Accessibility links

აქციების ორგანიზატორები პრეზიდენტს კონკრეტული წინადადებებით პასუხობენ


18 მაისს 9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ოპოზიცია 11 მაისს პრეზიდენტის მიერ დიალოგისთვის დასახელებულ რამდენიმე მიმართულებაზე კონკრეტული წინადადებებია წარმოდგენილი. მათ შორის დიდი ნაწილი საპასუხისმგებლო სფეროების ხელმძღვანელებად პირების ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნას ეხება. ”ამ წინადადებების 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი”, - აღნიშნულია განცხადების შესავალ ნაწილში. ოპოზიციის პირველი წინადადება არის ”რეალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად”, რისთვისაც საჭიროდ თვლის: პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას; 2009 წლის შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თბილისის მერის არჩევნების ჩატარებას; გარდა ამისა, ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის დასაწყებად საჭიროდ თვლის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას ოპოზიციასთან შეთანხმებით და ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფის შექმნას;
ოპოზიციის გუშინდელი განცხადების მეორე პუნქტში წერია: ”საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყებად: კონსტიტუციური ცვლილებების გზით მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენა 2009 წლის ოქტომბრისათვის; საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე;”
9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა - იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნა; შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და უშიშროების სხვა ქვედანაყოფების გამოყოფა. მეოთხე წინადადებად ოპოზიცია პრეზიდენტს სასამართლო რეფორმის დასაწყებად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნას სთავაზობს.
ოპოზიციის დოკუმენტის ბოლო - მეექვსე პუნქტი მედიას ეხება: ”მედიასივრცის გაჯანსაღების და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დასაწყებად: საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით; მეორე არხის მართვის გადაცემა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებული ჯგუფისათვის; ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება; მაუწყებლობის ლიცენზირების ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრა”.
XS
SM
MD
LG