Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირონია - დედამიწის მიზიდულობის გადალახვის გზა


პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც ირანის პრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ამათრახებს
პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც ირანის პრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ამათრახებს

სატირა მანკიერ სინამდვილესთან იდეალის დაპირისპირებაა - ასეთია ფრიდრიხ შილერის განმარტება.

სატირას შეიძლება ჰქონდეს პოლემისტური, აღმზრდელობითი, გასართობი დანიშნულება, მაგრამ ყველა შემთხვევაში რჩება სატირად, რომელიც ჰიპერბოლას - გადაჭარბებას - იყენებს და წინააღმდეგობრიობასა და ფასეულობებს უპირისპირებს ერთმანეთს. სატირა მეტ-ნაკლებად ყველა საზოგადოებაში არსებობს. ზოგან მას გაგებით ეკიდებიან, ზოგან ებრძვიან. სატირას აქვს კანონებიც, რომელთა დარღვევაზეცაა დამოკიდებული, თუ რა დოზის რისხვა დაატყდება თავს სატირიკოსს თავისი სამიზნეებისგან. ჩვენ დღეს ორ სატირიკოსზე ვისაუბრებთ, ორივე პოლიტიკურ სატირას მიმართავს, მაგრამ სრულიად განსხვავებული წარსულისა და აწყმოს მქონე საზოგადოებას განეკუთვნება. საუბარი უკრაინელი სატირიკოსით დავიწყოთ და მერე გადავიდეთ ან გზადაგზა შევადაროთ ერმანეთს ის და ირანელი, ემიგრაციაში მცხოვრები სატირიკოსი ებრაჰიმ ნაბავი. თუმცა ორივეს ამსგავსებს ის, რომ ირანში ახლა საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინია და უკრაინელმა დმიტრი ჩეკალკინმაც სახელი გაითქვა 2004 წლის საპრეზიდენიო არჩევნებისას, რასაც მოჰყვა “ნარინჯისფერ რევოლუციად” წოდებული მოვლენები უკრაინაში. ჩემს ქვეყანაში პოლიტიკურ სატირას დიდი ტრადიცია არა აქვსო, ამბობს ჩეკალკინი. საბჭოთა დროს კი იყო რაღაც ამის მსგავსი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების კონტროლის ქვეშო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ჩეკალკინი იხსენებს საბჭოთა დროს პოპულარულ მიხაილ ჟვანეცკის, რომლის ნაამბობზე ყველა იცინოდა - კამჩატკიდან ბრესტამდე, თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ჟვანეცკი ბრეჟნევს მოსწონდა და ამიტომაც ჰქონდა უფლება ემუშავა:

“მას უფლება ჰქონდა შეხებოდა რთულ თემებს, რადგან ბრეჟნევს მოსწონდა მისი სკეტჩები. ყველაფერი სრულად კონტროლდებოდა. პოლიტიკური ელიტა აკონტროლებდა სატირის დონეს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, როცა რადიოს ხმას ვუწევთ ხოლმე. ეს არ იყო აზრის თავისუფალი გამოხატვა. იგივე გაგრძელდა კუჩმას დროს. ერთადერთ უკრაინულ გაზეთს, რომელსაც ლეონიდ კუჩმას კარიკატურების ბეჭდვის ნება დართეს, იყო ინგლისურენოვანი "კიევ პოსტი". მის ამერიკელ გამომცემელს, რომელსაც მალვა უწევდა ხოლმე და ხანდახან ვიზას არ აძლევდნენ, სტამბები გაზეთის ბეჭდვაზე უარს ეუბნებოდნენ. მე მაშინ “კიევსკიე ვედომოსტის” მედიაჰოლდინგის დირექტორი ვიყავი და ამ მხრივ ვეხმარებოდი. ნამდვილი სატირა გამოჩნდა 2004 წელს, როცა დავიწყეთ "მხიარული კვერცხების" პროექტი - მას მერე, რაც ვიქტორ იანუკოვიჩს ივანო-ფრანკოვსკში კვერცხი ესროლეს და დაეცა. ეს იყო, ალბათ, პასუხი განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოებისა ხელისუფლების მცდელობაზე, არჩევნები ერთი კანდიდატით გაემართა.”

