Accessibility links

logo-print

რუსეთის წარმატებები და წარუმატებლობები საქართველოში


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და საქართველოს დროშები ფრიალებს

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და საქართველოს დროშები ფრიალებს

ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, მომავალი კვირიდან დაწყებულ იქნეს მუშაობას ხუთპუნქტიანი გეგმის შესრულების კონკრეტულ მექანიზმებზე. ეს წინადადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გამოთქვა. მისივე თქმით, დროა მუშაობა დაიწყოს საკონსტიტუციო კომისიის შექმნასა და დაკომპლექტებაზეც. ხელისუფლების ინიციატივებს კონკრეტული მოდელებითა და წინადადებებით შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში. დიალოგის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც ხელისუფლების, მათი შეფასებით, “ბუტაფორიულ” შეთავაზებებს საკუთარს უპირისპირებს - კერძოდ, ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ყველა იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებმაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. პრეზიდენტისა და ოპოზიციის პირველი დიალოგი 11 მაისს შედგა.

საერთოდ, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთულ სამუშაო კვირაში პროცესები რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. მათ შორის, ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დარჩა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ამ აქციების ფონზე საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის პირველი რაუნდი. ეგრეთ წოდებულმა დიალოგის კვირამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მკაფიო კონტურები ვერ გამოკვეთა. პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერთა პირველი შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა და მხარეებიც ერთმანეთისგან რადიკალურად დაშორებულ პოზიციებზე დარჩნენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისათვის შეთავაზებული კონსულტაციების ახალ სერიასთან ხუთპუნქტიანი გეგმის სახით, მეორე მხრივ კი ოპოზიცია არ აუქმებს პირობას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისა და ამ მიზნის მისაღწევად საპროტესტო აქციების კიდევ უფრო გამწვავებისა და გაფართოების შესახებ.

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძის თქმით, შეხვედრის მთავარი შედეგი ის იყო, რომ გაირკვა: სააკაშვილს მიაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდადო. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ეს განცხადებაც გამოხატავს რეალობას, რომელიც მხარეთა პოზიციების მკვეთრი პოლარიზაციით ხასიათდება. პრეზიდენტი არაადეკვატურიაო, მიიჩნევენ ოპოზიციაში. პრეზიდენტი ქვეყანაში პრობლემებს ხედავს და მათი გადაჭრის ქმედითი გეგმაც აქვსო - ასეთია ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხი. თავად პრეზიდენტმა კი 11 მაისს, ჯერ არასაპარლამენტო, შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების ტელევიზიით გამოსვლისას, ასეთი განცხადება გააკეთა:

“მიუხედავად შეხვედრების შინაარსისა, მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში დღევანდელი დღე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვების დღე. მინდა მივესალმო იმას, რომ ამდენი რადიკალიზაციის, ამდენი მძიმე გამონათქვამების, მათ შორის შეურაცხმყოფელი მოქმედებების შემდეგ, მოხერხდა ნაბიჯის გადადგა უფრო კონსტრუქციული და ცივილური ურთიერთობისთვის პოლიტიკაში.”

პრეზიდენტის ხუთპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნას, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, საარჩევნო კოდექსის გაჯანსაღებას, სასამართლოს რეფორმირებას, ოპოზიციის აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა უწყებების მუშაობაში, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოში და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეორგანიზებას. პრეზიდენტის წინადადებებს სერიოზული განსჯის საგნად ჯერჯერობით მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს. არასაპარლამენტო ოპოზიციამ კი გასული კვირის ბოლოს მხოლოდ ერთი რამ დათმო - ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გახსნა. ამ ნაბიჯის თაოსანი “ალიანსი საქართველოსთვის” იყო.

ფიქრია ჩიხრაძე
“ქუჩა უნდა გაიხსნას, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი არტერია ქალაქისა, მოსახლეობას ჩვენ არ უნდა შევუქმნათ პრობლემა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიმოქმედოთ და მოვიფიქროთ საიმისოდ, რომ პრობლემები შევუქმნათ მიხეილ სააკაშვილს, მის ხელისუფლებას და მის პროპაგანდისტულ მანქანას, იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით” - ასე დაასაბუთა გზის გახსნის აუცილებლობა ალიანსის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან კი გასულ სამუშაო კვირაში, გაერთიანების - “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” - ინიციატივით განახლდა “სირცხვილის დერეფნების” მოწყობა. პარასკევს ამასთან დაკავშირებით გავრცელდა განცხადებები, რომ “რუსთავი 2”, “იმედი” და თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი “სირცხვილის დერეფნებს” ტელევიზიით აღარ გააშუქებენ.

