Accessibility links

logo-print

ყნოსვა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება


საყოველთაოდ ცნობილია ძაღლების ყნოსვითი უნარი. როგორც უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევები ცხადყოფს, მსოფლიოში არაერთი მცდელობაა იმისა, რომ ეს უნარი პოლიტიკური ოპოზიციისა თუ რასის დადგენისთვის იქნეს გამოყენებული.

სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ბრიტანელმა იურისტმა, ემბერ მარკსმა გამოსცა წიგნი, რომელიც სამძებრო საქმეში ცხოველების, არა მხოლოდ ძაღლების, გამოყენებას ეხება. ავტორის აზრით, ძაღლი არც თუ ისე ხშირად არის ადამიანის მეგობარი.

მისი ერთ-ერთი საინტერესო დასკვნაა, მაგალითად, ის, რომ პოლიცია ზედმეტად ენდობა ძაღლების ყნოსვას, მაშინ, როცა მათი სიზუსტე სულაც არ არის ასპროცენტიანი.

"საინტერესოა შევადაროთ, რა რეპუტაციით სარგებლობენ ძაღლები სამედიცინო და სასამართლო სფეროებში. სასამართლო სფეროში მათი სიზუსტე თითქმის არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ. მათ რეგულარულად იყენებენ სასჯელის გამოტანაშიც და გამოძიებისთვის," თქვა მარკსმა.

მაგრამ ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების ძებნისას გამოყენებული ძაღლების მიერ დაშვებული შეცდომები 74 პროცენტს აღწევს. ძაღლები მცდარად იღებდნენ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების მფლობელების გამოვლენისას. თუმცა მარკსი ძაღლის დასაცავად შენიშნავს, რომ შესაძლოა ამის მიზეზი ძაღლებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის არასწორი კომუნიკაცია იყოს.

სამედიცინო გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ძაღლს შეუძლია ადამიანში კიბოს დაავადება იყნოსოს, რის ზუსტად დადგენა მხოლოდ მოგვიანებით შეიძლება ლაბორატორიული გამოკვლევების მეშვეობით. მაგრამ მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, რას იყნოსავენ ძაღლები, კონკრეტულად კიბოს დაავადებას, თუ იმას, რომ ადამიანის იმუნურ სისტემაში რაღაც ვერ არის რიგზე.

მარკსის თანახმად, ზოგიერთი რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ძაღლის ყნოსვითი უნარი პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს:

"ეს ყველაზე მეტად უკავშირდება აღმოსავლეთ გერმანიის 'შტაზიზე' დამყარებულ რეჟიმს. კარგად არის ცნობილი, რომ ისინი დისიდენტების სუნებს ქილებში ინახავდნენ."

ჩინეთის მთავრობამ კი შარშან გამოაქვეყნა პრესრელიზი იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ადგილებზე შეგროვებული სუნების სინჯების ბანკი შექმნა.

სამართალდამცავი ორგანოები არა მხოლოდ ძაღლების ყნოსვით უნარს იყენებენ გამოძიებისთვის. გამოიყენება მწერები და ტექნიკური მოწყობილობები, რომელთაც "ელექტრონული ცხვირები" ეწოდება. ისინი ძუძუმწოვარა ცხოველების სენსორული აპარატის მიბაძვით იქმნება.

მარკსის წიგნის თანახმად, ასეთი ელექტრონული ცხვირის მწარმოებელ ერთ-ერთ ბრიტანულ ფირმას სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მიმართა შეკითხვით, შეეძლო თუ არა ამ მანქანას შავკანიანი ადამიანის სუნის გარჩევა. საწარმომ უარი თქვა პასუხის გაცემაზე, მაგრამ შეშფოთებულია, რომ ასეთი პროდუქტის მიმართ ინტერესი არსებობს.

"ელექტრონული ცხვირის მწარმოებელი, რომელსაც ვესაუბრე, შიშობს, რომ ეს ყნოსვითი თვალთვალის მომავალია. რომ ატარებენ მრავალრიცხოვან გამოკვლევას, სხვადასხვა მწერს სხვადასხვა სუნის ამოსაცნობად წვრთნიან. ეს იქნება ბიოლოგიური ომის მომავალი - სხვადასხვა ეთნიკურ სუნზე გაწვრთნილი მწერებით," ამბობს მარკსი.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა გამოკვლევა, რომლის მიზანია შეისწავლოს, რამდენად შესაძლებელია გარკვეულ სუნზე გაწვრთნილი ფუტკრების გუნდის გამოყენება სამძებრო საქმეში. შეერთებულ შტატებში მსგავსი გამოკვლევები ტარდება ჩრჩილებზე, ფუთკრებზე, კრაზანებსა და ტარაკანებზე. რუსეთში კი ძაღლებს ტურებთან აჯვარებენ ყნოსვის უნარის გასაძლიერებლად.
XS
SM
MD
LG