაბბინის გახსნა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00


რადიოს ახალსახლობის ოფიციალური დღე იმათი დაჯილდოებით დაიწყო, ვისთვისაც აშენდა ახალი შენობა პრაღის უბან ჰაგიბორში. ვინოჰრადსკაზე მდებარე ძველი შენობა, სადაც ჩვენმა რადიომ 14 წელი გაატარა, ისტორიას ჩაბარდა, პირდაპირი მნიშვნელობითაც. იქ,სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის ყოფილ შენობაში, ეროვნული მუზეუმი განათავსებს თავის განყოფილებებს. ჩვენ მას, ალბათ, სევდით გავხედავთ, როცა ჰაგიბორისკენ გავემართებით ხოლმე.

დილა დაჯილდოებით, ლაურეატების გამოცხადებით დაიწყო. დევიდ ბერკის სახელობის პრემია “განსაკუთრებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის” აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭომ დააფუძნა. ეს პრემია ატარებს საბჭოს ადრინდელი თავმჯდომარის სახელს და ყოველ წელს გადაეცემა ხოლმე, როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ჩვენს კოლეგებს, განსაკუთრებული პროფესიული საქმიანობისთვის. ამჯერად დევიდ ბერკის მეორე პრემია მიენიჭათ ჩვენს უშუალო კოლეგებს - რადიო თავისუფლების კორესპონდენტს გორში გოგიტა, იმავე გოგა, აფციაურს და ჩვენი რადიოს თბილისის ბიუროს თანამშრომელს კობა ლიკლიკაძეს. აგვისტოს ომზე დაიწყო ლაპარაკი მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრმა ბლანკიტა კოლომმა, როცა ჩვენი კოლეგები დაასახელა პრემიის ლაურეატებს შორის.

ბლანკიტა კოლომმა თქვა, რომ ეს ომი იყო რადიო თავისუფლების წლევანდელ თემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემა და ქართული რედაქციის ორი შესანიშნავი კორესპონდენტი აშუქებდა მას. მე თქვენით ვამაყობო, თქვა კოლომმა.

ეს ორი ჟურნალიტი დიდი რისკის ფასად ასრულებდა თავის ჟურნალისტურ მოვალეობას და მათ მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრმა ამ განსაკუთრებული საქმიანობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. მადლობა ბლანკიტა კოლომმა უთხრა ასევე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს მარინა ვაშაყმაძეს, რომელიც, კობასა და გოგასაგან განსხვავებით, პრაღაში არ ჩამოსულა. დევიდ ბერკის სახელობის პირველი პრემია, “განსაკუთრებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის”, გადაეცა ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის სამ კორესპონდენტს - მუჰამედ იბრაჰიმ ჰანურს, აბდულ ჰამიდ პაშმანსა და ჰასიდა შაჰიდს. ავღანეთი მსოფლიოს ერთ- ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად რჩება და, ცხადია, იქ მომუშავე ჟურნალისტებს უკიდურესად სახიფათო ვითარებაში უწევთ მუშაობა.

პრემიის გადაცემისა და მილოცვების შემდეგ დაიწყო საზეიმო ცერემონია - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ახალი შენობის გახსნის ცერემონია.

ორიოდე სიტყვას გეტყვით ჰაგიბორზე, უბანზე, სადაც რადიომ ახლა ბინა დაიდო. მე-19 სუკუნეში პრაღის ებრაელთა თემმა შეიძინა ეს არეალი, რომელიც ებრაელთა სასაფლაოს ემიჯნება, და იქ სპორტული მოედანი მოაწყო. იქვე დაგეგმილი იყო მოხუცებულთა სახლის აგება. მოგვიანებით ნაცისტებმა აქ საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს. ომის შემდეგ აქვე იყო ბანაკი ჩეხებისა და, შემდგომ კი, გერმანელთათვის. შარშან ჰაგიბორში გაიხსნა მოხუცებულთა სახლი, რომელიც, პირველ რიგში, მთელი ჩეხეთის ებრაელთა თემის ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებს ეკუთვნით. და ახლა, დღეს, მის მეზობლად ოფიციალურად გაისხნა რადიო თავისუფლების ახალი შენობა. საზეიმო ცერემონია გახსნა ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა ჯეფ გედმინმა, რომელმაც მადლობა უთხრა სტუმრებს და მათ, ვინც ამ პროექტის, ახალი შენობის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ჯეფ გედმინმა ჯორჯ ბუში უფროსი გაიხსენა, რომელმაც ოცი წლის წინ, ცივი ომის დასრულებისას, თქვა, ევროპა თავისუფალიაო. ახლა, განმარტა რადიოს ხელმძღვანელმა, ამ პროექტის ნაწილი შესრულებულია, ევროპის ნაწილი მართლაც არის თავისუფალი და ასეთ ქვეყანაში ვიმყოფებით ჩვენ, ასეთი ქვეყანაა ჩვენი მასპინძელი ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელიც ნატოს, ევროკავშირის წევრია და თავისუფალია. გედმინმა სიტყვა გადასცა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრს, იოაკიმ ბლაიას, რომელმაც ომახიანი სიტყვა წარმოთქვა. ის ამ პროექტის - რადიოს ახალი შენობის პროექტის - აქტიური მონაწილე იყო და თავის გამოსვლაში ხაზგასმით თქვა, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, თავის ისტორიაში პირველად, მაუწყებლობას იწყებს შენობიდან, რომელიც ამ დანიშნულებით აიგოო. “ეს შენობა თქვენი საჭიროებისთვის, 21-ე საუკუნის მედიის კომპანიისთვის აშენდა”, - გვითხრა იოაკიმ ბლაიამ. ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის, მერი პაველ ბემი ასევე აქტიურად იყო ჩართული თავის ქალაქში საერთაშორისო მაუწყებლობის ახალი შენობის პროექტში. ბემმა, როცა მას სიტყვა მისცეს, ამ ცერემონიაზე, ძველი დროც გაიხსენა, ის დრო, როცა რადიო თავისუფლება სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში თავისუფალ სამყაროსთან ერთადერთ კავშირს წარმოადგენდა:

