Accessibility links

logo-print

უპრეცედენტო სკანდალი: გამოცდა ბრიტანეთის პარლამენტისთვის


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი

გერმანულად ამას "Schadenfreude" ჰქვია, ინგლისურად - "gloating". ტერმინი ნიშნავს სხვების გასაჭირით სიამოვნების მიღებას, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს კარგ ემოციას. მაგრამ ეს ემოცია უნივერსალური ხასიათისაა და ხშირად გასაგებიც არის - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გასაჭირი მეტ-ნაკლებად დამსახურებული გვეჩვენება. ჰოდა, ახლა, პარლამენტარიზმის სამშობლოდან - ბრიტანეთიდან - მიღებული ცნობების შემდეგ, სავარაუდოდ, უზბეკეთში სწორედ Schadenfreude-ს გრძნობენ, ბელორუსიაში კი - gloating-ს.
კომფორტი ზოგჯერ დიდ საგნებს უკავშირდებოდა - მაგალითად, სახლებს; ზოგჯერ კი - ფრიად ტრივიალურ ნივთებს, მაგალითად, ტუალეტის დასაჯდომებს...

უკანასკნელ წლებში დასავლეთის მთავრობებმა, მთელი ევრაზიის მასშტაბით, ბევრ ქვეყანას წაუკითხეს ლექციები იმის შესახებ, რომ აუცილებელია კორუფციის აღმოფხვრა. ამ დროს კი, როგორც ირკვევა, ბრიტანელი პარლამენტარები თურმე გადასახადების გადამხდელთა ფულს - და ზოგჯერ დიდ ფულს - თავიანთ პირად კომფორტზე ხარჯავდნენ. ეს კომფორტი ზოგჯერ დიდ საგნებს უკავშირდებოდა - მაგალითად, სახლებს; ზოგჯერ კი - ფრიად ტრივიალურ ნივთებს, მაგალითად, ტუალეტის დასაჯდომებს.

ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალია. ის მაშინ დაიწყო, როცა ”დეილი ტელეგრაფმა” - ავტორიტეტიანმა, სერიოზულმა კონსერვატორულმა გაზეთმა - ხელში ჩაიგდო დისკი, რომელზეც პარლამენტართა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იყო ჩაწერილი.

ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ფაქტებს და არა ბრალდებებს. ჩამონათვალი, თუ რომელი ხარჯების დაფარვა ითხოვეს პარლამენტარებმა გადამხდელთა ფულიდან, აბსოლუტურად ზუსტი იყო. გაზეთმა ინფორმაციის გამოქვეყნება ნელ-ნელა დაიწყო. და ყოველ ჯერზე ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა.

ზოგიერთი თხოვნა აღმაშფოთებელი იმის გამო იყო, რომ ძალიან დიდ თანხებს უკავშირდებოდა. ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე მდიდარი პირი უნდა იყოს ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, წლების განმავლობაში დაახლოებით 100,000 გირვანქა სტერლინგი ითხოვა მეორე სახლისთვის გამოტანილი სესხის დასაფარად. ამ დროს კი, ”დეილი ტელეგრაფის” თანახმად, ის მინიმუმ შვიდი სახლის მფლობელია.

სხვა შემთხვევებმა კი ტრივიალური, ბანალური ხასიათით გამოიწვია აღშფოთება. საინტერესოა, რა ამოძრავებდათ პარლამენტარებს, როდესაც ითხოვეს დაფინანსება ტამპონებისთვის, ტუალეტის დასაჯდომებისთვის, ბავშვის საფენებისთვის, ბავშვის ეტლებისთვის, გახეთქილი მილების შეკეთებისთვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძველებური სახლის გარშემო გაყვანილი თხრილის მოვლისთვისაც კი. ეს ყოველდღიური ხარჯებია, რომელსაც ყოველი ჩვენგანი პირადი შემოსავლიდან ფარავს, თუმცა, აი, თხრილის მოვლაზე ვერაფერს გეტყვით.

ყველაზე უარესი პუნქტები თაღლითობის ზღვარს უახლოვდებოდა და ზოგჯერ ამ ზღვარს კვეთდა კიდეც. მაგალითისთვის "flipping"-ად წოდებული პრაქტიკა ავიღოთ. პარლამენტარებს უფლება აქვთ მოიპოვონ დაფინანსება მეორე სახლისთვის, თუკი მათი პირველი სახლი შორს არის და იმისათვის, რომ პარლამენტარის ფუნქცია შეასრულონ, საცხოვრებელი ადგილი ესაჭიროებათ. ასეთ სიტუაციაში მათთვის დაფინანსების გამოყოფა სრულიად სამართლიანი ამბავია.

"flipping"-ი კი ეწოდება პრაქტიკას, როდესაც დაფინანსებას ერთის ნაცვლად რამდენიმე სახლისთვის ითხოვენ, მათთვის ”პირველის” და ”მეორის” სტატუსის შეცვლის ფორმით. ეს ბევრმა პარლამენტარმა გააკეთა. ერთ-ერთმა ამ ხერხს ოთხჯერ მიმართა და მეორე სახლის ხარჯების დასაფარად თითქმის 80,000 გირვანქა სტერლინგი მიიღო, შემდეგ კი გადამხდელთა ფულით შესყიდული სახლი 325,000 გირვანქა სტერლინგად გაყიდა და დიდი მოგებაც ნახა.

სკანდალის მეორე მახასიათებელი მისი მასშტაბია. საეჭვო ხარჯების დაფარვა ნათხოვნი აქვთ პარლამენტარებს კაბინეტიდან, მსხვილი და წვრილი პარტიებიდან. პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა 6,000 გირვანქა სტერლინგი ითხოვა თავისი ძმის ლონდონის ბინის მუდმივი დასუფთავებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაფინანსება ითხოვა პორნოგრაფიული ჟანრის ორი ფილმისთვის, რომელიც მისმა ქმარმა ტელევიზიით ნახა. ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია შინ ფეინიდან დეპუტატმა კი 500,000 გირვანქა სტერლინგი ითხოვა პარლამენტის იმ სხდომებზე დასასწრებად, რომელთაც ეს პარტია პრინციპულად არ ესწრება.

რამ განაპირობა ეს? როგორ მოხდა, რომ პოლიტიკოსების ქმედებებმა ასეთი მასშტაბის სკანდალამდე მიგვიყვანა? ნუთუ ისინი მართლა ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ქცევა მისაღები იქნებოდა?

ამ ყველაფრის ახსნა შესაძლებელია. პარლამენტარები თავად განსაზღვრავენ საკუთარ ხელფასს, საპარლამენტო კენჭისყრის მეშვეობით. მათ იციან, რომ, ამომრჩევლის აზრით, ისინი ზომიერ ხელფასებს უნდა იღებდნენ. ამიტომაც, მათ თავიანთ თავს ზომიერი ხელფასები დაუნიშნეს, ხოლო ხარჯების დასაფარად მასშტაბურ საპარლამენტო ფონდს მიაკითხეს.

თავდაპირველად, ალბათ, ამ ფონდიდან მცირე თანხებს ითხოვდნენ ხოლმე. მაგრამ თანდათანობით, სავარაუდოდ, სულ უფრო დიდი თანხების გამოტანა დაიწყეს, სულ უფრო საეჭვო საფუძვლებით. ბოლოს კი, როდესაც ”ტელეგრაფმა” შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, დაფინანსების მოთხოვნები სკანდალში გადაიზარდა.

ახლა ბრიტანეთში ხალხი აშკარად და ძალიან გაბრაზებულია. სულ უფრო მყარდება ისედაც გავრცელებული აზრი, რომ პარლამენტარები, უწინარესად, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. სავარაუდოდ, მომავალ თვეში დანიშნულ ევროპულ და ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლები ან მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ, ან, ლეიბორისტების, კონსერვატორებისა და ლიბერალების ნაცვლად, ხმას ნაკლები გავლენის მქონე, მათ შორის საკმაოდ უსიამოვნო, პარტიებს მისცემენ.

მანამდე კი ბრიტანეთის პარლამენტს - დემოკრატიული ტრადიციებისა და სიღრმისეული დებატების სავანეს - მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ის უნდა რეფორმირდეს, უარი უნდა თქვას იმ კორუფციულ პრაქტიკაზე, რომელშიც შეტოპა, და დაფინანსების გაცემის ახალი, გამჭვირვალე წესები შემოიღოს. ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო და ახლა, ალბათ, ამის გაკეთება ბევრად რთული იქნება. მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია - მსოფლიო გვიყურებს და ჩვენი გასაჭირით სიამოვნებას იღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG