Accessibility links

3 მაისი, კვირა
მზიანი დილა გათენდა. კარგ ხასიათზე გავიღვიძე.
კვირა დღის ჩემი პოლიტიკური პროგნოზი ასეთია: ქალაქში სტაბილურად საპროტესტო განწყობა შენარჩუნდება.
ბოლო წლებში შაბათ-კვირა ძალიან დავაფასე. ეს მას შემდეგ, რაც სტუდიიდან ჩემი მეგობარი, მიხეილ მირზიაშვილი წავიდა. რაც სტუდიის ხელმძღვანელი გავხდი და ჩინოვნიკ-ადმინისტრატორის მუნდირი მოვირგე, ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყოველი კვირის სამუშაო დღეებს მეტწილად ბიუროკრატიულ და ნაკლებად შემოქმედებით მუშაობაში ვატარებ. შემდეგ დგება ჩემთვის თავისუფალი და უდარდელი შაბათ-კვირა. თავისუფალი და უდარდელი, რაღა თქმა უნდა, პირობითად. რადგან ამ დღეებს, ძირითადად, ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს ვუთმობ.

თუმცა, არც მთლად ასე მოწესრიგებულადაა ჩემი ამბავი. ბოლო ოთხი თვეა, შაბათ-კვირასაც სტუდიაში ვატარებ. ჩვენმა სტუდიამ სულ ახლახან დაასრულა მუშაობა ახალ დოკუმენტურ ფილმზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმს ორი ძალიან კარგი მემონტაჟე ჰყავს, მე მაინც შაბათ-კვირაობით, სხვებისგან განმარტოებით ვამჯობინე ფილმზე მუშაობა. მოკლედ, ჩვენს თითქმის ერთწლიან წვალებას ბოლო დაადგა და კონფლიქტის თემაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია, დამდეგ შაბათს, კინოთეატრ “ქოლგაში” დავგეგმეთ.
დღეს ერთი სევდიანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. მომავალ კვირადღეს დედაჩემის გარდაცვალების წლისთავი უნდა გავმართო. სამზადისი დღეს უნდა დავიწყო. მაინც, რა მალე გაირბინა ერთმა წელმა... მე, პირადად, ქართული ტრადიციების მეხოტბე არ ვარ. ისინი ხშირად დრომოჭმულად და გადაგვარებულად მეჩვენება. თუმცა, როცა ლაპარაკია დედაჩემის გარდაცვალების წლისთავზე, ის ზედმიწევნით ტრადიციულად უნდა ჩავატარო. ასე ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემი ტრადიციების ერთგული იყო. ნათესავებისა და დედის მეგობრების მოლოდინიც შესაბამისად უნდა გავამართლო. დღეის სწორს ეკლესიაში პანაშვიდსაც გადავიხდი და სასაფლაოზე მოწვეულ სტუმრებს შემდგომ რესტორანშიც მივიპატიჟებ.
ეს ყველაფერი - ერთ კვირაში, დღეს კი მე და ჩემი უმცროსი ვაჟი, ვანიკო, რესტორნის ასარჩევად გავემგზავრეთ. ასარჩევი კი არაფერი იყო, რადგან მე და ვანიკო პირველივე ვარიანტით დავკმაყოფილდით. რესტორნის ადმინისტრატორთან სუფრის დეტალები შევათანხმე და საფასურის “ბეც” გადავიხადეთ. მანქანაში ჩაჯდომისას, შენობის ფასადზე რესტორნის დასახელება ამოვიკითხე. შემდეგ კი ივანეს ღიმილით მივუბრუნდი და ვუთხარი: ხედავ, რა ახლოს მოსულა გლობალიზაცია, წლისთავს რესტორან “ლორდში” ვმართავთ-მეთქი.