მაშინ, ერთ-ერთი გამოკითხვითო, გვიამბობს ჩეკალკინი, ვიქტორ იუშჩენკოს 60 პროცენტი უჭერდა მხარს, მაგრამ მხოლოდ 15 პროცენტს სჯეროდა მისი გამარჯვების, ანუ ეს იყო ხანა საკუთარი ძალებისადმი სრული უნდობლობისა და აპათიისა ხალხში. იუმორი შიშისა და აპათიის გადალახვის ერთ-ერთი საშუალებაა და სრული ძალით შევუდექით მის გამოყენებასო:

დმიტრი ჩეკალკინი
“2004 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, “2004 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, ჩვენი თოჯინებითა და პოლიტიკურ-სატირული სიმღერებით მოვიარეთ უკრაინის 80 ქალაქი. უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა მთელი უკრაინიდან. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ მიეცათ შესაძლებლობა ეცინათ და ასე გადაელახათ შიში და აპათია.”

ზემოთ გითხარით, ირანელ სატირიკოსზეც ვილაპარაკებთ-მეთქი. ჩვენმა კორესპონდენტმა დმიტრი ჩეკალკინს მიმართა შეკითხვით, რომელიც, ცხადია, უფრო მეტად ებრაჰიმ ნაბავის შეეფერება, ამჟამად ბელგიაში მცხოვრებ ემიგრანტს, ციხეშიც რომ მოხვდა პოლიტიკური აქტიურობისთვის, დამუქრებია თუ არა მას ვინმე ან უგრძვნია თუ არა რეალური საფრთხე სატირის გამო.

“დამმუქრებიან, მაგრამ ეს იყო ანონიმური მუქარა. გამიგია ჩემს მიმართ კრიტიკაც. 2004 წელს ლაყე კვერცხებით მომითხვარეს კარი. ხანდახან, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს ვხვდებით, უსიამოვნო სიტყვების გაცვლა-გამოცვლაც გვიწევს ხოლმე. ისე, პირდაპირ არავინ დამმუქრებია და, მადლობა ღმერთს, არც არავის განუხორციელებია მუქარა.”

ირანელი სატირიკოსი, ბელგიაში ემიგრირებული ებრაჰიმ ნაბავი, გვიამბობს, თუ როგორ გაეხუმრა ის მათ, ვინც დაიჭირა და ყოველდღიურად ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო აკრძალული პარტიის, “თავისუფლების მოძრაობის”, შესახებ:

“გამომძიებელი მოითხოვდა მიმეცა ინფორმაცია “თავისუფლების მოძრაობის” შესახებ. მე ვეუბნებოდი: ინფორმაცია არა მაქვს-მეთქი. ის თავისას იმეორებდა, უნდა გქონდეს, ისინი ხომ შენი მეგობრები არიანო. ბოლოს ვუთხარი: მომისმინე, თქვენ დამაპატიმრეთ, რადგან გგონიათ, რომ ”თავისუფლების მოძრაობის” მომხრე ვარ. მაგრამ ამ პარტიის ყველა ლიდერი თავისუფალია. რატომ მოხდა ასე, რომ ისინი თავისუფლები არიან, მე კი, მათი მომხრე, ციხეში ვზივარ? რატომ მათაც არ აპატიმრებთ, მხოლოდ მე რატომ დამიჭირეთ-მეთქი?”

ასეა ირანში. მაგრამ ჩვენ ისევ უკრაინას მივუბრუნდეთ, სადაც ახლა, ირანის მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებს მოელიან და სადაც დმიტრი ჩეკალკინს ახალი თემები უნდა ჰქონდეს. ადრე ის იმ პოლიტიკოსებს უჭერდა მხარს, რომლებიც ამჟამად ერთმანეთის კონკურენტები არიან. საინტერესოა, თუ ხედავს კვლავ საზრდოს თავისი სატირისთვის.

