Accessibility links

logo-print

ედუარდ კოკოითის მისი ოპოზიცონერები ზეწოლაში ადანაშაულებენ


ედუარდ კოკოითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად

ედუარდ კოკოითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა ედუარდ კოკოითი ავტორიტარიზმში, არჩევნების გაყალბების მცდელობასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში დაადანაშაულეს. ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელმა“ გამოაქვეყნა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლეგ თეზიევის, განცხადება იმის შესახებ, რომ კოკოითის ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად ამომრჩეველთა რაოდენობა 17 ათასიდან 62 ათასამდე გაზარდა. ადგილობრივ მასმედიას არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ საკუთარი მოსაზრებები ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვიაჩესლავ გობოზოვმაც გაუზიარა. მისი განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისთვის ადამიანების დევნა, არჩევნების სკანდალებით ჩატარება და მისი ფარსად გადაქცევა იმის საფუძველი იქნება, რომ სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოდ აღარავინ ცნობს. ამ განცხადების შემდეგ ვიაჩესლავ გობოზოვი ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის, შემდეგ კი - სასამართლოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო მარათონს გამოთიშეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ გასული 5 წლის განმავლობაში მას ოსეთში არ უცხოვრია. თავად გობოზოვი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჯერ რუსეთის, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს მიღმა დარჩა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, სახალხო პარტიის ლიდერი როლანდ ქელეხსაევი. ის ედუარდ კოკოითის მიერ ცოტა ხნის წინ დაარსებული „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებმა თანამდებობიდან გადააყენეს და სახალხო პარტიის საარჩევნო სიაში თავად ჩაეწერნენ. ეს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც ქელეხსაევმა უკვე სასამართლოში უჩივლა. ამ ფაქტის გამო, ედუარდ კოკოითიმ იუსტიციის სამინისტროს „მხოლოდ ქაღალდზე არსებული პარტიების“ კონტროლის გამკაცრება მოსთხოვა. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაშინ როდესაც ეს ზოგიერთებს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. ცხინვალში განვითარებული ამ პროცესების შეფასებისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „გაეროს ასოციაციის“ ხელმძღვანელმა მალხაზ მინდიაშვილმა მითხრა, რომ ედუარდ კოკოითი საკუთარი ხალხის პარლამენტში შეყვანას სხვადასხვა პარტიიდან ცდილობს, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად მმართველი პარტია „ედინსტვოს“ რეიტინგი საკმაოდ დაბალია. პრეზიდენტად მესამე ვადით ასარჩევად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი კოკოითის საკუთარი საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება. 31 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. არჩევნებში მონაწილე 4 პარტიის კანდიდატები 34 მანდატისთვის იბრძოლებენ და წარმატების მისაღწევად 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG