Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი გაწბილებას გამოთქვამს რუსეთის პოზიციის გამო


შეერთებული შტატები ღრმა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის წინადადების გარშემო თბილისში ოფისის მუშაობასა და საქართველოში სამეთვალყურეო მისიის საქმიანობის შესახებ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთი რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად ცდილობდა ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას, რომელიც თავს აარიდებდა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ან სამართლებრივი სტატუსის ხსენებას.

"სამწუხაროდ, რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა, სამეთვალყურეო ოპერაციის სტრუქტურაში ასახულიყო რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი", ვკითხულობთ დოკუმენტში. "კმაყოფილებას გამოთქვამთ საქართველოს დელეგაციის კონსტრუქციული პოზიციის გამო და გაწბილებული ვართ იმის გამო, რომ რუსეთმა არ მიიღო თავმჯდომარე საბერძნეთის კონსტრუქციული, ნეიტრალურსტატუსიანი წინადადება."

სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოში მეთვალყურეთა მოღვაწეობა სასიცოცხლოდ აუცილებელია და იმედოვნებს, რომ რუსეთი, რომელიც მეთვალყურეთა საჭიროებას არ უარყოფს, საბოლოოდ მიიღებს საბერძნეთის საღსა და გაწონასწორებულ წინადადებას.

ვაშინგტონის საგარეო უწყების განცახდებაში ნათქვამია, აგრეთვე, შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას, რათა შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო მეთვალყურეთა საქმიანობა მთელს საქართველოში, რაც ხელს შეუწყობდა ვითარების გაუმჯობესებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარულსა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში.

"ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG