Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს საქართველოს ბიუჯეტის შესრულებას?


გართულებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სულ უფრო ჭირს საქართველოს ბიუჯეტის შევსება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე პირველად ვერ შესრულდა აპრილის თვის საბიუჯეტო გეგმა, წინა თვეებში კი საგადასახადო შემოსავლები საშუალოდ 10 პროცენტით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები. საქართველოს მთავრობა და არასაპარლამენტო ოპოზიცია საბიუჯეტო ჩავარდნის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ.

საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთ-ერთმა ძირითადმა წყარომ, საქართველოს რკინიგზამ, გამოაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საგრძნობლად შემცირდა სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის შემოსავლებმა კლება იწყო, რის გამოც რკინიგზა იძულებულია 35 ათასამდე თანამშრომელი დაითხოვოს. შესაბამისად, შემცირდა რკინიგზის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებიც. გაუთავებელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო შემოსავლების კლებას უჩივიან სხვა წვრილი თუ საშუალო კომპანიები, მათ შორის, ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელმაც შარშან ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. ის ამბობს:

„ყველაზე მტკივნეულად ტურიზმის ბიზნესი იზარალებს, იმიტომ რომ დაგეგმილია ყველა ადამიანის დასვენების ვადები და, სამწუხაროდ, იმ სააგენტოებს, რომლებიც საქართველოს ტურიზმის რეკლამირებას ეწევიან, შეკვეთები საქართველოზე ჯერჯერობით არ აქვთ.“

გასული კვირის მიწურულს საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ შექმნილი ვითარების შესახებ კონსულტაციები გამართონ როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველოსთვის“, საბიუჯეტო შემოსავლების კლების მიზეზს ქვეყნის მთავრობის პოლიტიკაში ხედავს. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, შოთა გვენეტაძის, კომენტარი:

„სააკაშვილის მმართველობის ყოველი 2 თვე ნიშნავს ეკონომიკას ერთი წლის უკან. დღეს ჩვენ ვართ 2007 წლის მდგომარეობაში და,თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება ორ თვეში ერთი წლით დავიხიოთ უკან.“

შოთა გვენეტაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, პარტიას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ბიუჯეტის სეკვესტრი დროულად განახორციელოს:

„აი, ამ ციფრებზე დაყრდნობით, ერთი მილიარდით ნაკლები შემოსავალი იქნება წლის განმავლობაში. აუცილებლად უნდა მომზადდეს ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი.“

არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა პარტიების უმრავლესობა ყველა პრობლემიდან - ისევე როგორც საბიუჯეტო სირთულეებიდან - გამოსავალს პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს. თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებში არასაპარლამენტო ოპოზიციის როლზე მიუთითებს:

„საგადასახადო შემოსავლების აკრეფა გაიზარდა, ინვესტიციებმა დაიწყეს შემოსვლა. მაგალითად, გაჩერებული იყო საავადმყოფოების დიდი პროექტი, აი, ამ მოვლენების გამო. კიდევ კარგი, გუშინწინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ეს ფული შემოვა საქართველოში. ჯერ ერთი, ხალხი დასაქმდება მშენებლობაზე და ჩვენს ექიმებს შეექმნებათ უკეთესი პირობები.“

ჯერჯერობით საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების რაიმე ნიშნები არსად ჩანს და ამას თავად ბიზნესმენების განცხადებებიც მოწმობს. ბანკ ”რესპუბლიკის” ხელმძღვანელის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკს საკმარისი ფინანსური რესურსები აქვს, მომხმარებლები თავს იკავებენ კრედიტების აღებისგან:

„ლიკვიდურობა, პირიქით, გვაქვს და არ არის მოთხოვნა. ეს ავტომატურად იწვევს გადასახადების ნაკლებობას ბიუჯეტში და ბიუჯეტის მუხლების შეუსრულებლობას.“

ბიზნესმენების გარდა, პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და საბიუჯეტო სირთულეების დაძლევის გასაღები პოლიტიკურ სტაბილურობაშია, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას სტაბილიზაცია სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია და ეს გაჭიანურებული უთანხმოება კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.
XS
SM
MD
LG