Accessibility links

logo-print

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ანუ რატომ არ უჩვენებენ "მილკს" თბილისის კინოთეატრებში


ჰარვი მილკის როლის შესრულებისთვის მსახიობ შონ პენს "ოსკარი" გადაეცა

ჰარვი მილკის როლის შესრულებისთვის მსახიობ შონ პენს "ოსკარი" გადაეცა

გას ვან სენტის "მილკი" საქართველოს ეკრანებზე არ გამოსულა. "მილკის” მსოფლიო პრემიერიდან უკვე სამი თვე გავიდა, გავრცელდა სურათის დი-ვი-დი ვერსიაც. ახლა უკვე საეჭვოა, ქართულმა კინოგაქირავებამ 70-იანი წლების ამერიკელ გეი-აქტივისტზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებისთვის შეიძინოს. სხვათა შორის, "მილკს" უკავშირდება სკანდალი რუსეთის კინოგაქირავებაში: კომპანია "პარადაიზმა", რომელმაც გას ვან სენტის ეს სურათი დსთ-ის ქვეყნებში გაქირავებისთვის შეიძინა, ფილმის პრემიერა 23 აპრილისთვის გადადო, პრემიერის დაგვიანება კი, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, "მძიმე მარხვით" ახსნა. "ნიუ-იორკ ტაიმსში" დაიბეჭდა რუსი კრიტიკოსის, ანდრეი პლახოვის, წერილი, რომელმაც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერის ამ მიზეზით გადადებას "რუსეთის ირანიზაცია" უწოდა. ფირმა "პარადაიზის" გადაწყვეტილება დაგმეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა...

საქართველოში "მილკის" პრემიერა ამ მიზეზით რომ გადადებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ფონდ "ინკლუზივის" აქტივისტები თუ გამოხატავდნენ პროტესტს. თუმცა, შეიძლება, არც "ინკლუზივის" აქტივისტებს ჰქონოდათ რეაქცია: მათ, თითქმის ყოველდღე, ჰომოფობიის გაცილებით უფრო სერიოზულ და გაცილებით უფრო მტკივნეულ ფაქტებზე უწევთ პოზიციის გამოხატვა - იქნება ეს ადამიანების დამცირება, მათი ღირსების შელახვა თუ ქართულ მედიაში გავრცელებული ჰომოფობიური პუბლიკაციები. 17 მაისს "ინკლუზივი" ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, 20 მაისს კი მისი დამფუძნებლები ბიოლის ფონდში დისკუსიას მოაწყობენ ჰომოფობიაზე საქართველოში… სექსუალური უმცირესობების მიმართ შიშსა და სიძულვილზე, რომლისგანაც ვერა და ვერ თავისუფლდება საქართველოს საზოგადოება…

თავად ფაქტი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ინკლუზივის" არსებობა, ჟურნალი "მე", რომელსაც ფონდი გამოსცემს და ისიც, რომ ქვეყანაში დაიწყო ჰომოფობიის თემაზე ღია დისკუსია, გარკვეულ პროგრესს ცხადყოფს პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით. თუმცა სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება, ზოგადად, კვლავ ძალიან ნეგატიურია და დიდად არ განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რომელიც ვარდების რევოლუციამდე, 2000-2003 წლებში, იყო. მაგალითად, 2003 წლის სექტემბერში თბილისში შეხლა-შემოხლა მოხდა მოძრაობა "კმარას" აქტივისტებსა და პარტია "აღორძინების" წევრებს შორის. "კმარა" ავრცელებდა ბუკლეტს ტექსტით, რომელსაც "ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ" ერქვა, მაგრამ ცოტნე ბაკურიამ, "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციის ლიდერმა, ამ ტექსტში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ამოიკითხა. მისი თქმით, "ერთი გვერდი თავიდან ბოლომდე ეთმობოდა საქართველოში ჰომოსექსუალური აღზრდის, სწავლების პრეცედენტებს და ქება-დიდებას ასხამდა ჰომოსექსუალიზმის იდეალებს ქვეყანაში. ერთი თავი ეხებოდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ჰომოსექსუალური ჯვრისწერების დაშვების ფენომენს."

ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ტექსტი - "ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ" - ახალი ხელისუფლების თავისებური პროგრამა უნდა გამხდარიყო. შარშან ამ დოკუმენტს მიეძღვნა ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" სპეციალური ნომერი, რომელშიც ექსპერტებმა დეკლარაციაში ჩამოთვლილი პუნქტები გაიხსენეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მათი აზრით, წინსვლა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე შეჩერდა. ადამიანის უფლებები ქვეყანაში კვლავაც ირღვევა, განსაკუთრებით ირღვევა უმცირესობის უფლებები... სხვათა შორის, რევოლუციიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა ჩვენმა კოლეგამ, სალომე ასათიანმა, ინტერვიუ ჩაიწერა ჰომოფობიის ერთ-ერთ ქართველ მსხვერპლთან, რომელიც 2001 წელს იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ევროპაში გადასახლებულიყო. 3 წლის შემდეგ ის თბილისში ჩამოდის და ჰყვება:

“მე პირადად ყველა მეცოდება, ყველა ჩემი მეგობარი. რაღაც გრძნობა მიჩნდება: რატომ უნდა იყვნენ ასე?, ანუ ახლა ჩამოვედი, ისევ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რა სიტუაციაც დავტოვე სამი წლის წინ: ისევ იგივე პრობლემები ურთიერთობასთან დაკავშირებით, დამალული წასვლა სადღაც, დამალვით სადღაც შესვლა, ხმის დაბოხება, ჩაცმის შეცვლა, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას. ეს უფრო დავინახე, უფრო გამაღიზიანა, ჩემი მეგობრები მეცოდება, თორემ მე ხვალ მივფრინავ და ამის პრობლემა არ მექნება იქ, სადაც მე ვცხოვრობ. იქ ჩემს თავს სრულფასოვანს ვხედავ, როგორც მინდა, ისე ვარ, ანუ რაც ვარ ბუნებით, იმას ვავლენ იქ. აქ დამალვით ყოფნა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, მირჩევნია იქ ვიყო და თავისუფალი ვიყო.”

სალომე ასათიანის რესპონდენტს ბედმა გაუღიმა. თუმცა, დასავლეთში ცხოვრება ყველას არ შეუძლია. და ყველას არ უნდა. არის ხალხი, ვინც საქართველოში აგრძელებს თავისი უფლებებისთვის ბრძოლას. ჟურნალ "მეს" ბოლო ნომრის სარედაქციო შესავალში ხაზგასმულია, რომ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა"... სისხლის სამართლის ახალი კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს ზოგადად მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისთვის. თუმცა, როგორც "ინკლუზივის" სარედაქციო სვეტშია ნათქვამი, დისკრიმინაციის მიზეზთა ჩამონათვალი არაა ამომწურავი და მასში არაა მითითებული დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტურობის გამო. ასევე არ არსებობს სპეციალური კანონი ან მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაარეგულირებდა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებულ დისკრიმინაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დისკრიმინაცია კიდევ გაგრძელდება, თუკი სიძულვილის ენას საზოგადოება წინააღმდეგობას არ გაუწევს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ მსოფლიო დღის აღნიშვნა, შესაძლოა, ამ ეტაპის პირველი საფეხური იყოს. მით უმეტეს, რომ წელს ეს დღე აღარ აღინიშნება მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველთა შორის. დისკუსიაში, რომელიც ბიოლის ფონდში ოთხშაბათს, 20 მაისს, გაიმართება, საზოგადოების ფართო წრე ჩაერთვება. ამის მერე არც "მილკის" ჩვენება უნდა იყოს პრობლემა თბილისის კინოთეატრებში.
XS
SM
MD
LG