Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ ობიექტებს რუსეთი გააკონტროლებს


სოხუმი - სოჭის მატარებელი
სოხუმი - სოჭის მატარებელი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრების გაკონტროლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ ობიექტებსაც გააკონტროლებს. დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზა და სოხუმის აეროპორტი 10 წლით სამართავად რუსეთს გადაეცემა. ოფიციალური თბილისი აფხაზეთის ეკონომიკაზე რუსეთის კონტროლის დაწესებას ანექსიად აფასებს და მასთან ბრძოლას საერთაშორისო სამართლის ბერკეტებით ცდილობს.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებულმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პრესკონფერენცია მოაწყო და გამოაცხადა, რომ რუსეთს დამატებით 2 მილიარდ რუბლს სთხოვს. სანაცვლოდ ბაღაფში მოსკოვს რკინიგზისა და აეროპორტის მართვის უფლებით გადაცემას სთავაზობს:

„საკითხი დავაყენე, რომ რკინიგზა 10 წლიანი მმართველობის უფლებით გადაეცეს რუსეთის რკინიგზას. სანაცვლოდ მოვითხოვეთ 2 მილიარდი რუბლი, რომელიც ამ რკინიგზის რეაბილიტაციას მოხმარდება. კრედიტს კი ის ინვესტორები გადაიხდიან, რომლებიც ამ გზით სოჭს ქვიშას მიაწვდიან. გათვლილი გვაქვს, რომ კრედიტს წელიწად-ნახევარში დავფარავთ. რაც შეეხება აეროპორტს, აერონავიგაცია, დისპეტჩერიზაცია და ელექტრონიკა სახელმწიფო მფლობელობაში დარჩება, ხოლო ყველა დამხმარე ნაგებობა და ინფრასტრუქტურა ბიზნეს სექტორის მფლობელობაში გადავა.“

ეს არ არის გაყიდვა, ეს არის დროებით მართვაში გადაცემაო, – დასძინა სერგეი ბაღაფშმა. იგი რუსეთისთვის აეროპორტის გადაცემით ცდილობს გვერდი აუაროს საერთაშორისო კოდებს და საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, მის ანექსიასაც ახორციელებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას აზრით, რუსეთის ანექსიასთან ბრძოლა საერთაშორისო სამართლის ბერკეტებით უნდა წარიმართოს:

„ეს ტერიტორია არის ოკუპირებული და მიმდინარეობს მისი ანექსია. ორივე ქმედება არის დასჯადი, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, გარკვეულ საკითხებში ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ბერკეტები, რომლებიც რუსეთს არ მისცემს ანექსიის საშუალებას.“

ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოს რუსეთის იმ ავიაკომპანიაზე ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომელიც სოხუმში იფრენს.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიოდე თვის შემდეგ გეგმავს.
შოთა მალაშხიას განცხადებით, ოფიციალურ თბილისს უკვე აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის კომპანიების უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. ლაპარაკია მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებისა და ბანკების წინააღმდეგ ოკუპაციის კანონის საფუძველზე აღძრული სასამართლო პროცესების შესახებ.

რკინიგზისა და აეროპორტის მართვაში გადაცემის, საზღვრების კონტროლისა და სამხედრო ბაზების მოწყობის გარდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის პრემიერ–მინისტრს ვლადიმირ პუტინს ზაფხულში გაგრაში დასვენებაც შესთავაზა. პუტინის მოსალოდნელი ნაბიჯის გამო თბილისის ოფიციალური პოზიცია რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა:

„ის მიდის და ისვენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, ალბათ, პუტინი როგორც რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური, თუ ძირითადი არა, უნდა აცნობიერებდეს მისი საერთაშორისო იმიჯისადმი ზიანს.“

თემურ იაკობაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობითა და იქ მიმდინარე სამხედრო მანევრებით მოსკოვი სარკოზი–მედვედევის შეთანხმებას არღვევს.
XS
SM
MD
LG