დღის მეორე ნახევარში ოჯახს აგარაკზე ასვლა გვქონდა დაგეგმილი. ამ გაზაფხულზე მეზობლების დახმარებით გამხმარი ტოტები მოვჭერით და ახლა, ბალახის ამოსვლამდე, ეზოს გასუფთავება უნდა მოგვესწრო. ჩვენი აგარაკი სოფელ ორბეთშია, თბილისიდან 27 კილომეტრში. აგარაკზე გასეირნება ჩემს ვაჟებს ძალიან უყვართ. წყნეთის შემდეგ სამანქანო მოძრაობა ხალვათია და მე ბიჭებს უფლებას ვაძლევ, საჭეს მიუსხდნენ...
აგარაკზე მაია და ჩემი უმცროსი ქალიშვილი ვერ წამოვიდნენ. პატარა სოფიოს სიცხე მისცა და ცოტა უხასიათოდაა. მაიას თქმით, სიცხე კბილების ამოსვლით უნდა იყოს გამოწვეული. აგარაკის გზას კი ვაჟებთან და უფროს ქალიშვილთან - 9 წლის ფიქრიასთან ერთად გავუდექი.
ეზოში მეზობლის ცხვრები და ხბორები დაგვხვდნენ. ამ სურათზე მწარედ მეღიმება და ბავშვების გასაგონად ვამბობ: “ბატონებო, მიირთვან ამ უწყინარმა ცხოველებმა ახლად ამოსული ბალახი, მაგრამ არ შეიძლება, ახლად დარგული ნერგები, რომ არ მიაყოლონ დესერტად?”. სამწუხაროა, მაგრამ რაც აგარაკი ვიყიდეთ, 7 წელია, ნერგები ვერ გავახარეთ. როგორ მოვიქცე, არ ვიცი. მეზობელს ეზოს გასაღები რომ ჩამოვართვა, ხომ დარჩა კარ-მიდამო მზრუნველი თვალის გარეშე?! უმეთვალყუროდ დარჩენილი სახლები კი სოფლებში თითქმის ყოველთვის იქურდება. ხოდა, მეც მახსენდება ერთი ამერიკული ფილმის სლოგანი: “კრედიტებს დაფარვა უნდა, ძმაო!”

4 მაისი, ორშაბათი
შვიდ საათზე მეღვიძება. კაცებს დღეს ცურვის დღე გვაქვს. ბიჭები ზლაზვნით დგებიან. იგვიანებენ და ცოტას მაბრაზებენ. ჩემს საყვედურს მანქანაში ისმენენ. ვახსენებ, რომ დილით ცურვაზე სიარული მათი არჩევანია და არა ჩემი აჩემება. დილით ცურვა დიდი სიამოვნებაა. ბიჭებსაც ხალისი ეღვიძებათ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. კმაყოფილი ვარ მათი. შემდეგ მათ სკოლაში ვტოვებ და გეზს სახლისკენ ვიღებ. ჩემს ქუჩაზე, მერაბ ალექსიძეზე, ოცწუთიან საცობში ვიჭედები. მშენებარე სახლებს შორის გადებული ეს გზა, რომელიც მიწაყრილს უფრო წააგავს, დღეს, ფაქტობრივად, საკნებით ჩაკეტილ მერაბ კოსტავას ქუჩას ჩაენაცვლა. პიკის საათია და მანქანები რის ვაი-ვაგლახით მიიზლაზნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისადმი საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნაწილს ვეკუთვნი, მერაბ კოსტავას ქუჩის გადაკეტვა ოპოზიციის დიდ შეცდომად მიმაჩნია. რატომ აწვალებენ მოსახლეობას, როცა ტელევიზიაში შემავალი საავტომობილო გზა სრულიად თავისუფალია? ოპოზიციისადმი ბევრი პრეტენზია დამიგროვდა. მეჩვენება, რომ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც მოწყდნენ რეალობას.
დღეს, სტუდიაში, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის თემაზე ტელედისკუსიას ვიწერთ. ჩვენი ტელედისკუსიები 19 რეგიონული მაუწყებლისა და ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით გადის. მიუხედავად დღევანდელი საპროტესტო ისტერიისა, ჩემი აზრით, “მაესტრო” ღირსეული ადამიანების ტელევიზიაა. დისკუსიების ჩაწერას ერთი სირთულე ახლავს ხოლმე: ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უყვართ მოსვლა. მე ვფიქრობ, მათ საერთოდ უჭირთ დიალოგში მონაწილეობა, რადგან დეპუტატები და სამთავრობო ჩინოვნიკები რეალურად არ მონაწილეობენ სახელისუფლო გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ მხოლოდ მაღალი პოლიტიკური ელიტის ნების თანხმობა ევალებათ.
ამიტომ ჩვენს დისკუსიებში ხშირად ხელისუფლების მხარდამჭერ, მოაზროვნე ადამიანებს ვპატიჟებთ. მაგალითად, ეროვნული უმცირესობების თემაზე ჩვენთვის ვერმოცლილი, პრეზიდენტის მრჩეველი ინტეგრაციის საკითხებში - ქალბატონი თამარ კინწურაშვილი, მისი მეუღლით - ბატონ მერაბ ბასილიათი ჩავანაცვლეთ. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი კარგი ექსპერტია, სახელმწიფოებრივი ხედვის გამო იგი ცხარე კამათში შევიდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან: არნო სტეფანიანთან და ალა ბეჟენცევასთან. ცხარე კამათმა დისკუსიას დინამიურობა შემატა. მე კი ნამუშევარი შევუქე გადაცემის წამყვანს, ნინო ჟიჟილაშვილს.
საღამოს კავკასიურ ინსტიტუტში გავემგზავრე. შემდეგ დისკუსიას საერთო პროექტის ფარგლებში ვიწერთ. მიყვარს კავკასიური ინსტიტუტი და დიდ პატივს ვცემ მის დამაარსებელს - გია ნოდიას. მიუხედავად ჩემი საპროტესტო განწყობისა, ნოდიას წერილებსა თუ გამონათქვამებს პატივისცემით ვეკიდები. ნოდიას კიდევ იმიტომ ვაფასებ, რომ მან კავკასიურში ნიჭიერი და საქმიანი ხალხი შემოიკრიბა და ეს ორგანიზაცია არ გადაიქცა “ერთი კაცის კანტორად”. ისე, მეც კავკასიურ ინსტიტუტში გავიარე “ენჯეოშნიკური” ნათლობა, შესაბამისად, სტუდია “რეც” კავკასიურში დაარსდა.

5 მაისი, სამშაბათი
ისე, რა წელიწადი იქნება საქართველოში, ერთი კარგი ომი, კარგი დარბევა-გადავლა, კარგი ტელედაპატიმრებების სერია, ან კიდევ “ერთი შეკვრა რუსი მზვერავების” გამოაშკარავება თუ არ მოხდა?! აი, კარგი პუტჩი, ამ ბოლო დროს, ქართველებს რაღაც ვერ გამოგვდის. ამ ოთანაძემ და წკრიალაშვილმაც არ უნდა დაგვანებონ თავი? რა არის, ბოლოს და ბოლოს, თუ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით პუტჩის მოსაწყობად, კიტოვანი ხომ არის ამ ქვეყანაზე? გაიარონ მასთან ტრენინგი, არ შეიძლება?
მოკლედ, სამშაბათიც მორიგი პუტჩის ჩახშობით დაიწყო. ვანო მინისტრი იყოს და ვის რა გაუვა ამ ქვეყანაზე?! ისე, გასაკვირი კი არის, პრეზიდენტის თქმით, ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან როგორ გაეპარათ პუტჩისტი გენერლები? გვირაბი გათხარეს, ალბათ!
დღეს სტუდიაში ფილმის პრეზენტაციის სამზადისი დაიწყო. დავამზადეთ აფიშა, დავიწყეთ მოსაწვევების დაბეჭდვა და დარიგება. კინოთეატრი “ქოლგა” 200 კაცს იტევს, მოსაწვევ სტუმართა სია კი მეტი გამოგვივიდა. “ვერ მოვა ყველა” - ასე ვიმშვიდებთ თავს.
კოსტავას ქუჩა ისევ ჩაკეტილია!
საღამოს, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ომბუცმენის ოფისში გავემგზავრე. სირცხვილის დერეფანში ამტყდარი ინციდენტის თაობაზე ჟურნალისტები იკრიბებოდნენ. ჩვენ კი მასალები გვინდოდა შემდეგი გადაცემისათვის. გადაცემა მედიის თავისუფლებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დახურული და სახელობითი იყო, შეხვედრის ინიციატორებმა სხდომაზე მიმიპატიჟეს. შეხვედრის ერთ დეტალს გამოვყოფ: პირველი არხის ჟურნალისტები ძალიან შეშფოთებული ჩანდნენ. ერთ მათგანს ისიც წამოსცდა, ხელით ნუ შეგვეხებიან და რაც უნდათ ის გვეძახონო. სამწუხაროა ამის მოსმენა - აი, თურმე ომბუცმენთან მოსვლის მოტივიც. მგონი, მასობრივი ფსიქოზისკენ მივექანებით...
სწორედ ფსიქოზის გამოვლინებად მიმაჩნია ვახტანგ მაისაიას დაპატიმრება. მიუხედავად იმისა, რომ მუხროვანის ამბოხთან ვახტანგს არავითარი კავშირი არა აქვს, ის მაინცდამაინც დღეს დააკავეს. ასევე არასანდოდ მომეჩვენა მაისაიას აღიარებითი ჩვენების ჩანაწერი, რატომღაც იგი ტექსტს “სუფლიორზე” კითხულობდა. არ მჯერა, ბატონებო, მისი ჯაშუშობის და “ვისაც გჯერათ, გაგატარებთ”.

6 მაისი, ოთხშაბათი
დილით ადრე - ისევ ცურვა. ამჯერად ბიჭები დროულად იცვამენ და მგზავრობისას ჩემს საყვედურებს აღარ ისმენენ. შემდეგ სახლში ვბრუნდები. კოსტავას ქუჩა ისევ ჩაკეტილია!
ტელევიზიიდან ვიგებ, რომ ღამით ჟურნალისტ ნიკა ავალიანის გამლახავი ბიჭები დაუკავებიათ. მათი დაკავება სამართლიანად მიმაჩნია, რადგანაც ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია. ასევე დანაშაულია მათი დაპატიმრების შემდეგ პოლიციაში ბიჭების გალახვაც. ნაცემი ბიჭები ხომ ტელევიზიით მთელმა საქართველომ იხილა. მაინც, არ მესმის, რაში სჭირდება ჩვენს პოლიციას ძალმომრეობის დემონსტრირება. ამას ხომ ყოველთვის უკუშედეგი მოჰყვება ხოლმე?!
სამ საათზე სასტუმრო “სიმპათიაში” ახალგაზრდებთან მქონდა შეხვედარა. ბრიტანეთის ორგანიზაცია “შერიგების რესურსების”, პატრონაჟით წელს უკვე მეორე დიალოგი მზადდება ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის. ლონდონში გამგზავრებამდე სტუდენტები ქართველ ექსპერტებს ხვდებიან. იმ დღეს, დავით დარჩიაშვილისა და შალვა ფიჩხაძის შემდეგ, მეც მხვდა პატივი, ახალგაზრდა პარლამენტარებს გავსაუბრებოდი.
ახალგაზრდები რატომღაც პესიმისტურ განწყობაზე მომეჩვენენ და, ცოტა არ იყოს, შევაფუცხუნე. თორნიკემ, შეხვედრის ერთმა მონაწილემ, ჩემს მიერ დასმული კითხვები დაკითხვის ფორმას შეადარა. ახლა მეცინება, იქ კი მას მკვახედ მივუგე: ამ სახით მუშაობა ჩემი სტილია და თუ რამე საწინააღმდეგო გაქვთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ-მეთქი. ვფიქრობ, შეხვედრა მაინც ნორმალურად ჩათავდა. იმედს ვიტოვებ, რომ საერთო ჯამში, ჩემმა საუბარმა რაღაც შემატა ახალგაზრდების გამოცდილებას.
საღამოს ბიოლის ფონდის დისკუსიაზე ვიყავი. ამ დიალოგს გოგი გვახარია უძღვება. მაგარია გოგი! მიყვარს მისი მოსმენა. სტუმრებიც საინტერესონი არიან: მალხაზ სალდაძე და პაატა ზაქარეიშვილი. პაატას კარგად ვიცნობ. მის გამოსვლებს, მგონი, კვირაში ერთხელ ვუსმენ ან ვკითხულობ და, თანაც, არასოდეს მბეზრდება. მის გამოსვლებში ყოველთვისაა სიახლე.
საერთოდ, მიყვარს ბიოლის დისკუსიებზე დასწრება. ვფიქრობ, ეს დისკუსიები, რესპექტაბელურობითა და სიღრმით, ყველა სატელევიზიო დისკუსიას ჯობია. თუმცა, არის ერთი გამონაკლისი - სტუდია “რეს” ტელედისკუსიები.

7 მაისი, ხუთშაბათი
გუშინ გვიან ღამემდე პოლიციის სამმართველოსთან დაწყებული ვნებათაღელვა გრძელდებოდა. დილით, პარტიარქის შუამდგომლობით, ახალგაზრდები გამოუშვეს. კარგია, თუ ეს განმუხტავს სიტუაციას. თუმცა, მე არ მჯერა, რეალური დიალოგის დაწყების გარეშე რამე გამოვიდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიალოგი ოპოზიციის მხოლოდ ერთ პატარა ჯგუფს უნდა. ხელისუფლებას და დანარჩენ ოპოზიციას კი დიალოგი არ სურთ. პოლიტიკური კონფლიქტის დასასრულად მხარეებს ოპონენტის სრული ფიასკო მიაჩნიათ.
არადა, მე არც სააკაშვილის დამხობა მინდა და არც სააკაშვილის მიერ დამყარებული დიქტატურა. მთავარი ჩემთვის პოლიტიკური გარდაქმნების პროცესის დაწყებაა.
რაღა თქმა უნდა, კოსტავა ისევ ჩაკეტილია!
მთელი დღე სტუდიაში გავატარე. სხვა საქმეებთან ერთად პრეზენტაციის სამზადისი მიმდინარეობდა. ფილმი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ამჯერად საბოლოოდ. ლონდონში, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრისთვის, სახელდახელოდ ფილმის რუსული ვერსიაც მოვამზადეთ.
საღამოს დამირეკეს და ორივე ვაჟთან ერთად სკოლაში, ძველ კომაროვში, დირექტორთან გამოცხადება მთხოვეს. მე და მაია შევფიქრიანდით. ბიჭებს ინგლისურზე გავუარეთ და სკოლას მივაშურეთ. პატარა სოფიო თან წავიყვანეთ. ფიქრიას ცეკვიდან გამოყვანა კი ჩემს სიმამრს - ბატონ შახის გადავაბარეთ. ჩემი მეუღლე სოხუმელი დევნილია. მისი მშობლები თბილისში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ჩემი სიდედრის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ისინი, ფაქტობრივად, ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ჩემი სიდედრი, ქალბატონი აზა, ძალზე მხიარული ქალია. იგი ხშირად მეხუმრება, რა ბედი გქონია, ბიჭო, მზითევში სიდედრი გერგოო.
