Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ურჩევენ ოპოზიციის ლიდერებს მათი მხარდამჭერები


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები განაგრძობენ 26 მაისისათვის დანიშნული „სამოქალაქო აღლუმისათვის“ მზადებას. 18 მაისს ოპოზიციამ მიტინგები გამართა ტელეკომპანია „რუსთავი ორისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობებთან, თუმცა მანამდე ოპოზიციის ლიდერები ვერის ბაღში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქართული აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. რის მიხედვით ირჩევენ ოპოზიციის ლიდერები მიტინგის ჩატარების ადგილს და რას ურჩევენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მათი მხარდამჭერები?

შეხვედრა, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა, ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ, ჟურნალისტებისათვის ღია ნაწილში ქართული აკადემიის სახელით სიტყვით გამოვიდა პროფესორი თემურ ნანეიშვილი, ხოლო ოპოზიციისადმი საზოგადოების მიმართვა რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ წაიკითხა: „მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, იყავით პრინციპულნი და თანმიმდევრულნი მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე. ერთი მხრივ, მწვავე მშვიდობიანი ქუჩის აქციები და, მეორე მხრივ, დიალოგი ხელისუფლებასთან - ის ორი ინსტრუმენტია, რომლებიც, შეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში, მხოლოდ გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას და უფრო ეფექტიანს გახდის ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ.“

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საბოლოო მიზნად მიმართვის ავტორები პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევენ, თუმცა მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერებმა დეტალურად უნდა აუხსნან საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში. ნუკრი ქანთარიას რადიო თავისუფლება შეხვედრის დასრულების შემდეგაც გამოელაპარაკა. რეჟისორი მიიჩნევს, რომ მარტო ოპოზიციის ლიდერთა ძალისხმევა საკმარისი არაა. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობის დასაძლევად 26 მაისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დადგეს ერთად, რათა „სკამებს ჩაბღაუჭებული“ ხელისუფლება მშვიდობიანად გაეცალოს პოლიტიკურ ასპარეზსს.

„ყველაფერი გამოცადა ამ ხალხმა. უპრეცედენტო რამ გააკეთეს ამ თვე-ნახევარში“, განაცხადა ქანთარიამ, „ერთადერთი რაც არ გააკეთეს, როგორც ცნობილ ფილმშია, ქვევრი არ გატეხეს. არადა, სააკაშვილიც არ გამოდის ამ ქვევრიდან. ასე ვართ გაჩხერილები.“

ქვევრის გატეხის, ანუ ძალადობრივი მეთოდების, წინააღმდეგია შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, მწერალი კოტე ჯანდიერი, რომლის თქმითაც, ოპოზიციის ლიდერთა ძალისხმევა რამდენიმე მიმართულებით უნდა იყოს გაშლილი:

„ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ქუჩაში და ამის ფონზე ყველაფერი გააკეთოს მოლაპარაკების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩასართავად. ასე უნდა მოვიქცეთ, თუ მოვლენების რევოლუციურად განვითარება არ გვინდა.“

კოტე ჯანდიერიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები და რომ ამის გარეშე პოლიტიკური პროცესები ვერ დაუბრუნდება მშვიდ და კონსტრუქციულ კალაპოტს. საზოგადოების წარმომადგენელთა ამგვარ აქტიურობას იწონებს ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ფიქრია ჩიხრაძე:

„რაც უფრო აქტიური იქნება საზოგადოება, პოლიტიკოსებს მით უფრო მოგვიწევს ჩვენი ქმედებების გაკონტროლება და ჩვენი შეხედულებების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს საზოგადოების ინიციატივას, მათ აქტიურ მოქმედებებს, რათა უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ პროცესში, რასაც პოლიტიკური კრიზისის დაძლევა ჰქვია, რადგანაც ეს კრიზისი ყველას გვეხება და არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს.“

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციები ტელეკომპანია „რუსთავი ორისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობებთან გამართეს. ოპოზიციის ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, თქმით, ეს ორი ადგილი შემდეგი მოსაზრებების გამო შეირჩა:

„შსს-ს „მოდული“ ეს არის უმნიშვნელოვანესი ობიექტი, სადაც ხდება ყველა იმ უკანონო ბრძანების შესრულება, რასაც ხელისუფლება გასცემს - ცემა, წამება, ჯაშუშომანია, უკანონო მოსმენები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტელევიზიებს, მათ მიმართ არსებობს პრეტენზიები. ყველა ტელევიზია იმართება ერთი ხელის მიერ და ერთი სცენარით კეთდება ყველა სიუჟეტი და ამიტომ პროტესტი მიმართულია „რუსთავი ორისკენაც“, განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის თქმითაც, 26 მაისამდე მიტინგები და საპროტესტო მსვლელობები თბილისის სხვადასხვა უბანში და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართება. სხვათა შორის, ვერის ბაღში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლებმა ოპოზიციის ლიდერებს იმის დაზუსტებაც მოსთხოვეს, თუ რა იქნება 26 მაისის შემდეგ. გასაგებია, რომ, 9 აპრილის მსგავსად, ოპოზიცია 26 მაისისათვის დანიშუნლ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო აღლუმსაც მხარდამჭერთა შთამბეჭდავი რაოდენობით აღნიშნავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG