Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 20 მაისი 2009


”რეზონანსი” პირველ გვერდზე წერს: ”26 მაისს აღლუმის გამართვის ადგილად ხელისუფლება ამჟამად ყველაზე აქტიურად ვაზიანის სამხედრო ბაზას განიხილავს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.” პუბლიკაციაში აგრეთვე წაიკითხავთ: ”პირველი ვარიანტით, ქვეყნის მთავარსარდალი აღლუმის მიღებას ქუთაისში გეგმავდა, მაგრამ ეს ვარიანტი ვაზიანის სამხედრო ბაზით შეიცვალა”. ”რეზონანსის” ავტორის თქმით, ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”ჯარს პოლიციურ კონტროლს უქვემდებარებენ - აცხადებენ ყოფილი სამხედროები”. ავტორის ინფორმაციით, მუხროვანის ბატალიონის მთელი შემადგენლობა კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი ურთიერთობა აეკრძალათ. ”რეზონანსიდან” შეიტყობთ აგრეთვე, რომ შიმშილობას არ წყვეტს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება. ადვოკატების თანახმად, გამოძიებამ კობალაძეს აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზა. კობალაძეს ბრალი ედება სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში.

”ჩემი აზრით, ჯერჯერობით ყველაფერი შუა ტყავებაშია. ჯერ არც მწვადი დამწვარა და არც შამფური. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა” - ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელმაც ინტერვიუ ”საქართველოს რესპუბლიკას” მისცა. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას უკეთესი ორგანიზაცია სჭირდება, რომ საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გადაწყვეტილების მიმღები და შემსრულებელი სტრუქტურები. ”თუ ოპოზიცია მოახერხებს ამგვარ ორგანიზაციას, ის უფრო ეფექტიანი გახდება, თუ - ვერა, ხელისუფლება გაიმარჯვებს. სიმართლე ვის მხარეზეა, გამარჯვებისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა”, - ამბობს საყვარელიძე.

დღევანდელი ”24 საათი” ეხმაურება გაეროს გენერალური მდივნის მორიგ ანგარიშს, რომლის მხოლოდ სახელწოდება და მასზე მხარეთა გამოხმაურებებია ცნობილი. ”ბლეფი არგუმენტებით” - ასე ჰქვია სტატიას, რომელშიც წერია: ”გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ, რომლის სახელწოდებაში არც აფხაზეთი და არც საქართველო ნახსენები აღარ არის, რუსული მხარის და მარიონეტული რეჟიმების კმაყოფილება გამოიწვია. თბილისში უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ რუსეთი გაეროზე ზეწოლას ახორციელებს, თუმცა, აცხადებენ, რომ მოხსენების ტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დაცულია.”

ამავე თემაზე ”ვერსიაში” წაიკითხავთ: ”სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის დედის გინებითა და ჭიდაობითაა დაკავებული, საქართველო იმ ხავსსაც კარგავს, რომელსაც აგერ უკვე 17 წელია ეჭიდება და იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. გაეროს ყველა რეზოლუციითა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტით ამ ხნის მანძილზე აღიარებული იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჟენევის მოლაპარაკებების კულუარებიდან კი დღეს სულ სხვა ინფორმაციები ჟონავს - გაეროს, რომელიც უკვე კარგა ხანია სულს ღაფავს, როგორც ჩანს, სურვილი გაუჩნდა, რუსეთის ყურმოჭრილ მონად მოკვდეს - აბა, სხვაგვარად როგორ უნდა შეაფასო ანგარიში, რომელშიც საერთოდ აღარ არის ჭაჭანება ფრაზისა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.”

ამ გაზეთში არაერთ ინტერვიუს წაიკითხავთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა, ამბობს: ”ბუნებრივია, სააკაშვილი ბოროტებას გეგმავს, მაგრამ ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ის შედეგები, რაც შეიძლება თუნდაც ერთი მხარის უგუნურ საქციელს მოჰყვეს. ბუნებრივია, ყველა პროცესი ადრე თუ გვიან შეთანხმებით სრულდება. თუმცა ჩვენ ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების სხვადასხვა ფრონტი გვაქვს.” ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში წარსულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მოქმედებაზე ამბობს: ”სანამ ასეთ მასობრივ გამოსვლებს დაიწყებ, კარგად უნდა იმუშაო. დღეს ოპოზიციას არ აქვს ტელევიზია, რომელიც მთელ ქვეყანაში მაუწყებლობს, არ აქვს ძალოვნებისა და სტუდენტების მხარდაჭერა. ზაფხული იწყება, ხალხი ქუჩაში როდემდე იდგება? ყველაფერი იქით მიდის, რომ უკეთესი იქნება, ოპოზიციამ შეცდომები გაითვალისწინოს და... დიალოგზე კიდევ ერთხელ წავიდეს. იქნებ, რაღაცას მიაღწიონ და საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კანონისა და ადმინისტრაციის შეცვლა მაინც მოახერხონ.”

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს თამარ ჩხეიძეს გაესაუბრა. ჩხეიძეს მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციები არასწორად იყო წარმართული. ”იმ რაოდენობის ხალხით, რაც 9 აპრილს გამოვიდა, რასაკვირველია, შეიძლებოდა უკეთესი შედეგების მიღწევა. მე სადმე შეჭრას არ ვგულისხმობ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. იმის განცხადება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდებოდა იმის შესათანხმებლად, როგორი იქნებოდა სააკაშვილის გადადგომის საკითხები, თავიდანვე სრული აბსურდი იყო. შეხვედრა უნდა ყოფილიყო კონკრეტული მოთხოვნით. ამგვარად, სააკაშვილის გამარჯვებული მდგომარეობა ამ ეტაპზე გამოწვეულია მთლიანად ოპოზიციის არაადეკვატური ქმედებით”, - ამბობს თამარ ჩხეიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” ბეჭდავს.
XS
SM
MD
LG