Accessibility links

logo-print

მულტიკულტურული კონკურსი, სადაც “ადგილობრივი” ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს


ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელიც წელს მოსკოვში იმართება, შაბათს ფინალურ სტადიაში შედის. წლევანდელი ფესტივალის სპეციფიკა ის გახლავთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა ადგილობრივ მუსიკოსებზე და მათ ნაცვლად, კონკურსზე სხვა ქვეყნებში დაბადებული ვარსკვლავები მიავლინა. ფინალში რუსეთს უკრაინელი მომღერალი წარმოადგენს, ისლანდიას - დანიელი მუსიკოსი, ისრაელს - პალესტინელი, ნორვეგიას - ბელორუსი, გერმანიას - ამერიკელი, ხოლო აზერბაიჯანს - ირანელი ვარსკვლავი. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ კონკურსში წარმატების მოპოვების სურვილმა ქვეყნებს უარი ათქმევინა საკუთარ, ადგილობრივ მუსიკოსებზე?

სკეპტიკოსების აზრით, სიტყვა “ევროვიზიაში” “ევროს” მნიშვნელობა უკვე საეჭვო ხდება, ვინაიდან კონკურსში მონაწილეობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი - ქვეყნები, რომლებსაც, ტრადიციულად, ევროპის საზღვრებს გარეთ ათავსებენ ხოლმე.

სხვები კი თვლიან, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა საშუალებას აძლევს, თავიანთი იდენტობა “ევროპულად” წარმოაჩინონ. წელს კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს - რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიც და კონკურსანტთა რაოდენობამ, შესაძლოა, მიაღწიოს მაქსიმუმად მიჩნეულ ზღვარს - 45-ს.

ბევრი მიესალმება ევროვიზიის გაფართოებას. არიან ისეთებიც, ვისაც სურს, რომ კონკურსმა სახელწოდებიდან ამოაგდოს “ევრო” და ჭეშმარიტად გლობალური ხასიათი შეიძინოს.

არაში და აისელი აზერბაიჯანს წარმოადგენენ
ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელიც ასეთი ცვლილების მომხრეა, არაშ ლაბაფი გახლავთ. ირანული წარმოშობის ეს შვედი მომღერალი, აზერბაიჯანელ მუსიკოსთან, აუსელთან ერთად, კონკურსზე აზერბაიჯანის სახელით გამოდის. რადიო თავისუფლებას მან თავისი “უდიდესი ოცნება” გაუმხილა - რომ დადგეს დრო, როდესაც ის ირანის სახელით იმღერებს. ირანი კონკურსში ჯერჯერობით ვერ მონაწილეობს.

არაში სპარსული ინტონაციებით გაჯერებულ პოპ-სიმღერებს რამდენიმე ენაზე ასრულებს. მისი სიმღერები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰიტები ხდება. მაგრამ ევროვიზიის ფინალზე ის პირველად იმღერებს ინგლისურად.

როგორც იუწყებიან, აზერბაიჯანის სახელით გამოსვლისთვის იქაურმა სპონსორებმა არაშს კარგა დიდი ჰონორარი გადაუხადეს. თუმცა, როგორც ვარსკვლავმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მისი გამოსვლა ირანს უფრო მიეძღვნება, ვიდრე აზერბაიჯანს: “აუცილებელი არ არის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობისას, შენს ქვეყანას წარმოადგენდე. მე ირანელი ვარ, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ირანი და აზერბაიჯანი ახლობელი ქვეყნები არიან. სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ირანის სახელით გამოსვლაა. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. მაგრამ ჩემთვის მაინც ვცდილობ ირანის წარმომადგენელი ვიყო, იმიტომ რომ ირანი მიყვარს. რეალურად, მე არავინ ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მაინც შევძლებ ირანი კვლავაც საუკეთესოდ წარმოვაჩინო.”

ნორვეგიის წარმომადგენელი ალექსანდრ რიბაკი
წარმოშობით ბელორუსი ალექსანდრ რიბაკი წლევანდელი კონკურსის კიდევ ერთ ფავორიტია. მისი სიმღერა სახელწოდებით “ზღაპარი” უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. რიბაკი მინსკში დაიბადა, და ბავშვობა ბელორუსიაში გაატარა. ნორვეგიის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ჰყვება, რომ მომღერლად მშობლების - პროფესიონალი მუსიკოსების - ძალისხმევით იქცა: “ჯერ ფანქარი მომცეს, რომ მევარჯიშა. არც ვიცოდი, რაში უნდა გამომეყენებინა. მაგრამ მერე ფანქარი უცებ ხემით შეიცვალა. და ვერც კი შევამჩნიე, ისე დავიწყე ვიოლინოზე დაკვრაო”, ამბობს ალექსანდრ რიბაკი.

სხვა მუსიკოსებისთვის - მაგალითად, უკვე სკანდალურად ქცეული ანასტასია პრიხოდკოსთვის - ცხოვრება ნაკლებად ჰგავდა ზღაპარს. პრიხოდკოს მცდელობა, ევროვიზიაზე თავისი მშობლიური უკრაინა წარედგინა, უშედეგოდ დამთავრდა. წაგების შემდეგ მან საპროტესტო წერილით მიმართა თვით უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს.

