Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთ-ევროკავშირის სამიტისთვის ემზადებიან


ხაბაროვსკში სამიტისთვის ემზადებიან

ხაბაროვსკში სამიტისთვის ემზადებიან

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 21-22 მაისს რუსეთ-ევროკავშირის სამიტია დანიშნული. ამ სამიტის შესახებ ისაუბრეს 18 მაისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გარდა ამისა, მინისტრებმა ილაპარაკეს მოლდავეთსა და ირანში არსებულ ვითარებაზე და დრო დაუთმეს საქართველოს სიტუაციის განხილვას.

”რიტორიკა რეალობის წინააღმდეგ” - ბევრი დიპლომატი ასე ახასიათებს ევროკავშირის არჩევანს რუსეთთან მიმართებით.

რუსეთს ევროკავშირი ”სტრატეგიულ პარტნიორად” მოიხსენიებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ამ სტატუსის შესაფერისად არ იქცევა. გასული წლის შემდეგ ბრიუსელში ამ ”სტრატეგიული პარტნიორის” მიმართ სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ საქართველოსთან ომი იყო, მერე უკრაინისთვის და, შესაბამისად, ევროპისთვის - გაზის გადაკეტვა. ამ მასშტაბური პრობლემების პარალელურად არსებობს შედარებით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომელთა ირგვლივაც რუსეთი დათმობაზე არ მიდის და რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობას. ასეთებია ევროკავშირის საჰაერო ტრანზიტზე დაწესებული მაღალი გადასახადები, ხის მასალის გატანის საფასური და ევროკავშირთან სასაზღვრო პუნქტებზე სატვირთო მანქანების მუდმივად გრძელი რიგები.

21-22 მაისს ხაბაროვსკში დანიშნული რუსეთ-ევროკავშირის სამიტისგან ბრიუსელი ხელშესახებ შედეგებს არ ელის. შეხვედრის ბოლოს არც ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, რაც თავისთავად უკვე უთანხმოების ნიშანია. ყველაზე დიდი შედეგი, რისი იმედიც ევროკავშირს შეუძლია ჰქონდეს, არის ის, რომ მოსკოვი სამომავლო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

ბრიუსელში ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სამიტზე რუსეთი ყველანაირად ეცდება ევროკავშირს ირონიულად მოეკიდოს და ისარგებლოს ფაქტით, რომ კავშირის დელეგაციას ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, უხელმძღვანელებს, რომელიც ევროსკეპტიკური და პრორუსული შეხედულებებით არის ცნობილი. ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა 1 ივლისამდე - შემდეგ ამ ფუნქციას შვედეთი იტვირთებს. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ევროპის ქვეყნების მთავრობები დიდწილად კლაუსის პიროვნებასა და ქცევაზე იქნებიან დამოკიდებულნი.

ევროკავშირი ცდილობს, სამიტის პროგრამა მარტივი იყოს. ჩეხეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კოჰოუტმა, 18 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის პრიორიტეტები ფართოდ და, ამავე დროს, საკმაოდ ბუნდოვნად დასახა: “კვირის ბოლოს ხაბაროვსკში დანიშნულ სამიტზე საშუალება მოგვეცემა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩვენთვის საერთო მრავალ საკითხზე ვისაუბროთ - მათ შორის გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებებსა და საერთაშორისო საკითხებზე.”

რუსეთი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, ყველანაირად ეცდება გაიტანოს თავისი ინტერესები. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა 13 მაისს ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხაბაროვსკის სამიტზე მოსკოვისთვის პრიორიტეტული საკითხები უსაფრთხოება და ენერგეტიკა იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, 15 მაისს ტელეკომპანია ”როსია ტივისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს სურს, მისი ”პარტნიორები” უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ”ახლებურ მიდგომაზე” შეთანხმდნენ. ეს მიდგომა არ უნდა ითვალისწინებდეს ნატოს გაფართოებას და, შესაბამისად, ევროკავშირის გავლენის გავრცელებას.

კულუარებში რუსი დიპლომატები ცდილობენ ხორცი შეასხან ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტს, რომლის დამტკიცებასაც მოსკოვი 2008 წლის ივნისიდან აჭიანურებს.

28 აპრილს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს უსაფრთხოების საკითხებზე ახალი, სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმება სურს. ნომინალურად უსაფრთხოების პანევროპულ ორგანიზაციად ეუთო რჩება, თუმცა ლავროვმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია მისიას ვერ ასრულებს, რადგან მას არ შეუძლია საერთაშორისო კანონმდებლობის შექმნა.

ცხადია, მოსკოვმა იცის, რომ ევროკავშირის დელეგაციას,რომელსაც კლაუსი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა წარმოადგენენ, მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების საშუალება არ ექნება. დელეგაცია მხოლოდ იმ თემების წამოჭრას შეძლებს, რომელთა ირგვლივაც ევროკავშირის 27-ვე წევრის კონსენსუსი არსებობს.

”საერთაშორისო საკითხების” გრიფით ხაბაროვსკის სამიტზე რუსეთი და ევროკავშირი მოლდავეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ. ამის შემდეგ, 19-20 ივნისს, უკვე ევროკავშირის სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ბლოკი საქართველოს შესახებ დეკლარაციას მიიღებს.
ორშაბათს ბრიუსელში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კოჰოუტმა, საქართველოს ევროკავშირის ერთ-ერთი ”მთავარი” პრიორიტეტი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში არსებული კონფლიქტების დიპლომატიური გადაწყვეტისთვის კვლავაც იმუშავებს. კოჰოუტმა იმედი გამოთქვა, რომ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს, ნაყოფიერი იქნება.

დიპლომატებმა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს - ხავიერ სოლანა მიესალმა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრებს და გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან თავისი ამასწინანდელი შეხვედრა პრაღაში: "აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ გასული კვირის ბოლოს პრაღაში გამართულ მნიშვნელოვან სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი. ამის შემდეგ გაიმართა სააკაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან. შეხვედრები გაგრძელდება - ამ თვის 26-ში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრები სტაბილურობის განმტკიცებისთვის კონსტრუქციული და პოზიტიური იქნება.”

უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების პარალელურად, ხაბაროვსკის სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა ენერგეტიკა იქნება.

დმიტრი მედვედევს ნათქვამი აქვს, რომ ევროპის ენერგეტიკის ქარტიიდან გასვლა სურს. ქარტია, რომელსაც მოსკოვმა ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიკაცია არ მოუხდენია, ენერგეტიკის სფეროში მოსკოვთან ვაჭრობის ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად. რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი ენერგეტიკის ბაზარი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გახსნას ან უცხოეთის კომპანიებს მისი სადენების სისტემით სარგებლობის საშუალება მისცეს.

ევროპელი დიპლომატების თქმით, წინადადებები, რომლებსაც მათ მედვედევი სთავაზობს, ქარტიის ზოგიერთ პუნქტს ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებთან არის შერწყმული. რუსეთს სურს, ჰქონდეს ნავთობის ტრანზიტზე მნიშვნელოვანი გავლენა და ევროკავშირის დისტრიბუციის ქსელებში ინვესტიციის უფლება. ევროკავშირი, თავის მხრივ, რუსეთში ენერგეტიკის წარმოებისა და დისტრიბუციის მონოპოლიებით არის უკმაყოფილო. 15 მაისს ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ენერგეტიკის ქარტიაზე უარის თქმას არ აპირებს.
ზოგადად, რუსეთთან ტრადიციულ უთანხმოებასთან მიმართებით ევროკავშირში სამი მიდგომა იკვეთება. პირველი ჯგუფი მოიცავს ”რუსეთის მეგობრებად” წოდებულ ქვეყნებს. ამ ბანაკს საფრანგეთი, გერმანია და იტალია ხელმძღვანელობენ, თუმცა მასში აგრეთვე შედიან საბერძნეთი, კვიპროსი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ეს ჯგუფი რუსეთს, ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს.

მეორე გუნდს რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამორჩეული ქვეყნები შეადგენენ - პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი და ბრიტანეთი. ამ ქვეყნებს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს - ევროკომისიის - სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ. ჩანს, რომ რუსეთის ქცევით ევროკომისიის უკმაყოფილება იზრდება.

მესამე ჯგუფი, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, მოიცავს რუსეთის მეზობლებს - ფინეთს, ლატვიას, ესტონეთს - და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობა, რაც არ უნდა დიდი იყოს ამის საფასური.
XS
SM
MD
LG