“დაცინვის ღირსი ყველაა. მე ხალხს მუდამ შევახსენებ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და კუბა, სადაც ხალხი პოლიტიკურ კერპებს ეთაყვანება, ადამიანები სიღარიბესა და საშინელ პირობებში ცხოვრობენ. იმ ქვეყნებში კი, სადაც პოლიტიკა მასმედიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, სადაც პოლიტიკოსები სატირის სუბიექტები არიან, ხალხის ცხოვრების დონე მაღალია. ასეა ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, რომლებშიც პოლიტიკური სატირა პოლიტიკური და საინფორმაციო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.”

რესპონდენტს არ უთქვამს კონკრეტულად, რომელი პოლიტიკოსი რა კატეგორიის სატირის საფუძველს იძლევა. მან მხოლოდ იანუკოვიჩზე ილაპარაკა, პრორუსულ უკრაინელ პოლიტიკოსზე. მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ.

მინდა გაგაცნოთ ირანელი სატირიკოსის ნათქვამი ამ ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადზე, რომელიც, ნაბავის თქმით, უკვე თავისი ქმედებით იძლევა დაცინვის საბაბს. მისივე თქმით, როცა ჟენევაში ირანის პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზი დამსწრეთა 30-მა პროცენტმა დატოვა, ირანში ეს გამარჯვებად ჩათვალეს, განა ეს არ არის სალაღობო? - ამბობს ნაბავი, რომელიც ირანის რეფორმისტული მიმართულების პოლიტიკოსების მომხრეა და მათაც თავისი სატირის ობიექტებად მიიჩნევს, თუმცა მთავარი სატირული მახვილი მიმართული აქვს აჰმადინეჟადისკენ, რომელიც, მისი თქმით, თავისი ქმედებითა და გამონათქვამებით, თავადვე აძლევს სატირიკოსს მასალას დაცინვისთვის:

“მხოლოდ ლაპარაკიც საკმარისია პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ქცევის შესახებ, არაა აუცილებელი მასზე სტატიის დაწერა. ხალხს მასზე სერიოზული ლაპარაკიც კი აცინებს.”

რომელი ირანელი პოლიტიკოსია ნაბავის შთაგონების მთავარი წყარო?

“რომელი? არა მხოლოდ მამაკაცი, ქალიც იყო ასეთი. როცა ფატემეჰ რაჯაბი სალაპარაკოდ პირს გააღებს, სატირის ისტორია მაშინ იწყება.”

ფატემეჰ რაჯაბი მკაცრი ხაზის მომხრე ჟურნალისტია, ავტორი წიგნისა ირანის პრეზიდენტზე, სახელწოდებით “აჰმადინეჟადი: მესამე ათასწლეულის საოცრება”. ის რეფორმისტებს კორუფციასა და ზედმეტ ლიბერალობაში ადანაშაულებს. მანვე თქვა ხათამიზე, როცა ის აშშ-ს სტუმრობდა, პატივაყრილია ამის გამოო. რაც შეეხება უკრაინელ სატირიკოსს, სალაღობოს ის ბევრს პოულობს “პროფესორში”, როგორც უწოდებენ დაცინვით იანუკოვიჩს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც თავის გამოსვლებში უამრავი ენობრივი შეცდომა დაუშვა და რომელიც, არის რა ეკონომიკის პროფესორი, ამა და, მით უფრო, სხვა სფეროში საუბრისას უზუსტობებით გამოირჩევა.

“მთელი საზოგადოებისთვის გამოწვევაა, როცა ასეთი პირი უმაღლეს თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებს. უკრაინის კანონით, მას არმიაში სამსახურის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქვს პრეტენზია პრეზიდენტობასა და არმიის მთავარსარდლობაზე. სამწუხაროდ, კვლავ რეალურია მისი შანსი, ჩაერთოს არჩევნებში. ასე რომ, ამ ქვეყანაში ის კვლავაც დარჩება პოლიტიკური სატირის მთავარ საგნად.”

უკრაინაში ”მხიარული კვერცხების” სატირული პროექტის გაგრძელება ჩეკალკინის ხელშია. სატირიკოსი ებრაჰიმ ნაბავი კი ირანში დაბრუნებაზე ოცნებობს და ამბობს, ამ ქვეყანაში არჩევნების ბედი ბოლო თვეში წყდება, ბევრი რამის გარკვევა ბოლო კვირაში ხდებაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG