Accessibility links

ჟენევის კონსულტაციები დღეს არასრული შემადგენლობით განახლდება


დღეს ჟენევაში კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების მეხუთე ორდღიანი რაუნდი იწყება. შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. რუსეთის დელეგაციას ჟენევაში უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. რუსეთის საგარეო უწყებამ ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა ვრცელი ჩამონათვალი საკითხებისა, რომელთა წამოწევასა ის ჟენევის კონსულტაციებზე აპირებს. მათ შორის არის ძალის არ გამოყენების თაობაზე თბილისსა და სეპარატისტებს შორის შეთანხმებების გაფორმებისა და საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების საკითხები.

პოსტკონფლიქტური საკითხების მოგვარებაში სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ”ინტერფაქსს” უცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მთლიანად უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა - ”ჩვენ ჟენევაში მიგვაქვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის პროექტი. ვვარაუდობთ, რომ ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამ საკითხის განხილვაში”, - აცხადებს ჩოჩიევი. აქვე შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მიზეზითნ ჩაიშალა. სავარაუდოდ, წინასწარი შეხვედრა დღეს, მეხუთე რაუნდის დაწყებამდე შედგება.

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთი საგანგებოდ ჩააგდეს ისეთ ვითარებაში, რომელშიც სოხუმის დელეგაცია ვერ შეძლებდა ჟენევის კონსულტაციების მორი რაუნდში მონაწილეობას. შამბა ბრალს სდებს გაეროს: ”საქმე ის არის, რომ ჩვენ მტკიცედ შეგვპირდნენ ანგარიში ქართულ-აფხაზურის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე გვექნებოდა 15 მაისს, მაგრამ ამ დღეს ჩვენ ის არ მოგვაწოდეს და დაგვპირდნენ, რომ ეს 16-ში მოხდებოდა. ანგარიში არ იყო 16-შიც და გვაცნობეს, რომ ის ორშაბათს იქნებოდა” - აცხადებს შამბა და თვლის, რომ გაეროს ანგარიში გადაცემა განგებ გვიანდება - ”ცხადია, რომ ანგარიშში არის რაღაც, რაც ჩვენ არ გვაწყობს და ამიტომ ჩაგვაყენეს ასეთ ვითარებაში. ფაქტობრივად მოგვატყუეს” - აცხადებს სერგეი შამბა. სოხუმის ხელისუფლებას სურს, რომ გაეროს ანგარიშში ახალი რეალობა იყოს გათვალისწინებული და აფხაზეთი არ იყოს მოხსენიებული ფორმით - ”აფხაზეთი, საქართველო”, როგორც ადრინდელ ანგარიშებში იყო.
XS
SM
MD
LG