Accessibility links

logo-print

30 ივნისს ეუთოს მისია ოფიციალურად დაიხურება


მარა მარინაკი

მარა მარინაკი

ეუთომ გადაწყვიტა, შეწყვიტოს მოლაპარაკება საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ ვენაში გამოაცხადა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ორგანიზაციაში საბერძნეთის ელჩმა მარა მარინაკიმ. მისივე თქმით, მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეწყდა.

მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, მარინაკიმ დასძინა, რომ ხუთთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ დადგა დრო, "მიღწეული შედეგები შევაჯამოთ".

"ახლა საჭიროა - თქვა საბერძნეთის ელჩმა, - თვალი გადავავლოთ შედეგებს ჩვენი ძალისხმევისა, მიგვეღწია აუცილებელი კონსენსუსისთვის, რომელიც საბერძნეთის წინადადებას უკავშირდება. ამ წინადადებას, რომელიც "ნეიტრალური სტატუსის" ფორმულას ეყრდნობა, საშუალება უნდა მიეცა ეუთოსთვის, გაეგრძელებინა ესოდენ მნიშვნელოვანი საქმიანობა საქართველოში."

მარა მარინაკიმ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეუთოს რეგიონში კიდევ უფრო მეტი - და არა ნაკლები - აქტიურობა ჰმართებს. მან ეუთოს წევრ 56-ვე ქვეყანას მოუწოდა, ამ საკითხში მტკიცე პოლიტიკური ნება გამოიჩინოს. ელჩის თქმით, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის 8 მაისის წინადადება ძალაში რჩება.

მოლაპარაკების შეწყვეტის მიუხედავად, მარა მარინაკიმ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ მაინც მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეუთოს მისიამ თავისი ყოფნა დაასრულა. მისივე თქმით, 30 ივნისს ეუთოს მისია ოფიციალურად იხურება და საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი არც ერთი ადამიანი აღარ დარჩება.

"საკითხი დაბლოკილია და, შესაბამისად, მოლაპარაკებები პრაქტიკულად წყდება ეუთოს ყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მანამ, სანამ რუსეთი არ გადახედავს თავის პოზიციას და იმ დოკუმენტს, იმ სახით, მხარს არ დაუჭერს,” ამბობს სერგი კაპანაძე.
XS
SM
MD
LG