Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია არ აპირებს რუსთაველის გამზირის დათმობას


„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია არც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შეწყდება“, - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა მიტინგზე გამოსვლისას განაცხადეს. არადა ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ 26 მაისს აღლუმის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ტრადიცია წელსაც არ უნდა დაირღვეს, თუმცა თბილისის მერმა იქვე შენიშნა, რომ აღლუმის ჩატარება თვითმიზანი არ არის. ეს განცხადება გიგი უგულავამ 13 მაისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ალტერნატიული, ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო აღლუმის“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფრთხილება მიტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის მოწყობამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა. კანონის ამ მუხლს ზედმიწევნით კარგად იცნობს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბიძინა გუჯაბიძე, რომელმაც მორიგი განცხადება დედაქალაქის მერიაში ორიოდე დღის წინ შეიტანა. ბიძინა გუჯაბიძისა და ოპოზიციის სხვა ლიდერთა თქმით, საპროტესტო აქციების გასაგრძელებლად საკმარისია მერიის გაფრთხილება. შესაბამისად, ისინი დედაქალაქის მთავრობისგან არც რაიმე სახის ნებართვას ელიან. „მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივანი, იურისტი ეკა ბესელია განმარტავს: „არანაირი ნებართვა არ გვჭირდება მერიიდან. წესისა და კანონის შესაბამისად, არის შეტანილი გაფრთხილება.“

ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიციას აქვს სრული კანონიერი უფლება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგი და საპროტესტო აქცია არც 26 მაისს შეწყვიტოს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაფრთხილების დროულად შეტანას.

„მთავარია, რომ იყოს შეტყობინება, რომ იყოს მითითებული, სად და რა მიმართულებით აპირებენ დემონსტრაციის ორგანიზატორები აქციის გამართვას“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა. - „რა თქმა უნდა, არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების, ასაფეთქებელი ნივთიერებების მიტანა და ასე შემდეგ.“

თუმცა 26 მაისი, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შემთხვევით არ გვიხსენებია. ტრადიციულად ამ დღეს ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმს ატარებს. ცნობილია, რომ ხელისუფლებას ამ ტრადიციის დარღვევა არც წელს სურს, თუმცა ანგარიშგასაწევია ოპოზიციის ლიდერთა პოზიციაც. აი, რა განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ 12 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე: „ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: 26 მაისს ჩვენ და არა მიხეილ სააკაშვილი ჩავატარებთ სამოქალაქო აღლუმს. ჩვენი ცერემონია დაიწყება ეროვნულ სტადიონზე, სადაც შევიკრიბებით, და მერე სამოქალაქო აღლუმს ჩავატარებთ რუსთაველზე.“

ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, ხელისუფლება ვერ აუკრძალავს მომიტინგეებს რუსთაველის გამზირზე ეგრეთ წოდებული „ალტერნატიული აღლუმის“ ჩატარებას, რადგანაც, კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეუძლია არ მიიღოს მიტინგის ორგანიზატორთა გაფრთხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია, ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით, ემთხვევა სხვა შეკრებას ან მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი. ეკა ბესელიას თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციის გაფრთხილება ბევრად უფრო ადრე იქნა შეტანილი.

„ხელისუფლებამ თავის აქცია უნდა დაგეგმოს სადმე სხვაგან. ეს არის სამართლებრივად სწორი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს ასევე კარგად იცნობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს შეახსენებს, რომ 26 მაისს არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნული დღესასწაული და აღლუმი, რომელიც ამ დღეს იმართება ხოლმე, არ არის მხოლოდ ხელისუფლების ღონისძიება:

„აღლუმი არ არის ხელისუფლების ან ოპოზიციის ღონისძიება. ეს არის სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთი სიმბოლო, ანუ გამოხატულება იმისა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას უკავშირდება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჯარის დღევანდელი მდგომარეობა იყოს წარმოდგენილი აღლუმზე. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ შეგნებულად შეუშალოს ხელი აღლუმის ჩატარებას.“

საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, სამხედრო აღლუმის წინააღმდეგი არც თბილისის მერიაა, თუმცა, გიგი უგულავას თქმით, აღლუმი არ გაიმართება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია დამოკიდებულებას არ შეიცვლის და რადიკალურ ქმედებებს მიმართავს.

„ეს არის პროვოკაცია. რამდენიმე პოლიტიკური ლიდერისთვის სანუკვარ ოცნებად იქცა, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს და ამითი პოლიტიკური დივიდენდები მოაგროვოს, მაგრამ ამ ფუფუნებას ამ პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენ ვერ მივანიჭებთ. ჩვენი იარაღი იქნება სიმშვიდე, სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. ამიტომ, თუ არ იქნება აღლუმის პირობები უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, აღლუმი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG