Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 14 მაისი 2009


”ოპოზიციამ თავიდანვე ზუსტად იცოდა, რომ ყველაზე რადიკალური მოთხოვნის დაყენებით თავს ამ მოთხოვნის მძევლად აქცევდა, რაც, სავარაუდოდ, გათვლილი ნაბიჯი იყო - ოპოზიციის ლიდერებმა (ან ცალკეულმა ლიდერებმა) თავიდანვე დაწვეს კომპრომისის ყველა ხიდი იმისათვის, რომ ერთ დღეს ”ეშმაკს” არ შეეცდინათ და ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმება გამოერიცხათ”, - წერს ”24 საათში” ეკა კვესიტაძე. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”ოპოზიციაში განხეთქილების პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ჯერ ძნელი სათქმელია, რითი დამთავრდება ლიდერებს შორის ”აზრთა სხვადასხვაობა” და როგორ აისახება ეს მიტინგებსა და საპროტესტო მუხტზე. გუშინ ალასანიას და ბურჯანაძის განსხვავებული პოზიციების შეჯერება მოხერხდა - კოსტავას ქუჩა გაიხსნება, მაგრამ პირველი არხის პიკეტირება განახლდება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ალასანია დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს, განსხვავებული პოზიციების პირობებში კომპრომისის მიღწევა სულ უფრო და უფრო ძნელი გახდება”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს: ”ერთ-ერთი სცენარი მოვლენების განვითარებისა იქნება კონტაქტები, მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდები. შეიძლება - პაუზებიც. ჩვენ ახლა პაუზის პერიოდში ვიმყოფებით. შეიძლება, პაუზა იყოს ერთი კვირა ან ათი დღე, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად განახლდება. ამის პარალელურად გაღრმავდება ბზარი, რომელიც უკვე გაჩნდა ოპოზიციის ერთიან ფრონტში”, - ამბობს ცინცაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ დღეს ოპოზიცია ”განსაკუთრებით დელიკატურ სიტუაციაშია და დიპლომატიის უმაღლესი პილოტაჟი უნდა გამოავლინოს: ერთდროულად გააგრძელოს უალტერნატივო მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და, ამავე დროს, შეინარჩუნოს ათიათასობით მომიტინგე. ეს ურთულესი ამოცანაა.”

”ყველა სიახლე” სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ეკითხება. ”საქართველოს გზის” ლიდერი ჰყვება იმის შესახებაც, თუ ვის რა შესთავაზა შეხვედრისას სააკაშვილმა და დასძენს: ”სააკაშვილს ერთი რამ არ ესმის: პრობლემა ოპოზიციის რადიკალიზმში კი არ არის, არამედ ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა. ჩვენ რომ დღეს დავიშალოთ და შინ წავიდეთ, ხალხი მაინც არ გაჩერდება, დღეს თუ ხვალ ისევ გამოვა ქუჩაში. გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც მათ გაუძღვებიან. კრიზისი თავს ვერ დამალავს. თუ პროცესებს სწორი მიმართულება არ მიეცა, ქვეყანაში ვითარება კატასტროფამდე მივა. ხელისუფლების პოზიცია ასეთია - ცოტას ჩავიჩოჩებთ, ხელისუფლების რაღაც სეგმენტს დაგითმობთ და გაჩუმდითო. მოკლედ, გარიგებას გვთავაზობს”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთის კორესპონდენტს უმრავლესობის წევრი გიორგი გაბაშვილი ეუბნება: ”არ ვაპირებ მათი [ოპოზიციის] პოლიტიკური ხედვა შევაფასო, მით უფრო, შევაფასო მწვავედ. არ მინდა მათი განცხადებებისა და პოზიციების შეუსაბამობაზე ლაპარაკი, რადგან მათთან დიალოგისა და ურთიერთობის გაგრძელებას ვაპირებ. ხოლო იმ საკითხებზე, რომელიც მათ განხილვის თემად შევთავაზეთ, ველით პასუხს.”

”ყველა სიახლე” შსს-ს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს ესაუბრა. 6 მაისის მოვლენებზე უტიაშვილი ამბობს: ”სპეცრაზმელებმა ოპერაცია ჩაატარეს წარმატებით და მაქსიმალური თავშეკავებით. სკანდირება კი უმნიშვნელო დეტალია”. უტიაშვილი აგრეთვე ამბობს: ”ჯერ ერთი, რეზინის ტყვია ცეცხლსასროლი იარაღი არ არის. სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც ჰქონდათ, რადგან აშკარად მოხდა თავდასხმა პოლიციის შენობაზე. მიუხედავად ამისა, პოლიციამ არც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, არც რეზინის ტყვიები.”

”ჯორჯიან ტაიმსი” კი მუხროვანის სამხედრო ნაწილთან დაკავშირებული ამბების შეფასებას სთხოვს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს. ის ამბობს: ”არ ვიცი, ინციდენტი იყო თუ სხვა რაღაცის გათამაშება. ტელევიზიებისა და გაზეთების საშუალებით მათ ახსნა-განმარტებას ვისმენ, რაც საბოლოოდ იმის საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს არც ამბოხება იყო და არც მისი მცდელობა. ეს სხვა რაღაც იყო, მაგრამ არ ვიცი - რა.”

”პირველ რიგში, მან უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი”, - ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე პრეზიდენტს ურჩევს ამგვარ აღიარებას: ”ამ აღიარებით დაიწყოს ხელისუფლების გაყოფა. მთავრობა უნდა გადასცეს ოპოზიციას. ეს გაყოფა ოპოზიციასთან ერთად კონსტიტუციურად გააფორმოს. ამას გარდა, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მან ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში ნორმალური პროცესების დაწყება იქნება შესაძლებელი.” - ნაციონალური მოძრაობის წევრ შალამბერიძეს ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG