Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო მისიების პერსპექტივა საქართველოში


თუკი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის პირველივე სხდომა 18 აპრილს ულტიმატუმის წაყენებით დატოვეს, სხდომას საერთოდ არ დასწრებიან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებისგან დისტანცირების ოფიციალურ მიზეზს ბაღაფშის ხელისუფლება გაეროს გენერალური მდივნის მორიგ ანგარიშს უკავშირებს.

სოხუმის დე ფაქტო ლიდერების სურვილი იყო, რომ ანგარიშს ჟენევის პროცესის მორიგი რაუნდის წინ გაცნობოდნენ. საუბარია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის ანგარიშსა და რეკომენდაციებზე საქართველოში ორგანიზაციის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. სეპარატისტები და კრემლი გაეროს შემდგომ საქმიანობას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი სოხუმში თბილისისგან დამოუკიდებელი მისია ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, რუსეთმა იმავე მიზეზით დაბლოკა საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის გაგრძელების საკითხი, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან მიმართებით. აშკარაა, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო კონტროლს აქტიურად ეწინააღმდეგება და ”ახალი რეალობის” აღიარებას ითხოვს. რა გამოსავალი არსებობს საქართველოსთვის?

ჟენევის მოლაპარაკებებისადმი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა 5 მაისს, როცა საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლები - ცხინვალში არ შეუშვეს, 7 მაისს კი კოკოითის ხელისუფლებამ ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებული მეორე შეხვედრა ჩაშალა. ეს სწორედ ის მექანიზმია, რომლის შექმნის გარშემო მხარეთა თანხმობა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდის უმთავრეს მონაპოვრად დასახელდა. ასევე ჟენევის მოლაპარაკებებს უსწრებდა წინ რუსეთის მიერ პროცესის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის - ეუთოს - მეთვალყურეთა საქართველოში 30 ივნისის შემდეგ დარჩენის საკითხი.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გაეროს მეთვალყურეთა მანდატის ბედიც, ოღონდ უკვე აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან მიმართებით. ჟენევის მოლაპარაკებებისგან ბაღაფშის ხელისუფლების დისტანცირების მიზეზად, როგორც უკვე ვთქვით, გაეროს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიშის დაგვიანება დასახელდა. სეპარატისტები და მოსკოვი გამოხატავდნენ იმედს, რომ ბან კი-მუნის რეკომენდაციები მათ აფხაზეთში დამოუკიდებელი მისიის ამოქმედების საშუალებას მისცემდა. ეს პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის. ჟენევის მოლაპარაკებებისადმი გამოხატულ ბოიკოტს სეპარატისტების სიფრთხილით ხსნის სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი:

”აფხაზები, სეპარატისტები, ამ
თემურ იაკობაშვილი
ეტაპზე, უბრალოდ, ფრთხილობენ, რადგანაც მანდატთან დაკავშირებით გაეროს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და ამიტომ, მე ვიტყოდი, ისინი ერიდებიან ყველანაირ შეხვედრაში მონაწილეობას. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ცალკე მისია აფხაზეთში არ იქნება. ”

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და მის შესრულებას პრაქტიკულად გამორიცხულად მიიჩნევს თბილისი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ვეტოს დაადებს გაეროს მისიის მანდატის საქართველოში გაგრძელებას. აქვე ვთქვათ, რომ ერთგვარი ტექნიკური გაგრძელების ფორმატით, გაეროს მეთვალყურეებს საქართველოში დარჩენის ვადა 15 ივნისს ეწურებათ. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგანაც, ეუთოსგან განსხვავებით, გაეროს მისიის დაბლოკვა რეალურად არც სეპარატისტებისთვისაა ხელსაყრელი და არც რუსეთისთვის:

”აფხაზებს უნდათ იქ გაერო, რადგანაც ისინი მაინც უფრო მეტად ხედავენ იმ საფრთხეს, რაც გულისხმობს გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენას... რაც შეეხება რუსეთს, არც რუსეთს უნდა, იმიტომ რომ გაეროში რუსეთს უფრო მეტი სიტყვა ეთქმის, უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ეუთოში. ამიტომ მისი ინიციატივით გაეროს ასეთი მნიშვნელოვანი მისიის შეწყვეტა რომ მოხდეს, ეს მის რეპუტაციას, მის ავტორიტეტსა და მის წონას გაეროში შელახავდა.”

თუკი სხვა გამოსავალი ვერ გამოიძებნება, არჩილ გეგეშიძის ვარაუდით, გაერო მეთვალყურეთა მანდატის ისევ ტექნიკურ გაგრძელებას შეეცდება. მაგრამ უსასრულოდ ვერც ეს პროცესი გაგრძელდება. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მოსკოვი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. თუმცა ის, რომ ამით საქართველო პრაქტიკულად საერთაშორისო კონტროლის მნიშვნელოვან წილს დაკარგავს, მისი აზრით, ქვეყნის ”ბედის ანაბარად მიტოვებას” არ ნიშნავს. იაკობაშვილის თქმით, მნიშვნელოვან ძალად რჩება ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეთვალყურეები ვერ ლახავენ ადმინისტრაციულ საზღვარს. პარალელურად თბილისი ისევ მოელის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ადრე თუ გვიან მხარს დაუჭერს მის მოთხოვნას, რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების ჩაყენებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის ანგარიშს, რომელიც გაეროს რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად, ის, სავარაუდოდ, სამშაბათს გამოქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG