Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი იორდანიის მეფეს და ამერიკელ სენატორ ჯონ კერის შეხვდა


იორდანიის დედაქალაქ ამანში გაიმართა G 11-ის სამიტი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ეს გაერთიანება, რომელშიც შედიან, საქართველოს გარდა, დღევანდელი მასპინძელი იორდანია, აგრეთვე ხორვატია, ეკვადორი, პაკისტანი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, შეიქმნა 2006 წელს ეკონომიკური განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით. ის ემსახურება საერთაშორისო ვალებით გამოწვეული ტვირთის შემსუბუქებას და სიღარიბის დაძლევას. G 11-ის სამიტზე გამოსვლამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ამანში შეხვდა ამერიკელ სენატორ ჯონ კერის. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტებზე, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. ჯონ კერის განცხადებით, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მალე გამოსწორდება. ამანში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა აგრეთვე იორდანიის მეფე აბდულას. საქართველოს დელეგაცია რჩება იორდანიის დედაქალაქში, სადაც G 11-ის სამიტი მართალია დასრულდა, მაგრამ ხვალამდე გრძელდება სამდღიანი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 80-მდე ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG