Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერთა შორის დიალოგის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა


დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დიალოგი მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის პირობებზე უნდა გაიმართოს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ის მკვეთრი, თუმცა, კონსტიტუციური მეთოდებით მოქმედებას აპირებს და ხვალ საზოგადოებრივ მაუწყებელთან „სირცხვილის დერეფნის“ განახლებას გეგმავს. ბურჯანაძის თქმით, თუ ოპოზიციის ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს, მას შეუძლია, საკუთარი გზით იმოქმედოს.

ოპოზიციის ლიდერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას ბუნებრივად მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე. გაჩეჩილაძისთვის მთავარია ერთიანობა, რომელიც, მისივე განცხადებით, არსებობს. მან კვლავ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ალასანია და მისი თანამოაზრეები მხარს უჭერენ მწვავე საპროტესტო აქციებს, რომლებიც არ გასცდება კონსტიტუციის ფარგლებს. აბაშიძემ დასძინა, რომ ისინი კვლავ ემხრობიან მოლაპარაკებას და მისი კონკრეტული თარიღის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს გააცნობენ.
XS
SM
MD
LG