“მე დიდ ბედნიერებას განვიცდი თქვენთან ერთად, როცა აქ ვდგავარ, ახალ შტაბბინასთან, შესანიშნავ შტაბბინასთან, უსაფრთხო შტაბბინასთან რადიოსადგურისა, რომელიც მუდამ იქნება სიმბოლო თავისუფლების, ობიექტურობის და ასევე ღირსეული სიმამაცისა, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საიდუმლო სამსახურების საფრთხის წინაშე მყოფი მისი თანამშრომლები ავლენდნენ. ბატონებო და ქალბატონებო, ეს დიდებული დღეა ყველა ჩვენგანისთვის და მე ყველა ჩვენგანს ვუსურვებ თავისუფალ ევროპას.”

ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი
ასეთი სურვილით დაასრულა გამოსვლა პრაღის მერმა პაველ ბემმა. დღეს ჩვენი რადიოს ახალ შენობაში მასთან ერთად მოსულები იყვნენ ჩეხეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი. სტუმართა შორის იყო ერთი განსაკუთრებული პირი, რადიო თავისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი, რომლის დედა და ძმა მუშაობდნენ აქ ადრე და რომელმაც, როგორც ობიექტური სიტყვის სამსახურში მდგომმა, იმსახურა ჩვენი რადიოს კორესპონდენტად თვითონაც. ის ახლა პრეზიდენტია ევროპის ერთ-ერთი მცირე ქვეყნის, ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს - ესტონეთისა. ვგულისხმობ ტომ ილვესს, რომელმაც თავის გამოსვლაში ილაპარაკა პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტყვის, მედიის თასუფლებაზე და იმაზე, რომ თავისუფალ მედიას კვლავაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.

“ჩვენ გვჯეროდა ერთ დროს,რომ კომუნიზმის დამხობას ავტომატურად მოჰყვებოდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ყველას კარგად გესმით, რატომ გააგრძელებდა საქმიანობას რადიო თავისუფლება, ეს რომ ასე მომხდარიყო. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის ჩვეულებრივი ამბავი. როგორც “ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიში აჩვენებს, თქვა ილვესმა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მაუწყებლობის ქვეყნებში ყველგან ერთნაირად არ არის გარანტირებული აზრის გამოხატვის თავისუფლება. ესტონეთის პრეზიდენტის ხელთ არსებული მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მხოლოდ რვა ქვეყანას აქვს თავისუფალი მედია, ათი ნაწილობრივ თავისუფალია და დანარჩენი - არათავისუფალი. ილვესის თანახმად, ამ არეალის მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი სარგებლობს თავისუფალი მედიით. ეს, მისი თქმით, სამწუხარო მონაცემებია.

ილვესმა ისაუბრა იმ მიამიტობის შესახებ, რომელიც, მისივე აღიარებით, მასაც ახასიათებდა ადრე. ჩვენ გვეგონაო, თქვა მან, რომ კომუნიზმის შემდეგ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი ბაზარი ხელიხელჩაკიდებულნი ივლიდნენ; როცა კერძო მესაკუთრე გახდებოდი, იმის უფლებაც მოგეცემოდა, გეთქვა, რაც გსურდა. მაგრამ ასე არ მოხდა, თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა, სამყარო უფრო რთული გამოდგა - კაპიტალიზმსაც შეძლებია ავტორიტარული იყოს. ესტონეთის პრეზიდენტმა ანალიზი გააკეთა დღევანდელი ვითარებისა, საერთოდ, მედიის მხრივ, და აღნიშნა, დღევანდელი საფრთხეა ის, რომ მედიაში მაღალი ხარისხის რეპორტაჟებს და სერიოზულ ანალიზს გასართობი გადაცემები ცვლისო. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი პრესის გარეშე საზოგადოება ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

ამ სიტყვას მოჰყვა უკვე ლენტის გაჭრა, რისი აღსრულებისთვისაც პრეზიდენტმა ჯეფ გედმინმა მიიწვია მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს ოთხი წევრი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ახალი შენობა პრაღაში, ჰაგიბორში, ოფიციალურად 2009 წლის 12 მაისს გაიხსნა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG