Accessibility links

logo-print

დენის კორბოი: "საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტინქტი აქვს"


დენის კორბოი სტუმრად რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში

დენის კორბოი სტუმრად რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში

7 მაისს "ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით "რუსეთით გამოცდა". სტატიას ხელს აწერს სამი ყოფილი ელჩი: საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი - დენის კორბოი და საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები: კენეთ იალოვიცი და უილიამ კორტნი. დენის კორბოი დღეს ლონდონის "კინგს კოლეჯში" კავკასიის პოლიტიკის სკოლას ხელმძღვანელობს, კენეთ იალოვიცი სათავეში უდგას დარტმუთის კოლეჯის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტს. თავის ორ კოლეგასთან ერთად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურად აკვირდება უილიამ კორტნიც. ამჟამად დენის კორბოი რამდენიმე დღით საქართველოში იმყოფება კერძო ვიზიტით. ხუთშაბათს ის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ეწვია. ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ საქართველოში არასაკმარისად აფასებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს. თუმცა, ერთი კვირის წინ მოსაზრების გამოქვეყნების მიზანი, როგორც ის ამბობს, უფრო დასავლეთის გამოფხიზლება იყო, განსაკუთრებული აქცენტით ივლისის დასაწყისისთვის დაგეგმილ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთა შეხვედრაზე. დენის კორბოის ნინო გელაშვილი ესაუბრა.

- ბატონო კორბოი, რამ მოგცათ იმპულსი სამ ყოფილ ელჩს ერთი კვირის წინ "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოგექვეყნებინათ მოსაზრება რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ?

- ყველა მინიშნებისა და მტკიცებულების ყოველდღიურმა შეჯერებამ და ანალიზმა დაგვანახა საჭიროება, აგვეტეხა განგაში იმის გამო, რომ, ვფიქრობთ - რუსეთი, შესაძლოა, მორიგი კონფლიქტისთვის ემზადებოდეს. ეს მოხდება მაშინ, როცა რუსეთისთვის მოხერხებული იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულის მეორე ნახევრისთვის მოხდეს. ნეტავ, ვცდებოდეთ, მაგრამ, იმდენად შეგვაშფოთა ფაქტების შეჯერების შედეგმა, რომ გადავწყვიტეთ, დაგვეწერა გზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ჩვენგანი დღეს კერძო პირები ვართ, ამ საკითხზე აუცილებელი იყო გამოგვეხატა შეშფოთება, რომელიც გასულ კვირაში, "ნიუ იორკ ტაიმსში" წერილის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა.

- რამ გამოიწვია ეს გამძაფრება?

- საფრთხის ნიშნები იზრდება. გეცოდინებათ, რომ რუსეთის ჯარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან დგას. ამასთან, შეიარაღება, რომელიც მათ აქვთ, არა - საზღვრის დაცვის, არამედ უფრო საბრძოლო შეიარაღებაა. თუკი შევხედავთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განლაგებას, შევნიშნავთ ისეთი სახის ტექნიკას, რომელიც უცნაურად გვეჩვენება. ამას ემატება რიტორიკა, რაც გამოიხატება ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ეგიდით მიმდინარე სწავლებისგან რუსეთის მიმართ საფრთხის გაზვიადებით (რუსეთმა კარგად იცის, რომ ეს არის ყოველწლიური მოვლენა და მისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს), აგრეთვე "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენით (ეს არის ნებაყოფლობითი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ვიზები, ვაჭრობა, მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას). ის, რაც დიდად გვაშფოთებს, არის, რომ რიტორიკა ერთსა და იმავე თემებს უკავშირდება. ერთსა და იმავე დღეს ნახავთ ნატოში რუსეთის ელჩის სტატიას ერთ გაზეთში, სხვაგან ამასვე ნახავთ პუტინის ინტერვიუში, რომელსაც ის აძლევს, მაგალითად, იაპონელ ჟურნალისტებს, წააწყდებით იმავე ამბავს მედვედევის კომენტარებში. როდესაც ამ ყველაფერს შეაჯერებ, შემაშფოთებელ ვითარებას მიიღებ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, შესაძლოა, კარგად არ ესმოდეს არსებული საფრთხე. ერთი რამის თქმა კი დაბეჯითებით შემიძლია - როცა საქართველოში არსებულ შიდა კრიზისს უყურებ, ხვდები, რომ ხალხს აქ არ ესმის, რომ საქართველო დღეს შეიძლება იდგეს (და, ჩვენი აზრით, ასეც არის) ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე, რაც კი 1991 წლიდან - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - ჰქონია. ჩვენმა ანალიზმა დაგვანახა, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი რეგიონში არ არის ის, თითქოს მას სურდეს აჩვენოს ყოფილი საბჭოთა სივრცის ამ ნაწილზე ზეგავლენის საკითხში თავისი უპირატესი ინტერესი.

- მაშ, რა არის მიზანი?

- ჩვენი შეფასებით, რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, გააკონტროლოს ენერგეტიკა კასპიის ზღვის ორივე მხარეს და ჰქონდეს პოლიტიკური ვეტოს საშუალება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის სფეროში. მომავალ კვირაში აშშ-ის სხვა გამოცემებისკენაც მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას. და გეტყვით, რატომ - როდესაც პრეზიდენტი ობამა მუშაობს რუსეთთან ურთიერთობის "ხელახლა დატვირთვაზე" (კერძოდ კი ვგულისხმობთ 6-8 ივლისისთვის მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრას), რუსეთისთვის უნდა გაივლოს "წითელი ხაზი" საქართველოში ვითარების მანიპულაციასთან მიმართებით, რამაც შეიძლება ახალ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. "ხელახალი დატვირთვის" ღილაკის კონტექსტში ეს საკითხი, ბუნებრივია, არ დგას ყველაზე კრიტიკულ საკითხთა რიგში, როგორებიცაა - პაკისტანი, ავღანეთი, ბირთვული განიარაღება, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი კორეა. ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ისინი გამოიყენოს სავაჭროდ იმისთვის, რომ აღადგინოს კონტროლი თავის ყოფილ ტერიტორიებზე. სწორედ ამიტომ ვცემთ განგაშის ზარს და გვინდა, ჩვენი ხმა გავაგონოთ როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპის დედაქალაქებში. მინდა, აგრეთვე, ვთქვა: მრჩება შთაბეჭდილება, რომ საშიშროება, რომლის წინაშეც საქართველო დგას, აქაც - თბილისშიც - არ არის ბოლომდე გააზრებული.

- თქვენ ახსენეთ "წითელი ხაზი". რას მიიღებს პასუხად რუსეთი, თუკი გადაკვეთს ამ "წითელ ხაზს"? რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს?

- რუსეთს სრულიად ნათლად უნდა გააგებინონ, რომ ”წითელი ხაზის” გადაკვეთის შემთხვევაში "ხელახალი დატვირთვის" ღილაკი ვეღარ იმუშავებს. ძალიან რთული საქმეა საქართველოს საკითხის ასეთ ხარისხში აყვანა, მაგრამ, რუსეთმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ თუ ის გადაწყვეტს, რომ ამ ზაფხულს შეუძლია წავიდეს მორიგ "ავანტურაზე" საქართველოში, მას მოუწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა, ვიდრე შარშან აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისთვის გადაიხადა.

- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთის მიერ გადახდილი საფასური არ იყო სათანადოდ მაღალი?

- მოდით, ნუ დავუბრუდებით აგვისტოს მოვლენების ფესვებს, რადგან მე მათ ვაფასებ, როგორც ნელი სიჩქარით მიმავალი მატარებლის კატასტროფას. მაშინ ხომ წინასწარ იყო ცნობილი პოზიციები, ყველამ ვიცოდით საფრთხეების შესახებ, ყველამ იცოდა, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებდა, ცნობილი იყო სირთულეებიც, რომელთა წინაშეც ქართული სოფლები იდგა და ა.შ. ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ისე, როგორც მოხდა. ბრალდებების წაყენება ჩემი საქმე არ არის. თუმცა, მახსოვს, რომ მანამდეც, 2006-ში, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იყო და შარშან მათ მისი განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. მგონია, რომ, ვინც უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, ასე თუ ისე, ასეთი ომი მოხდებოდა. რუსეთისთვის დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს მსგავსი წინაპირობების გამონახვა მაშინ, როცა მისი ჯარი საზღვრებზე დგას, მცირე ინციდენტები ყოველდღე ხდება. ძალიან იოლად შეიძლება, რომ ინციდენტები მოხდეს არა აფხაზებთან, ან ოსებთან, არამედ რუს სამხედროებთან. მათთვის იდეალური იქნება, თუ საქართველოს მორიგ კონფლიქტში ჩაბმაში დაადანაშაულებენ. შექმნილ ვითარებაში ისინი შეეცდებიან ამის გაკეთებას. ჩვენს მიერ განგაშის ატეხის მიზანია, შევახსენოთ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით - ვაშინგტონში, რომ ეს საკითხი "ხელახალი დატვირთვის" ღილაკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპისა და ამერიკის პოლიტიკის მიმართულებად დავსახეთ დამოუკიდებელი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დაცვა და, თუ შესაძლებელია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები საქართველოს უსაფრთხოების მეტად დასაცავად.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთიდან მომდინარე საშიშროება სათანადოდ არ არის შეფასებული საქართველოში. რატომ ფიქრობთ ასე? ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს ამაზე. ომის შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიან დამოკიდებულებას გამოხატავდნენ რუსეთის მიმართ...

- ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ვფიქრობ, ხალხი არ აღიარებს, რომ ეს საფრთხე არსებობს. იცით რა, ჩვენს მიერ საშიშროების შეფასების მიხედვით (ბევრი გვეთანხმება ამაში), და თუ ჩვენ არ ვცდებით, საქართველოში არ უნდა რჩებოდეს სივრცე შიდა ორომტრიალისთვის და მოწმე უნდა ვიყოთ საკითხების სახელმწიფოებრივი მოგვარებისა. პირველ ყოვლისა, კაცი უნდა ფიქრობდეს ქვეყანაზე, არა - ცალკეულ პარტიასა თუ ცალკეულ ამბიციაზე. რაც უნდა ითქვას პრეზიდენტის რეჟიმზე, რა არის ალტერნატივა? არარეალისტურია პოლიტიკა, როცა ამბობ - არ დაველაპარაკებით ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ვიდრე არ გადადგებაო. ამასთან, ზუსტად არ ეუბნები ხალხს, რას სთავაზობ სანაცვლოდ, რა სახის მთავრობით ჩაანაცვლებ არსებულს. ეს არ არის დემოკრატიული პოლიტიკა. ასევე გვაღელვებს საქართველოს ტრადიცია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ორი პრეზიდენტი ქუჩის მოვლენებით შეიცვალა. ვიმედოვნებთ, რომ ეს აღარ განმეორდება.

- მაგრამ, არსებობს გარკვეული პრობლემები, რასაც ეს ადამიანები აპროტესტებენ. ამას აქვს გარკვეული მიზეზები. ამბობთ, რომ ერთ ძალას არ სურს არჩეულ პრეზიდენტთან საუბარი, მაგრამ, თუ არ არის ნდობა, თუ პროტესტის მონაწილეებს არ სჯერათ, რომ ამ მთავრობას შეუძლია რაიმეს შეცვლა? მაინტერესებს თქვენი შეფასება - ცვლილებების რა პოტენციალს ხედავთ დღევანდელ საქართველოში?

- ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ რეფორმების ინიცირება, რომელთა აუცილებლობასაც ყველა აღიარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ცვლილება დემოკრატიული გზით. ჩემი აზრით, ცხადია, რომ საქართველოში "ხელახალი დატვირთვის" ღილაკის ჩასართავად საჭიროა აუცილებელი რეფორმების სწრაფად განხორციელება. ამაზე მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იზრუნონ. ამის შემდეგ შეიძლება იყოს საპარლამენტო არჩევნები, ერთ-ორ წელიწადში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტობის საკითხზე და ა.შ., მაგრამ უნდა დაუბრუნდეთ კონსტიტუციურ მმართველობას და მისი უმთავრესი ნაწილი სწორედ რეფორმებია. ეს უნდა დაიწყოს დიალოგით, მაგრამ ეს დიალოგი ძალიან მალე უნდა გადავიდეს მოქმედებაში და ეს უნდა გაკეთდეს ერთობლივად, თუ ყველა სათანადოდ შეაფასებს საშიშროებას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩვენ - ვინც საერთაშორისო ვითარებას ვიკვლევთ - ნამდვილად არ ვიგონებთ ამას. საქართველოს მომავალი დიდი საფრთხის წინაშე დგას. პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ და სათანადოდ იფიქრონ ქვეყანაზე. ბოდიშს ვიხდი, ასეთი თვითდაჯერებული კილოსთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ქუჩის დრამატურგია არ უწყობს ხელს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ იმდენი ყურადღება დაუთმოს საქართველოს, რამდენიც საჭიროა.

- რუსეთიდან საშიშროების არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ უნდა იყოს ქუჩის გამოსვლები მიუხედავად იმისა, რომ ხალხს შეიძლება ჰქონდეს პროტესტის ობიექტური საფუძველი?

- მესმის თქვენი კითხვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი მაღალი საფრთხის წინაშე საქართველო არ მდგარა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, რასაკვირველია, პროტესტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის უნდა დავიცვათ პროტესტის უფლება. მაგრამ, როდესაც სახელმწიფოებრივი კრიზისის წინაშე დგახარ, შეაფერხო პარლამენტის მუშაობა, ერთგვარ პაუზაში ამყოფო ქვეყანა, ამით მას ხელს არ უწყობ. ვფიქრობ, საკითხები დაისვა. პროტესტი წარმატებულია იმ თვალსაზრისით, რომ ახლა ყველა - მთავრობისა და პრეზიდენტის ჩათვლით - ხედავს, რომ საჭიროა წინსვლა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფლებამოსილია დასვას კითხვა: რატომ არის შეუძლებელი ამის გაკეთება? ვწუხვარ, მაგრამ, უბრალოდ, არადამაჯერებელია იმის თქმა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელია, ვიდრე პრეზიდენტი არ გადადგება.

- ბოლოს ისევ თქვენს სტატიას დავუბრუნდეთ. თქვენ წერთ "პრევენციულ დიპლომატიაზე" და იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ მისი გატარებაც. ფიქრობთ თუ არა, რომ, ვიდრე საქართველო ამგვარ კრიზისში აღმოჩნდებოდა, ამ დიპლომატიამ მარცხი განიცადა?

- ვფიქრობ, ეს საქართველოს საშინაო საქმეა. რაც იმ სტატიაში ვიგულისხმეთ, არის ის, რომ საჭირო იყო თბილისთან იმგვარი დიპლომატიური მუშაობა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თავიდან აგვეცილებინა მთავრობის ისეთი მოქმედება, რასაც რუსეთი გამოიყენებდა გამამართლებელ არგუმენტად იმ პოლიტიკის განსახორციელებლად, რომლის გატარებაც სურს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG