Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდიჟანის სისხლისღვრა 4 წლის შემდეგაც გამოუძიებელი რჩება


უზბეკი სპეცრაზმელები ანდიჟანში 2005 წლის 14 მაისს
უზბეკი სპეცრაზმელები ანდიჟანში 2005 წლის 14 მაისს
იმას, რაც 4 წლის წინ, 2005 წლის 13 მაისს უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მოხდა, სხვადასხვა წყარო სხვადასხვაგვარად ასახავს. უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ასობით ადამიანი, უმეტესწილად უდანაშაულო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, როცა სამთავრობო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. ტაშკენტი კი აცხადებს, რომ ჯარისკაცები მოქმედებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მას შემდეგ, რაც ციხიდან გაქცეული პატიმრები შეერიენ დემონსტრაციას ანდიჟანის მთავარ მოედანზე. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: არასოდეს ჩატარებულა ანდიჟანის ტრაგედიის სრული და დამოუკიდებელი გამოძიება, რაც უფლებადამცველების მთავარ მოთხოვნად რჩება ოთხი წლის შემდეგაც.

ანდიჟანის ტრაგედიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით პროტესტის გამოთქმის მსურველებს გუშინ ტაშკენტში არ მიეცათ მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო უზბეკი უფლებადამცველი ელენა ურლაევა, რომელმაც ჩვენი რადიოს უზბეკურ სამსახურს უთხრა, რომ ისიც და სხვა აქტივისტებიც მილიციამ დააკავა ტაშკენტის ცენტრში შეკრებისთანავე, რის შემდეგაც დაკავებულები მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. “ ვაპირებდით მიტინგის მოწყობას “სამამაცის მონუმენტთან”. ჩვენი მოთხოვნაა, მართმსაჯულების წინაშე წარდგეს პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი მშვიდობიანი მოსახლეების დახვრეტის გამო”, ამბობს ურლაევა.

ანდიჟანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, 2005 წლის 15 მაისი
არა მარტო ტაშკენტში - ხელისუფლებამ მთელს უზბეკეთში იზრუნა იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გამართულიყო. თუმცა, 4 წლის წინანდელი ტრაგიკული ამბები მაინც კარგად ახსოვთ უზბეკებს. ჩვენი რადიოს უზბეკურ სამსახურთან ინტერვიუში ოიშამ, რომელმაც თავისი გვარის გამხელა არ ისურვა, გამოთქვა მოსაზრება, რომ ხალხი სწორად მოიქცა 2005 წელს ანდიჟანში დემონსტრაციაზე გასვლით. “აბა, რა უნდა ექნათ, თუ ქუჩაში არ გავიდოდნენ? ხალხს მობეზრდა! სულ ერთია, რამდენს სთხოვენ ხელისუფლებას, სიტუაცია არ იცვლება. ხალხს როცა ელაპარაკები, ხვდები, რომ უკვე აევსოთ მოთმინების ფიალა. როცა ხალხს მოთმინების ფიალა ევსება, ქუჩაში გადის,” - ასე ფიქრობს იძლევა ოიშა. უფრო ფრთხილ შეფასებას იძლევა ქალი, რომელმაც თავისი სახელის გამხელაზეც უარი თქვა: “ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ხალხი ისევ გავიდეს ქუჩაში. ამას ვინღა გაბედავს რიგითი უზბეკებიდან? ანდიჟანის მერე ხალხს ეშინია”...

გავლენიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” ანდიჟანის ტრაგედიის მეოთხე წლისთავამდე ერთი დღით ადრე, 12 მაისს გაავრცელა ღია წერილი მედიის მიმართ, წერილი, რომელშიც ყველას შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რომელიც თავიდანვე მოითხოვა ევროკავშირმა, დღემდე არ ჩატარებულა. “ამნესტი ინტერნეიშენალი” ბრუსელს მოუწოდებს, ყველა შესაძლო ზომას მიმართოს, რათა უზბეკეთის ხელისუფლები დაიყოლიოს სრულმასშტაბიან გამოძიებაზე, ევროკავშირს მოუწოდებს ასევე “მკაფიო საჯარო სიგნალი გაუგზავნოს” ტაშკენტს მინისტერიალზე, რომელიც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნის მონაწილეობით გაიმართება 29 მაისს.

სენატორი ჯონ მაკკეინი
ანდიჟანის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ვაშინგტონშიც. სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ნამყოფია უზბეკეთში ანდიჟანის სისხლისღვრის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, “შოკის მომგვრელი სამხილები”, რომლებიც მან 2005 წელს იხილა, ცხადყოფს: ვერსია, ანდიჟანის სისხლიღვრაზე უზბეკეთის ხელისუფლება რომ ავრცელებს, უბრალოდ, არასწორია. ამერიკელი სენატორი აცნობიერებს, რომ უზბეკეთი სტრატეგიული პარტნიორია აშშ-თვის, ავღანეთში მისი სამხედრო კამპანიის კონტექსტში. მაგრამ, მაკკეინის რწმენით, არ შეიძლება აშშ პრეზიდენტ ქარიმოვის კეთილ ნებაზე გახდეს დამოკიდებული, “არ შეიძლება არც დუმილი ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევის დროს, როგორიც უზბეკეთში ვიხილეთ”, აცხადებს მაკკეინი.

ანდიჟანის სისხლისღვრის შემდეგ შეერთებულ შტატებს არ შემოუღია სანქციები ტაშკენტის წინააღმდეგ - ევროკავშირისაგან განსხვავებით. თუმცა, მოგვიანებით ევროკავშირმა სანქციები შეარბილა - ევროპაში მოგზაურობის აკრძალვა მოუხსნა უზბეკ ლიდერებს, როგორც ბრიუსელში განმარტეს, მათს “წასახალისებლად”, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ევროპასთან. არაერთი უფლებადამცავი ორგანიზაცია გამოთქვამს შეფასებას, რომ ევროკავშირი ტაშკენტთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და კომერციულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ანდიჟანის პრობლემას.
XS
SM
MD
LG