Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი: მუხროვანის ინციდენტის გამო დაკავებულები ნაცემები არიან


საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რეკომენდაციით მიმართავს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ამბოხებასთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. საუბარია 5 პირზე, რომლებიც თბილისის მერვე საპყრობილესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა თავად მოინახულეს. მათგან, სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა პატიმარ ნუგზარ ოთანაძის მდგომარეობა. სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ მუხროვანის ამბოხების ფაქტზე დაკავებული პირების დაზიანებების შეფასებისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეუქმნის იმ ექსპერტებს, რომელთაც სახალხო დამცველი დაკავების ადგილებში შეგზავნის.

13 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფომაცია იმის შესახებ, რომ იგი მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისათვის დაწესებულ ჯილდოს 50 000 ლარიდან 200 000 ლარამდე ზრდის. ამავე ინციდენტის გამო ძებნილი გია წკრიალაშვილისა და ლევან ამირიძის შესახებ ინფორმაციისთვის სამინისტრო მოქალაქეებს კვლავ 50 000 ლარს სთავაზობს და ანონიმურობას ჰპირდება. რა კავშირში არიან უკვე დაკავებული პირები მუხროვანის ინციდენტთან და რამდენად იკვეთება მათი ბრალეულობა ამბოხების საქმეში, სახალხო დამცველის განსჯის საგანს არ წარმოადგენს. იგი მიუთითებს უკანასკნელ ხანებში წინასწარი დაკავების ადგილებში წამებისა და ცემის ფაქტების მომრავლების საგანგაშო ტენდენციაზე. ამ ტენდენციის ერთ-ერთ გამოხატულებად სოზარ სუბარი მუხროვანის ინციდენტის საქმეზე დაკავებულ პირთა მდგომარეობას ასახელებს. სახალხო დამცველის აპარატში ხუთი პირის - აკაკი აფციაურის, ნიკოლოზ ბიბილაშვილის, თემურ მელიქიძის, სანდრო ვეშაგურისა და ნუგზარ ოთანაძის - დაზიანებების მდგომარეობაა აღწერილი. მათგან უკანასკნელის, ნუგზარ ოთანაძის, მდგომარეობის კომენტირებისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დაკავებულს მოდულის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ რეზინისა და პლასტმასის ხელკეტებით, ცემისაგან გონდაკარგულს კი წყალში აყოფინებდნენ თავს და სთხოვდნენ ეღიარებინა დავალება, რომელიც მას მისმა სიძემ მისცა.

ნუგზარ ოთანაძე მუხროვანის ამბოხების ორგანიზების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კობა ოთანაძის, ძმაა. იგი სამართალდამცველებმა 12 მაისს ღამით დააკავეს.დაკავებულის ახსნა-განმარტების თანახმად, გამოძიება დაინტერესდა იმით, თუ რა დავალება მისცა მას მისმა სიძემ კობა ოთანაძესთან დაკავშირებით. ცემაც, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, ამგვარი დავალების არსებობის უარყოფას მოჰყვა. ამას გარდა, მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცათ. დაკავებულის დაცვის მხარე გენერალურ პროკურორს მიმართავს თხოვნით, ნუგზარ ოთანაძის ცემისა და წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

სამართალდამცავების მიერ ძებნილი კობა ოთანაძის ძმის, ნუგზარ ოთანაძის, ცემისა და წამების ფაქტზე 13 მაისს სპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამ განცხადების თანახმად, ნუგზარ ოთანაძემ დაკავების დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის მეუღლე ნათია ლონდარიძე:”არა, არავითარ შემთხვევაში, არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გვეძინა და ისე აიყვანეს და წინააღმდეგობას როგორ გაუწევდა. არც მეზობლები შემოგვაყვანინეს, არავინ არ არის საჭიროო. ღამის პირველ საათზე შემოგვიმტვრია კარები 10-მა ნიღბიანმა პირმა, რომლებმაც აგვაწიოკეს ბავშვებთან ერთად, აიყვანეს ნუგზარ ოთანაძე. მთელი კორპუსი იყო ალყაშემორტყმული. წაიყვანეს და გუშინ გავიგეთ, რომ სასტიკად არის ნაწამები”, -

გვითხრა ნუგზარ ოთანაძის მეუღლემ ნათია ლონდარიძემ. სახალხო დამცველი კი, ადვოკატების მასალებზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ მუხროვანის ინციდენტზე დაკავებული ნაწამები ადამიანების რიცხვი, შესაძლოა, ხუთსაც სცილდებოდეს, თუმცა დანარჩენები ჯერჯერობით მათზე ფიზკური ზემოქმედების ფაქტებს არ ამჟღავნებენ.
XS
SM
MD
LG