Accessibility links

logo-print

დასრულდა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში


მიხეილ სააკაშვილი ბაქოში

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში

აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველო მომავალი 5 წლის განმავლობაში მიიღებს გაზს აზერბაიჯანიდან .

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში. სააკაშვილს ბაქოს აეროპორტში დახვდა ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი. აეროპორტიდან სააკაშვილმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულა.

ოთხშაბათს სააკაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. ბაქოში შეხვედრების დღის წესრიგშია ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ორი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ღრმავდება და ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი ასპექტები გლობალურ მნიშვნელობასაც იძენს.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ილჰამ ალიევი და მისი გუნდი ყოველთვის ასრულებენ მიცემულ სიტყვას. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ერთგვარი "ძმური კონფედერაცია" შეიძლება ეწოდოს.

"არ არსებობს საკითხები, რომლებიც აშორებს და არ აახლოვებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. არ არსებობს საკითხები, რომელთა სწრაფად გადაწყვეტა არ შეგვეძლოს," თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ეკონომიკური განვითარების მინისტრები იმყოფებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზმიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაასრულა. ბაქოდან პირდაპირი ავიარეისით მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გაემგზავრება. ამ მიმართულებით რეგულარული ავიამომოსვლა ივნისიდან დაიწყება. აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან მიიღებს. როგორც აზერბაიჯანის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, ამჟამად ორი ქვეყანა მოლაპარაკებას გაზის ტარიფზე აწარმოებს.
XS
SM
MD
LG