Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 18 მაისი 2009


პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ”კვირის პალიტრას” ოპოზიციის მოქმედების ორ შესაძლო ვერსიას უზიარებს. პირველი ასეთია: ”ეგრეთ წოდებული ზომიერი ფრთა, რომელსაც დიალოგი სურს, ემიჯნება რადიკალურ ფრთას და მის დაუკითხავად რაღაც საკითხებზე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მიდის. ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის დასუსტებისა და დისკრედიტაციისკენ მიმავალი გზა გახლავთ, რაც, საბოლოოდ, მათ გახლეჩასა და ძალთა დაქუცმაცებას გამოიწვევს”. - ოპოზიციის მოქმედების მეორე შესაძლო და უფრო მომგებიანი გზა არჩილ გეგეშიძეს ასე წარმოუდგენია: ”ზომიერი და რადიკალური ფრთა შეთანხმებულად მოქმედებენ. ზომიერი ფრთა მართავს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, რათა შეამზადოს ნიადაგი მისი მშვიდობიანი გადადგომისთვის და ამისთვის გარკვეული დათმობები ”გამოსტყუოს” - როგორიცაა, ძირითადად, საარჩევნო გარემოს გაკეთილშობილებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მოლაპარაკებების პარალელურად, რადიკალური ფრთა კვლავაც განაგრძობს მიტინგებს და აწყობს საპროტესტო აქციებს, რათა არ დაიკარგოს საპროტესტო მუხტი, მისი სიმწვავე და, შესაბამისად, ასეთმა ფონმა მეტი წონა შესძინოს მოლაპარაკებებში ზომიერი ფრთის არგუმენტებს” - ასე ხედავს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ოპოზიციის მოქმედების ერთ-ერთ გზას. ინტერვიუ ”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება.

”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს იმედს, რომ ”მშვიდობიანი გზა შედეგს გამოიღებს და დაინიშნება არჩევნები ან, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, რეფერენდუმი, რათა სააკაშვილის თამაშიდან გასვლა ოფიციალურად გავაფორმოთ და ყველაფერი უნდა დამთავრდეს თავისუფალი არჩევნებით.” ამავე ინტერვიუში აგრეთვე წაიკითხავთ: ”ჩვენ გვჭირდება ისეთი დათმობები, რაც გაანაღდებს ყველაფერს. ორი ვარიანტია: ან მიშა უნდა წავიდეს და მერე დაინიშნოს, რაც გვინდა, ან მიშამ უნდა მოიშოროს ის კლანები, რომელიც სინამდვილეში გარანტია, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება. მეორე შემთხვევაში ის ხსნის გზას ნორმალური არჩევნებისთვის, რაღაც ფორმით იხანგრძლივებს თავის ვადას და გვიმტკიცებს, რომ ის ძველი მიშა აღარაა.” ”მთელი კვირა” ბეჭდავს აგრეთვე ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან: ”მე უფრო მეტად ვხედავ ტრაგიკულ შედეგს. ტრაგიკული მარტო ის არაა, რომ გადადგეს ან მოკლან ვინმე. გამოსავალი არის ორი სახის: ან უნდა შერიგდნენ, ან რომელიმე მხარემ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შექმნილ სიტუაციას პასუხობს. მაგრამ, მგონია, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე. ამას ჰქვია პიკური სიტუაცია. ყველაზე მეტად მაწუხებს ორივე მხარის რადიკალიზმი. ერთია, რას ლაპარაკობ და მეორეა, რას აკეთებ”, - ამბობს შევარდნაძე.

”ვერსიის” კორესპონდენტი ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს, ესაუბრა. ”ჩვენი საზოგადოება დღეს ძალიან რადიკალურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც რადიკალურები უნდა ვიყოთ და საკუთარი რადიკალიზმის მძევლები გავხდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი რადიკალი ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილია. გულწრფელად გეტყვით, არ მინდა მასთან შეჯიბრი იმიტომ, რომ ეს რადიკალიზმის კონკურსი აგონიაში,შიზოფრენიაში გადაგვიყვანს, რაც არც ჩემთვის, არც ირაკლი ალასანიასთვის არ არის მისაღები. ამიტომაც ვსაუბრობთ მშვიდობიან სტრატეგიასა და უსისხლო ცვლილებებზე, რადგან არაერთხელ ვნახეთ, რა შედეგებიც მოგვიტანა ძალისმიერმა გზებმა”, - ამბობს ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი ზურაბ აბაშიძე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობა”: ”თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, 26 მაისისთვის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სამზადისი. მათი განმარტებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ იმ დღეს ხალხი რეგიონებიდან თბილისში არ ჩამოვიდეს. როგორც ამბობენ, ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლებამ, შესაძლოა, რიკოთის გვირაბიც გადაკეტოს. სანამ ხელისუფლება რიკოთის გვირაბს გადაკეტავდეს, მანამდე ოპოზიცია აპირებს მაგისტრალების გადაკეტვას. ჯერჯერობით ეს იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამის განხორციელებას, ძნელი სათქმელია”, - წერს ”ახალი თაობა”.

”რაკიღა სააკაშვილმა გაბედა და უკვე ღიად დამდო ბრალი რუსული დაფინანსების მიღებაში, მე მას სასამართლოში ვუჩივლებ ცილისწამებისთვის”, - ეუბნება ნინო ბურჯანაძე ”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტს. ”ამ დღეებში შევიტან სასამართლოში სარჩელს სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილმა ან დოკუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები დადოს იმისა, რასაც მაბრალებს, თუ არადა, მას მოუწევს პასუხისგება ამ ცილისმწამებლურ და უსაფუძვლო ბრალდებებზე”, - აცხადებს ბურჯანაძე.

”24 საათის” მთავარი სტატია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძეს ეძღვნება. ”ალექსანდრე ებრალიძემ, ცნობილმა სანკტ-პეტერბურგელმა ბიზნესმენმა და ”ავტორიტეტმა”, რომლის მეტსახელია ”ალიკ-რინოკ”, საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. კრემლმა აქამდე ჩრდილში მყოფი მორიგი ფიგურა ორიოდე თვის წინ ამოატივტივა და გასულ კვირას, მისი სახით, საქართველოს საზოგადოებასა და ქართულ სათვისტომოს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კურსის თვალსაჩინო ალტერნატივა წარუდგინა”, - წერს ”24 საათის” ავტორი.
XS
SM
MD
LG