Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი დასაშვებად ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებს თვლის


ორშაბათს, შუადღისას პრეზიდენტი სააკაშვილი წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა, სადაც ხელისუფლების მიერ მიღწეული წარმატებების გარდა ჩამოაყალიბა თავისი ხედვა არჩევნების პერსპექტივაზე. ვიდრე სამომავლო არჩევნებზე იტყოდა, სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ჯერ და ვნახოთ - შეგვიძლია, თუ არა მოლაპარაკება იმაზე, რა არის ისეთი საარჩევნო სისტემა, როცა დავითვლით ხმებს და ვაღიარებთ შედეგებს. მე საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგე ორი-ერთთან პროპორციით უახლოეს მდევართან”. რაც ეხება პრეზიდენტის ხედვას რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, ის აცხადებს - ”შევქმნათ საარჩევნო სისტემა, მათ შორის - ადგილობრივი არჩევნების. გადმოვწიოთ აქეთ ადგილობრივი არჩევნები და ვნახოთ. ჩავატაროთ ჯერ ადგილობრივი არჩევნები. შევთანხმდეთ, რომ ეს შედეგები არის ის შედეგები, რაზეც ყველა ვთანხმდებით. მერე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. მერე ზუსტად ასევე, როცა კონსტიტუციური ვადა მოუწევს, ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ჩავატარით საპრეზიდენტო არჩევნები ამის შემდეგ უკვე”. სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესის განმუხტვისთვის და გაჯანსაღებისთვის არჩევნებიც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იქვე, ოპოზიციის საყურადღებოდ დასძენს - ”მაგრამ, იმ პირობებში, როცა არჩევნები, უბრალოდ, საბაბია იმისათვის, რომ ქვეყანა არიო და ბევრი ფული დაახარჯო, ეკონომიკა გააჩერო, საბაბი შექმნა იმისათვის, რომ კიდევ მეტი არეულობა შექმნა, ეს არ არის გამოსავალი არც ერთი პოლიტიკური სიტუაციიდან”.

გუშინდელი გამოსვლისას, სააკაშვილმა დადებითად შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციასთან ურთიერთობა - ”არის კარგი დიალოგი პარლამენტის შიგნით” - აცხადებს ის და დასძენს, რომ ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე ხელისუფლებას სწორედ საპარლამენტო ოპოზიცია ურტყამს. არასაპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას კი მის ერთგვარ გრადაციას ახდენს: ”რადიკალურ ჯგუფებს შორის, მე ვფიქრობ, მაინც უკვე გამოიკვეთა სხვადასხვა ფიგურები, მათ შორის, ისინი, ვინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს, უფრო რეალისტურად აფასებენ სიტუაციას. სხვადასხვა ხალხი არსებობს. არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ უკანდასახევი გზა არსად არ არის და მთავარი რეცეპტი შენი პოლიტიკური წარმატების არის საკუთარი ქვეყნის არევა, ანგრევა, ეკონომიკის გაჩერება, ან დამუქრება ეკონომიკის გაჩერებით”.

სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა უამრავ შეცდომას უშვებს, მაგრამ ოპოზიცია მას ”სრულიად სხვა კუთხით” ურტყამს, ”არადა, გასაკრიტიკებელი არის ბევრად უფრო მეტი” - ამბობს ის.

წინანდალში გამოსვლისას სააკაშვილმა რამდენჯერმე ახსენა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ცუდად წარმოჩენის ”ვირტუალური მცდელობა” და განაცხადა - ”ფეხის ბაკუნით ქვეყნის არევა, და იარაღის ბრაგუნითაც, სხვათაშორის, არავის არ გამოუვა”. იქვე დასძენს, რომ ვითარების დალაგება ”ურთიერთგაცვლის, დიალოგის და ერთმანეთის თვალებში ჩახედვის” გზით, ჩვეულებრივი რამ არის.

სააკაშვილის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის მიზანი უნდა იყოს არა ხელისუფლების რომელიმე შტოს დასუსტება, არამედ ძლიერი საპრეზიდენტო და საპარლამენტო ინსტიტუტები.
XS
SM
MD
LG