Accessibility links

ეუთომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა საქართველოს საკითხზე მოლაპარაკება


ეუთოს ვენის შტაბბინა

ეუთოს ვენის შტაბბინა

ეუთოს მეთვალყურეები საქართველოს 30 ივნისს დატოვებენ - ჯერჯერობით ასეთია კრემლის ძალისხმევის შედეგი. მოსკოვმა თავისი გაიტანა და 13 მაისს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაბლოკა ეუთოს მისიის საქართველოში შენარჩუნების პერსპექტივა. 14-ში კი ეუთომ გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტოს მოლაპარაკება საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ ვენაში გამოაცხადა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ორგანიზაციაში საბერძნეთის ელჩმა მარა მარინაკიმ. მან დასძინა, რომ საბერძნეთის 8 მაისის წინადადება ძალაში რჩება და ეუთოს წევრ 56-ვე ქვეყანას მოუწოდა, ამ საკითხში მტკიცე პოლიტიკური ნება გამოიჩინონ.

დორა ბაკოიანისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე წლის მარტში, თბილისში
"სიმართლე ის არის, რომ სიტუაცია არასტაბილურია. ყურადღება უნდა გამახვილდეს არსებულ საფრთხეებზე და პრობლემებზე... ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ეხება არა მხოლოდ რეგიონში ეუთოს ყოფნას, არამედ - მთელს სამშვიდობო პროცესს. თუ ეუთო საქართველოდან გავა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეექმნას ჟენევის პროცესს”, - ეს სიტყვები ეკუთვნის ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დორა ბაკოიანისს, რომელმაც საქართველოში ორგანიზაციის მისიის შენარჩუნებაზე აქტიური ზრუნვა დაიწყო პოსტზე მოსვლის პირველივე დღიდან, 1 იანვრიდან. მას შემდეგ, რაც შარშან, 22 დეკემბერს, ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის ძველებური სახით გაგრძელებას რუსეთმა პირველი ვეტო დაადო, ბაკოიანისი ცდილობდა მხარეებისთვის თანაბრად მისაღები გამოსავლისთვის მიეგნო. აქვე გავიხსენოთ, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის ამოქმედებას ითხოვდა; ხოლო თბილისი თანახმა არ იყო, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა მისია.

დაახლოებით ხუთთვიანი მუშაობის პროცესში, ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ მხარეებს საკითხის "ნეიტრალურსტატუსიანი" ფორმულირება შესთავაზა: პროექტი, რომელშიც არც საქართველო იყო ნახსენები და არც სამხრეთი ოსეთი. თბილისმა წინადადება მიიღო. მოსკოვისთვის კი არც ამგვარი მიდგომა აღმოჩნდა საკმარისი და, როგორც აღვნიშნეთ, 13 მაისს კრემლმა ეს პროექტი დაბლოკა.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის ანდრო ბარნოვისთვის აშკარაა, რომ დასავლეთთან დაპირისპირებით რუსეთი "ტკბობას განიცდის": "რუსეთმა თითქოს აღმოაჩინა, რომ (სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ასე იქცევიან ისინი) მას ჰყავს მოწინააღმდეგეები მსოფლიოში და ახლა ყველაზე რადიკალური ფორმებით ცდილობს, რომ მათთან ეს კონფრონტაციული რეჟიმი შეინარჩუნოს."

ეს აშკარა კონფრონტაცია თანდათან ცივი ომის რეჟიმში გადაიზრდებაო - ფიქრობს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი და დასძენს, რომ "ცივი ომის გაფორმებაში წვლილს საქართველოს საკითხიც შეიტანს". რაც შეეხება უფრო ახლო პერსპექტივას, ანუ რეალობას, რომლის წინაშეც საქართველო 30 ივნისის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, სესიაშვილი თვლის, რომ, ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის დაბლოკვით, რუსეთმა კონფლიქტურ რეგიონში "საფრთხეები გაზარდა": "როცა ნაკლებია საერთაშორისო მეთვალყურეობა, მით უფრო მეტია რისკი, რომ მხარეებმა მიმართონ პროვოკაციულ ნაბიჯებს. ამიტომ იყო საჭირო, რომ ჩვენ გარკვეულ ფორმულირებებზე თვალი დაგვეხუჭა იმის სანაცვლოდ, რომ იქ შესულიყვნენ ეუთოს დამკვირვებლები და ამით გარკვეული საერთაშორისო-პოლიტიკური კონტროლი განხორციელებულიყო სიტუაციაზე, რაც პრევენციულად იმოქმედებდა პროვოკაციებზე."

მარა მარინაკი
რუსეთის ვეტოს გამო, მეთვალყურეთა მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვა ამ ეტაპზე შეჩერებულია და ამას ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, საბერძნეთის ელჩი მარა მარინაკიც ადასტურებს. მისი თქმით, რეგიონში ეუთოს კიდევ უფრო მეტი - და არა ნაკლები - აქტიურობა ჰმართებს. მარინაკი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მაინც მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოვლენილი მტკიცე პოლიტიკური ნების დახმარებით. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტას, კონსენსუსის პრინციპიდან გამომდინარე, რუსეთის კეთილი ნებაც ესაჭიროება, თბილისს ეეჭვება, რომ საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის შენარჩუნება მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG