Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში გაგრძელდება დიალოგი?


ხელისუფლება ოპოზიციას "პოლიტიკური კონსულტაციების ახალ სერიას" სთავაზობს იმ ხუთი პუნქტის გარშემო, რომლებიც 11 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააცნო ფართო საზოგადოებას. პროცესი მომავალი კვირიდან უნდა განახლდეს და მასში ჩართვისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებას თავად მიხეილ სააკაშვილი. საპროტესტო აქციების გაგრძელების პარალელურად ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა მათ საკუთარი მოთხოვნები აქვთ. რა შემთხვევაში გაგრძელდება დიალოგი ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის?

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს საკმაო დრო და ენერგია დასჭირდათ ხალხის დასარწმუნებლად იმაში, რომ კოსტავას გამზირიდან საკნების აღება და გზის გახსნა უკან გადადგმულ ნაბიჯად არ უნდა აღქმულიყო და რომ ეს მხოლოდ მძღოლებისთვის დისკომფორტის მოსახსნელად იყო საჭირო. პროტესტის მონაწილეთა ყოყმანის დაძლევა ხუთშაბათს შუაღამისას მოხერხდა, რის შემდეგაც საკნებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ტროტუარებზე გადაინაცვლა, ხოლო კოსტავას გამზირი ოპოზიციის აქტივისტების ხელით დასუფთავდა. ამის მიუხედავად, გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება და ”სირცხვილის დერეფნის” პრაქტიკა, რომლის გაშუქებასაც, პარასკევს გავრცელებული განცხადებების მიხედვით, უკვე აღარ აპირებს ”რუსთავი 2”, ტელეკომპანია ”იმედი” და თავად ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

საპროტესტო აქცია გრძელდება რუსთაველის გამზირზეც, პარლამენტის შენობის წინ, და ხალხის მხრიდან პროტესტის გამოხატვის აუცილებლობასთან მიმართებით არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი ერთიან პოზიციას ინარჩუნებს. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი ასევე ერთგული რჩება დიალოგის პროცესისადმი, რასაც თავის გამოსვლებში მუდმივად უსვამს ხაზს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია: ”ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. ამასთან ერთად, ჩვენ შევდივართ, ბუნებრივია, ახალ ეტაპზე. მოლაპარაკებების სტადია დაიწყო, ორი შეხვედრა შედგა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება.”
ირაკლი ალასანიას მიერ დასახელებული ორი შეხვედრიდან ერთს პრეზიდენტი მასპინძლობდა, ხოლო მეორეს პარლამენტის თავმჯდომარე.

მაგრამ როგორ და რა ფორმით უნდა გაგრძელდეს დიალოგი?

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ 15 მაისს გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების საპარლამენტო შტო ოპოზიციას ერთობლივ მუშაობას, ძირითადად, იმ მიმართულებებით სთავაზობს, რომლებიც 11 მაისს გახდა ცნობილი. განსაკუთრებული აქცენტი უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას, რომლის თავმჯდომარეობაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენელს შესთავაზა: ”უმრავლესობა და, მათ შორის, პირადად მე, მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევიმუშაოთ კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ უნდა შესრულდეს ხელისუფლების მიერ წამოყენებული 5-პუნქტიანი გეგმა. თუ ამ პროცესში ოპოზიციას ექნება დამატებითი ინიციატივები, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ დამატებითი ინიციატივებიც. ამიტომ მე ვთავაზობ, რომ მომავალი კვირიდან დავიწყოთ პოლიტიკური კონსულტაციების ახალი სერია, სადაც განვიხილავთ კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთავაზებული რეფორმების განხორციელება. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, შეეხება საკონსტიტუციო კომისიის შექმნას.”

პრიორიტეტების ამგვარად დალაგებას არასერიოზულად და უშედეგოდ მიიჩნევს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ლიდერები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამით სამომავლო პოზიციების გამყარებას ცდილობს და რომ ქვეყნისთვის აუცილებელი სისტემური ცვლილებები სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლით უნდა დაიწყოს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, აზრით, მოლაპარაკებათა წარმატებისთვის ხელისუფლებამ ჯერ ის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რასაც ხანგრძლივი განხილვა არ სჭირდება. ვთქვათ, თანამდებობიდან გადააყენოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი: ”პერსონალური ცვლილებების ფონზე, ბუნებრივია, წინ წავიდოდით და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არჩევნებზე შევძლებდით საუბარს. ახლა საუბრის დაწყება საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელსაც არ ვიცით, რა დრო სჭირდება და რა ვადებში უნდა მიიღოს კონსტიტუციის ახალი პროექტი პარლამენტმა და როცა პარლამენტის ოთხ მეხუთედს ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, ასეთ ვითარებაში ეს არ არის სერიოზული.”

დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია მალე შეძლებს ხელისუფლებას საპასუხო წინადადებები შესთავაზოს. ეს იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ”შეთავაზებული წინადადებების დაკონკრეტება, ვადების მითითებითა და პერსონალიებზე აქცენტირებით.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG