Accessibility links

logo-print

ვაშაძე: გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს რუსეთის წნეხის კვალი ეტყობა


გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში, რომლის ტექსტიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, უკვე გახდა გარკვეული დაპირისპირების საგანი. მხარეებისთვის მიწოდებული წინასწარი ასლი რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე გამოიყენეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათთვის სასურველი მიზანი მიღწეულია. აქცენტი სათაურზე კეთდება. თბილისი დოკუმენტის გამოქვეყნებამდე კონკრეტული კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა უკვე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს რუსეთის წნეხის კვალი ეტყობა.

თბილისში თვლიან, რომ გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარების გაკეთების დრო ჯერ არ დამდგარა, რადგანაც დოკუმენტის ტექსტი ჯერ ისევ შესწავლის პროცესშია. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოიფარგლება: ”არის პოზიტიური მომენტები და არის მომენტები, რომლებიც, ნათელია, რომ რუსეთის წნეხის გამო არის შეტანილი ამ მოხსენებაში.”

მოსკოვის კმაყოფილება, უმთავრესად, დოკუმენტის სათაურს უკავშირდება, რომელშიც, გაეროს გენერალური მდივნის წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, აღარც საქართველოა ნახსენები და აღარც აფხაზეთი, როგორც საქართველოს ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ გამოუქვეყნებელ დოკუმენტს ასეთი სათაური აქვს: ”გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში, წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808, 1839 და 1866 რეზოლუციებთან შესაბამისობაში.” სათაურთან მიმართებით გრიგოლ ვაშაძე სახიფათოს ვერაფერს ხედავს და გაეროს ამგვარ ნაბიჯს ერთგვარ ნეიტრალურ კომპრომისად აღიქვამს: ”სამდივნომ დიდხანს იფიქრა კომპრომისულ ვარიანტზე, ამიტომ შეიტანა ყველა ის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული და ის რეზოლუციები, რომლებშიც კატეგორიული მოთხოვნაა რუსეთის წინაშე დაყენებული - პატივი სცეს ამ ტერიტორიულ მთლიანობას. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამისთანა კომპრომისით, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კომპრომისი რაღაც სიხარულის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას ან მარიონეტულ რეჟიმებს.”

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო არასოდეს შეეგუება კომპრომისს, რომელიც რაიმე საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში საფუძვლად უნდა დაედოს რეზოლუციის პროექტს, რომლის მიღებაც 15 ივნისისთვის არის ნავარაუდევი და რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა დარჩენა-არდარჩენის საკითხი. თბილისისთვის ცხადია, რომ რუსეთი, ეუთოს შემდეგ, საქართველოში ახლა უკვე გაეროს მუშაობის დაბლოკვას შეეცდება, რადგანაც ბნელი ზრახვების განხორციელებისას მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ”მოწმეები არ სჭირდება”. პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ საქართველოს მეგობრები დაეხმარებიან: ”ქართული მხარე არასოდეს დაეთანხმება არც ერთ დოკუმენტს, არც ერთ ფორმატს, რომელიც მოახდენს რუსული ოკუპაციის შედეგად მიღებული რეალობის დაკანონებას სამართლებრივ და საერთაშორისო დონეზე. ეს არის რუსეთის მცდელობა, ამ მცდელობას უკვე ემსხვერპლა ეუთოს მისია, მაგრამ ქართული მხარე ამას ვერ დასთანხმდება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებით უშიშროების საბჭოში, ჩვენ მოვახერხებთ გაეროს მისიის შენარჩუნებას ისე, რომ ამან ეჭვის ქვეშ არ დააყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.”

გაეროს რეზოლუციის მიღებას უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის თანხმობა ესაჭიროება და თუკი გავითვალისწინებთ, რომ ხუთიდან ერთი რუსეთია, შეუძლებელი ხდება საქართველოსთვის ბოლომდე მისაღები დოკუმენტის დამტკიცება. მაგრამ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, ბოლომდე თავისას ვერც რუსეთი გაიტანს. თუ საჭირო იქნება, საქართველოს მოკავშირეებმა, შესაძლოა, ვეტოს უფლებაც გამოიყენონ: ”არ არის გამორიცხული, რომ სამივემ, - ასე ვთქვათ, ჩვენმა ახლო მოკავშირე სახელმწიფოებმა საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, - სამივემ დაბლოკოს. მაგრამ მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიური იქნება შეერთებული შტატები. ისინი არ შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის დაკანონების მცდელობას.”

სავარაუდოდ, ახალი რეალობის აღიარებაში რუსეთი მხარდაჭერას ვერც უშიშროების საბჭოს მე-5 წევრისგან - ჩინეთისგან - მოიპოვებს, რადგანაც პეკინმა, საკუთარი პრობლემების გათვალისწინებით, უარი თქვა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ას მოჰყავს ციტატა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშიდან, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკავშირდება: ”გაეროს მისიის დაფარვის ზონაში რჩება მძიმე ტექნიკა და სამხედროები, მიუხედავად 1866-ი რეზოლუციის მოწოდებისა, რომ დაცული იყოს მოსკოვის შეთანხმების პირობები.”

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს სრულად არ გაუყვანია სამხედროები და შეიარაღება, რაც მან აგვისტოს ომის დროს საქართველოში შეიყვანა და რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ”მოწყვლადია.” ”ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით გალის რაიონში, არასტაბილურ ვითარებაში იმყოფება. იზღუდება მათი გადაადგილების თავისუფლება ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე,” - აღნიშნულია გაეროს ანგარიშში, რომლის ფრაგმენტებსაც გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ა ავრცელებს.

XS
SM
MD
LG