Accessibility links

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზრდება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკურ პერსპექტივებს შეეხება, ნათქვამია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზრდება. ორჯერ მეტი ზრდის მაჩვენებელი ექნება აზერბაიჯანს, ხოლო სომხეთის ეკონომიკა ხუთი პროცენტით შემცირდება. რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის, ფაქტობრივად, გაჩერება და როდის და როგორ შეიძლება შეიცვალოს ზრდის ტემპი?

გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებდა არნახული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. წელს კი საამაყო არაფერია, რადგან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რასაც თან დაერთო გლობალური ფინანსური კრიზისი, საქართველოს ეკონომიკამ ზრდა, ფაქტობრივად, შეაჩერა. ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების დაწყებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობა 2 პროცენტით მოიმატებდა, მაგრამ ახლა ესეც შეუძლებელი ხდება. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამას ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარებით ხსნის:

„ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება თუ არეულობა ერთადერთ შედეგს გამოიღებს - ეს იქნება ეკონომიკის შესუსტება, ეს იქნება ინვესტიციების დაკარგვა, ეს იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვა.“

პოლიტიკური არასტაბილურობა რომ უცხოელ ინვესტორებთან ერთად ადგილობრივ ბიზნესმენებსაც აფრთხობს, ამას თითქმის ყველა ეკონომისტი აღიარებს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანი ქათამიძე ზრდის შეფერხების სხვა უფრო სერიოზული მიზეზების შესახებაც ლაპარაკობს. მისი აზრით, რუსეთ–საქართველოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მომხმარებელთა მსყიდველობითი ქცევა შეიცვალა. ისინი ახლა უფრო ფულის დაზოგვას ცდილობენ, ვიდრე ახალი ძვირად ღირებული პროდუქციის შეძენას. გართულდა ბანკიდან სამომხმარებლო სესხების მიღებაც. ამ ყველაფერმა ერთად კი ბაზარზე კაპიტალბრუნვის შემცირება გამოიწვია.
მიზეზების გაანალიზების გარდა, საინტერესოა რა უნდა შეიცვალოს, რომ საქართველოს ეკონომიკამ კვლავ ზრდა განაგრძოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისის დაძლევა უკვე მომავალი წლიდან დაიწყება, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელსაც უმნიშვნელოდ გაიზრდება. ფონდის პროგნოზის მიხედვით, ზრდის მაჩვენებელი 2010 წელს სამი პროცენტი იქნება. თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო მეტად გაიზარდოს, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე შეეცადა:
„ეკონომიკის ზრდას მხოლოდ კერძო სექტორი უზრუნველყოფს და მთავარი მიმართულება სწორედ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება უნდა იყოს. პრობლემა ის არის, რომ ამის სურვილი სახელმწიფო პოლიტიკაში არ ჩანს.“
ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად საჭირო ნაბიჯებზე ლაპარაკობს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ლიდერი ანი ქათამიძეც:
„მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული ფინანსური რესურსების მოძიება, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. აქ შეიძლება იყოს საუბარი მცირე გრანტებზე და იაფი კრედიტის პროგრამის განხორციელებაზე. ასევე დიდი ძალისხმევაა გასაწევი იმისათვის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებიც ყურადღებას აქცევენ სტაბილურობას ქვეყნის შიგნით.“

როგორც ანი ქათამიძემ აღნიშნა, ინვესტიციების მოზიდვას სტაბილური პოლიტიკური გარემო ესაჭიროება. მისი აზრით, სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაბრუნებას საქართველო თანდათან სამი წლის მანძილზე შეძლებს.
XS
SM
MD
LG