სკოლაში ცუდი ამბები დაგვხვდა: უმცროსი ვაჟის კლასის ბიჭები ორ ბანაკად გაყოფილან და, თურმე, პერიოდულად ჩხუბობენ. ერთ დღესაც ვანიკოს ჯგუფი მწარედ გალახულა. მეორე დღეს ჩემი უფროსი ვაჟი, რეზი, მიხმარებია ვანიკოს დაჯგუფებას, ჩხუბი კი ერთი ბავშვის თავის გატეხვით დასრულებულა. მე და მაია ძალიან შევწუხდით. სკოლის ადმინისტრაციამ ვანიკო 10 დღით დაითხოვა სკოლიდან, რეზის კი მძიმე ვერდიქტი გამოუტანა - სკოლიდან გარიცხვა. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია: სკოლის ხელმძღვანელობა პრეცედენტის არგამეორებისთვის მკაცრ ზომებს იღებს. რა გვექნა მე და მაიას, შვილების საქციელისთვის ბოდიში მოვიხადეთ და სახლში დავბრუნდით.

8 მაისი, პარასკევი
ბიჭები მთელი ღამე წუხდნენ. დილით რეზიმ და ვანიკომ კონფლიქტის დეტალები მიამბეს. მითხრეს, სხვებზე მეტად დამნაშავეები არა ვართო. ხოლო სრულ სიმართლეს ვერ ამბობენ, რადგან არ უნდათ, დაბეზღებაში ჩაეთვალოთ. ნაცნობი სიტუაციაა. თავიდან რჩევის მიცემა გამიჭირდა. ბოლოს კი ვუთხარი, რომ თავის მართლება მათი უფლებაა. მათ უნდა იპოვონ ძალა საკუთარ თავში და თქვან სიმართლე, ან კიდევ ვაჟკაცურად მიიღონ სასჯელი. არ მინდა, დავიცვა ბიჭები. ვფიქრობ, ეს შემთხვევა კარგი გამოცდილება იქნება მათთვის.
კოსტავას ქუჩა ისევ გადაკეტილია.
ირაკლი ალასანიამ, როგორც ჩანს, მეტი ვერ მოითმინა და ოპოზიციის საერთო განწყობის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი პირობის გარეშე ხელისუფლებასთან დიალოგის მზადყოფნა გამოაცხადა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსმა უნდა გადადგას ზნეობრივი, თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯი. ვიცი, რომ რესპუბლიკელებიც ასე ფიქრობენ. ამან, შესაძლოა, ოპოზიციის გაყოფაც გამოიწვიოს. ჩემი აზრით, ოპოზიციის საერთო კრახს მისი გაყოფა ჯობია.
ამ ინიციატივას დიალოგის დაწყების პროცესი მოჰყვა.
საღამოს დიალოგის პირველი მცდელობა შედგა. მალე მეორე შეხვედრაც იგეგმება, ვნახოთ რა იქნება.

9 მაისი, შაბათი
კოსტავას ქუჩა ისევ გადაკეტილია!
დილიდან სახლში ვარ, დღიურს ვათეთრებ. რადიო თავისუფლებაში მისასვლელად ვემზადები.
რვა საათზე კი იმავე შენობაში, კინოთეატრ “ქოლგაში”, ჩვენი ფილმის პრეზენტაციაა. ფილმისშემდგომი დისკუსიის გაძღოლა მიშა მირზიაშვილს ვთხოვე. ამ საქმეში გამოცდილი კაცია. კონფლიქტებზე ფილმების გადაღება ჩვენ ერთად დავიწყეთ. ფილმის მერე ალბათ ცხარე კამათი ატყდება. ალბათ, ბევრს არ მოეწონება ფილმში დასმული აქცენტები. ამისათვის მზად ვარ. წინა ფილმებზეც ასე იყო. მახსოვს, აფხაზეთის თემაზე გადაღებული პირველი ფილმის ჩვენებისას, ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ქართველებმა მე და მიშა იქვე, დარბაზში, კინაღამ გაგვლახეს. როგორც ჩანს, სამშობლოსგან მოშორებით ქართული პატრიოტიზმი ორმაგდება და ზღვარს გადადის. ვფიქრობ, ახლა სხვა დროა. ამდენი წაგებული ომის შემდეგ, დროა, საზოგადოებამ კრიტიკულად დაიწყოს ფიქრი და გადააფასოს განვლილი პერიოდი. მაგრამ არის კი საზოგადოებაში ამის ნება?!
XS
SM
MD
LG