Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია?


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი
"რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 2020 წლამდე" - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელსაც 12 მაისს (ანუ სამკვირიანი დაგვიანებით) ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. ეს 20-გვერდიანი დოკუმენტი ჩაენაცვლა 1997 წელს მიღებულ “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას”, რომელიც, თავის მხრივ, 2000 წელს იქნა მოდიფიცირებული.

“ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია”, რუსეთის პოლიტიკური კურსის ამსახველ სხვა დოკუმენტებთან ერთად, როგორიცაა 2020 წლამდე ეკონომიკური განვითარების გეგმა, თუ რუსეთის სამხედრო სფეროს მიმდინარე რეფორმა, კრემლის ძირითადი, ფართომასშტაბიანი სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილად იქცა. მას კანონის ძალა არა აქვს, მაგრამ წამყვან როლს შეასრულებს კანონპროექტების შემუშავებისას, უშიშროების საბჭო კი რეგულარულად შეიკრიბება, რათა შეაფასოს, სრულდება თუ არა ახალი სტრატეგიით დასახული ამოცანები. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, "სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი პირობები რუსეთში, და მის საზღვრებს მიღმა."

ჩვენ ვკითხეთ რადიო თავისუფლების ექსპერტს რობერტ კოლსონს, რა იგულისხმება ამ “სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტებით” - რა სიახლეა წინა დოკუმენტის შემდეგ?

“პრიორიტეტებს რაც შეეხება, მაინცდამაინც ახალი არაფერია ამ დოკუმენტში", გვიპასუხა კოლსონმა. "დოკუმენტი იმეორებს იმას, რაც რუსეთს უწინაც განუცხადებია - რომ დღევანდელი მსოფლიო მრავალპოლუსიანია და რომ მას ორმხრივი ურთიერთობები ურჩევნია დიდ გაერთიანებებთან ურთიერთობას.”

ექსპერტის ამ პასუხს დავამატებ რუსეთის "ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში" მოყვანილი განმარტების პერიფრაზს, რომ სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტები არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, მათ მიხედვით უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის სუვერენობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. და თუ ამაში, ფაქტობრივად, ახალი არაფერია, რა არის ახალი ახალ სტრატეგიაში, რის გამოც ის მიიღეს? სხვათა შორის, პრეზიდენტმა მედვედევმა უსაფრთხოების ძველი კონცეფციის საჭიროებაზე განცხადება პირველად გააკეთა საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ.

ჩვენი ექსპერტის განმარტებით, სიახლე ამ დოკუმენტში უფრო ამოცანების განხორციელებას ეხება. “ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციიდან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე გადასვლა", განმარტავს რობ კოლსონი. "დოკუმენტი ითვალისწინებს ეტაპებს, რომელთა მიხედვითაც მთავრობა მიღწეული პროგრესის შეფასებას შეძლებს - აქამდე ასე არ ყოფილა. ანუ, ეს დოკუმენტი კონკრეტულობით გამოირჩევა. ეტაპები განსაზღვრულია კატეგორიებად, როგორიცაა უმუშევრობის დონე, ინფლაციის დონე, სხვაობა ღარიბებისა და შეძლებულების შემოსავლებს შორის. მაგრამ დოკუმენტში მოყვანილი არ არის კონკრეტული ციფრები - გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მაჩვენებლები ამოიღეს.”

საქართველოში ზოგმა ექსპერტმა "აგრესიული დოქტრინა" თუ "საბჭოთა ყაიდის დოკუმენტი" უწოდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც, მაგალითად, ითვალისწინებს საქართველოსთან საზღვრის კონტროლის გამკაცრებას, საზღვარზე ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკის განთავსებას. რუსეთში მიღებულ ახალ დოკუმენტს კრიტიკული შეფასება მოჰყვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ეკა ტყეშელაშვილისგანაც.

ჩემს შეკითხვას, იზიარებს თუ არა შეფასებას, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გარკვეულწილად “აგრესიულია”, რობერტ კოლსონი ასე უპასუხებს:

“არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე წინა დოკუმენტები იყო. მაგრამ ნამდვილად არ ასახავს ურთიერთობებში “გადატვირთვას”, ან რაიმე სახის დათბობას შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს ნებისმიერი ფორმით გაფართოებას - არა მარტო ახალი წევრების მიღებას, არამედ “სამშვიდობო პარტნიორობასაც” და მსგავს პროგრამებს.”
XS
SM
MD
LG