ამის შემდეგ პრიხოდკო მოსკოვში ჩავიდა, მსმენელებს თავი მოაწონა სიმღერით “დედა”, და ევროვიზიის კონკურსზე რუსეთის წარმომადგენლად იქცა. მაგრამ რუსი ნაციონალისტები - რომლებიც ამაყობენ კონკურსის ფინალის მოსკოვში გამართვის ფაქტით - ამ კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელ მუსიკოსებს პროტესტით შეხვდნენ. იმის გარდა, რომ ვოკალისტი უკრაინელია, ნახევრად რუსულ და ნახევრად უკრაინულ ენაზე დაწერილი ტექსტის ავტორი ესტონელია, მუსიკა კი სულაც ქართველს ეკუთვნის.

მართლაც, ევროვიზიის კონკურსანტად პრიხოდკოს შერჩევამ რუსეთს სირთულეები შეუქმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლახან გავცელდა ვიდეო, რომელშიც მომღერალი რასისტული განცხადებებით გამოდის 2007 წელს გამართულ კონკურსში მონაწილე ჩინელი და შავკანიანი მუსიკოსების მისამართით. პრიხოდკომ ბოდიში მოიხადა, თუმცა ამას ვითარება არ გამოუსწორებია. მით უფრო, რომ პარალელურად ყვითელ პრესაში გავრცელდა ცნობები პრიხოდკოს ოჯახის წევრთა კავშირზე ნეონაცისტების ჯგუფებთან.

ევროვიზია 1950-იან წლებში დაარსდა ევროპის მაუწყებელთა კოალიციის მიერ. კოალიციას სურდა, ტელევიზია და კულტურა ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ერების ერთმანეთთან დასაახლოებლად გამოეყენებინა. იდეის ავტორები თვლიდნენ, რომ სასიმღერო კონკურსი ამ მიზნის მისაღწევად საუცხოო გზა იყო. სხვა თუ არაფერი, ქვეყნებს ამ მუსიკით გაჯერებული ერთი კვირის მანძილზე მაინც ექნებოდათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა.

შესაძლოა, ასეც იყო. მაგრამ ცხადია, რომ ამ მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენას მუდამ თან სდევს პოლიტიკური შეფერილობა.

1974 წლის კონკურსზე პორტუგალიის გამოსვლას ქვეყანაში რევოლუცია მოჰყვა. უფრო ახლო წარსულში, 2005 წელს, უკრაინას მიმართეს თხოვნით, “ნარინჯისფერი რევოლუციისადმი” მიძღვნილი ჰიმნის სიტყვები უფრო ნეიტრალური გაეხადათ. წელს აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა სომეხი კონკურსანტების ვიდეოკლიპი გააპროტესტეს, ვინაიდან ის შეიცავს სადავო ტერიტორიაზე - მთიან ყარაბაღში - გადაღებულ სცენებს.

სტეფანე და 3G კონკურსზე არ დაუშვეს
სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების მსხვერპლი გახდნენ ქართველი კონკურსანტებიც. სიმღერა "We Don't Wanna Put In”, რომელიც, ბევრის აზრით, ვლადიმირ პუტინის მისამართით სიტყვების თამაშს შეიცავდა - შარშან, აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შეჭრის კრიტიკად აღიქვეს, და პოლიტიკური შინაარსის გამო კონკურსზე არ დაუშვეს. სიმღერის დამცველები კი აცხადებდნენ, რომ მოსკოვმა ზედმეტი მგრძნობიარობა გამოიჩინა, და სიმღერის ტექსტი არასწორად აღიქვა.

საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ ევროვიზიის კონკურსი ზოგჯერ რეალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამომხატველი ხდება. თუმცა, ამავე დროს, კონკურსს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ხუმრობაშერეული პასუხის გაცემაც შეუძლია.

მაგალითად ყოფილი იუგოსლავია, რომლის დაყოფასაც თან ომები და სისხლი ახლდა, ყოველთვის ერთიანია ხოლმე რეგიონის კონკურსანტთა მხარდაჭერაში.

მართლაც, ხმის მიცემის პროცესში ზოგიერთი ქვეყანა “ზედმეტად” მჭიდროდაც კი თანამშრომლობს ხოლმე. მეზობელი ქვეყნები, როგორც წესი, მხარს ერთმანეთს უჭერენ. უკანასკნელ წლებში ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა - და, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოცნობა ხშირად წინასწარვეა შესაძლებელი.

ამის გამო ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ბი-ბი-სის კორესპონდენტმა, სერ ტერი ვოგანმა - რომელიც ევროვიზიის კონკურსს 35 წლის განმავლობაში აშუქებდა - შარშან შეწყვიტა კონკურსზე მუშაობა და განაცხადა, რომ მას თავი მოაბეზრა პოლიტიკურმა კენჭისყრამ. 2008 წელს რუსეთის გამარჯვება ბევრმა მიაწერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აუდიტორიის მიერ მიცემულ ხმებს.

წლევანდელ გამარჯვებულს მუსიკის ინდუსტრიის სპეციალისტთა წარმომადგენლებისგან შემდგარი ახალი ჟიური გამოავლენს - ცხადია, იმ მილიონობით მუსიკის მოყვარულთან ერთად, რომლებიც თავიანთ ფავორიტებს ტელეფონისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მისცემენ ხმას.
XS
SM
MD
LG