“სირცხვილის დერეფანი” ჟურნალისტური სოლიდარობის, ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და ხელის შეშლის ერთთვიანი პრაქტიკის დაგმობის ერთ-ერთ იშვიათ პრეცედენტად იქცა. სხვა მხრივ კი მედიის ყურადღების ცენტრში დარჩა ოპოზიციის ყველა სხვა ტიპის აქტივობა და მოვლენები, რომლებიც საპროტესტო მღელვარების მიუხედავადაც კი პირველხარისხოვან მნიშვნელობას ინარჩუნებენ.

დავიწყოთ ნატოს სამხედრო სწავლებით, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების არაერთი გაფრთხილებისა თუ მოწოდების მიუხედავად, 11 მაისს დაიწყო თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება, მიუხედავად შარშანდელი აგვისტოს ომისაო, - ასეთი შეფასება მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხედრო სწავლებას “კოოპერატივ ლონგბოუ- კოოპერატივ ლანსერ 2009”-ს. აი, რა თქვა სწავლების ხელმძღვანელმა გაეტანო მირო ვალსმა წვრთნის გახსნის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში გამართული შეხევდრის შემდეგ:

გაეტანო მირო ვალსი და საქართველოს გენშტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე წვრთნის გახსნაზე
“ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიზანი სტაბილურობა და მშვიდობაა. ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსისა და მთელი მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, ასევე, პროცედურების სტანდარტიზაცია ერთად მუშაობისათის, რადგან საქართველო ემზადება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.”

ნატოს წვრთნისა ვერა, მაგრამ რუსეთმა გასულ სამუშაო კვირაში ნამდვილად შეძლო საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობის შეჩერება. 13 მაისს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, რუსეთმა ბოლო ხუთ თვეში უკვე მეორედ დაადო ვეტო საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხს უკვე აღარ განიხილავს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო და ამ ეტაპზე ყველაფერი დასრულებულიაო, -განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე. მისივე თქმით, 30 ივნისს საქართველოში ეუთოს მისია ოფიციალურად დაიხურება. “საკითხი დაბლოკილია და, შესაბამისად, მოლაპარაკებები პრაქტიკულად წყდება ეუთოს ყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მანამ, სანამ რუსეთი არ გადახედავს თავის პოზიციას და იმ დოკუმენტს, იმ სახით მხარს არ დაუჭერს.”

დოკუმენტი, რომელსაც სერგი კაპანაძე ახსენებს და რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის მიერ იქნა შემუშავებული, მხარეებს ნეიტრალურსტატუსიან ფორმულირებას სთავაზობდა და თავს არიდებდა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ან სამართლებრივი სტატუსის ხსენებას. მოსკოვი კი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამოუკიდებელი მისიის ამოქმედებას ითხოვდა. შედეგი კი ისაა, რომ 14 მაისს ეუთომ საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელებაზე მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და აგვისტოს ომის შედეგებზე 12 მაისს მადრიდის ევროსაბჭოს მინისტერიალზეც იმსჯელეს. სხდომაზე 47 ქვეყნის ევროპელმა დიპლომატებმა რუსეთისაგან მოითხოვეს ცნობილი ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პირობებისა და იმ რეზოლუციების შესრულება, რომლებიც ევროსაბჭოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ აქვს მიღებული. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 119-ე სხდომაზე მინისტრებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმატებად აფასებს მადრიდის მინისტერიალს, რადგან მასში, როგორც ის ამბობს, მკაფიოდ ჩაიწერა, რომ კონფლიქტს საქართველოში და რუსეთ-საქართველოს ომს მინისტრებიც და ელჩებიც წლის განმავლობაში ყველა სხდომაზე დაუბრუნდებიან.

ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ მადრიდის დეკლარაციაში ჩაიდო ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს მხარე აყენებდა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სახლ-კარი დაკარგეს, დევნილის სტატუსი მიანიჭა. სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები 12 მაისს პირველებმა მიიღეს სოფელ კოდაში ჩასახლებულმა დევნილებმა. კანონით გათვალისწინებული შეღავათებით 26 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.
XS
SM
MD
LG