Accessibility links

”ქრისტიან-დემოკრატები” პრეზიდენტს ”ნაციონალებისგან” გამიჯვნას ურჩევენ


თარგამაძის თქმით, ამ გზით პრეზიდენტი თანაბარ პირობებში ჩააყენებს პოლიტიკურ პარტიებს. თარგამაძის ინიციატივას დღესვე გამოხმაურება მოჰყვა როგორც სახელისუფლებო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში.

”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 18 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის გზა არ არის რევოლუციური და დემოკრატიულ რეფორმებზეა დამყარებული. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ”ქრისტიან-დემოკრატების” მონაწილეობაც, მათივე განმარტებით, ამის დასტურია. კომისია ჯერ არ შემდგარა, თუმცა თარგამაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის 11 მაისს შეთავაზებულ წინადადებათა 7 პუნქტიან პაკეტს კიდევ ერთ შეთავაზებას ამატებს: ”ახალ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უნდა დასრულდეს საერთო სახალხო რეფერენდუმით, უნდა მოჰყვეს ახალი საარჩევნო პოლიტიკური კალენდარი, რაც გულისხმობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის პირობების შესაქმნელად. ჩვენი წინდადადებაა საქართველოს პრეზიდენტი გაემიჯნოს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებს, უარი თქვას პარტიულ კუთვნილებაზე და დღეს ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალა ჩააყენოს ჩვეულებრივ კონკურენციაში სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.”

გიორგი თაგამაძის ეს იდეა უმრავლესობამ დიდად არ მოიწონა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, მაგალითად, განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამიჯვნა მმართველი პარტიისგან კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ვერ გახდება.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დღემდე სკეპტიკურად უყურებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ჭადრაკის სასახლეში საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, 18 მაისს, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა სახლობანას თამაშს ჰგავს და, მისი თქმით, თავის დროზე, 1995 წელს, ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ერთ ღამეში შეცვალა კონსტიტუციის პროექტი, ახლა იმასვე გააკეთებს საააკაშვილი: ”საკონსტიტუციო კომისიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის პლურალიზმზეა დაფუძნებული. რაც უნდა დოკუმენტი მიიღოს საკონსტიტუციო კომისიამ, ჩვენ პარლამენტი ერთპარტიული გვყავს და ის პარლამენტი მიიღებს იმ დოკუმენტს, რასაც ამ პარტიის თავმჯდომარე უბრძანებს მას.”

შეფასებების გაკეთებისას მკაცრია ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებებს შედეგი ვერ ექნება. მიზეზი მარტივია: ”ამ ხელისუფლებამ იმდენჯერ დაარღვია კანონი და იმდენნაირი კანონი დაარღვია, მათ შორის, კონსტიტუციაც, რომ ახლა როგორც არ უნდა შეცვალონ კონსტიტუცია და კანონები, ისინი მათ მაინც დაარღვევენ.”

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე - ქართული დასის - პროექტს, როგორც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის პასიურობის შემთხვევაში, გასვლის შანსი არ ექნება. თუმცა, მისი თქმით, ეს პროექტი სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის გზებს უჭრის. ამიტომ მისი მოწოდება 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიების მიმართ უცვლელია - ის მათ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას სთხოვს: ”მზადდება სააკაშვილის ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა და მოდით, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამას. პროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა გვთავაზობს, შეიძლება სწორედ ამისთვის იქნეს გამოყენებული. მე თუ მარტო დავრჩები ამ კომისიაში, რა თქმა უნდა, გავა ის პროექტი, რომელიც სააკაშვილს აწყობს.”

”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა 18 მაისს ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან კავშირში არ უნდა იყოს და რომ ამ კომისიის მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე, უბრალოდ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

საპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც შეაქო. წინანდალში, სადაც მას უმრავლესობასთან ჰქონდა შეხვედრა, თქვა: ”პარლამენტის შიგნით არის კარგი დიალოგი. ჩვენ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გამოკლებულ ადგილებზე არ დაგვესახელებინა ჩვენი წევრები წინა არჩევნების დროს და ოპოზიციას მივეცით საშუალება, რომ ერთმანეთისათვის გაეწიათ კონკურენცია, იმიტომ რომ ყველანაირი დიალოგი პარლამენტს შიგნით უნდა მიმდინარეობდეს.”

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს,მისი შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის. როგორც 18 მაისს გიორგი თარგამაძემ განმარტა, მიმდინარეობს კონსულტაციები ამ სფეროში გამოცდილ, პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებთან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ეს პოსტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა. თუმცა ჯერჯერობით თავმჯდომარის ვინაობაც და თარიღებიც - თუ როდის დაიწყებს კომისია მუშაობას და, რაც მთავარია, როდის დაასრულებს - უცნობია.
XS
SM
MD
LG