Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდაპოლიტიკურ "გარჩევებში" არმიის ჩარევა სახიფათოა


ნატოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნა ვაზიანში
ნატოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნა ვაზიანში
გასული კვირის დასაწყისში სამხედრო პოლიციამ დააკავა მუხროვანის ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი სამხედრო ბრიგადის კიდევ ორი მეთაური. იძებნებიან ამბოხის სხვა ორგანიზატრები, რომლებმაც მიმალვა სცადეს. ბევრი იწერება არმიაში არსებულ მორალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, რასაც კიდევ უფრო ართულებს სამხედრო სისტემის პოლიტიზების მცდელობა. ასეთ ფონზე, საქართველოში - პროგრამით "პარტნიორობა მშვიდობისათვის" - მიმდინარეობს ნატოს საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომლის გამართვას ხელი ვერც რუსეთის დიპლომატიურმა დემარშმა შეუშალა და ვერც შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა. სწორედ ნატოს სწავლებით დაიწყო განვლილი "სამხედრო კვირის" შეფასება სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელსაც კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.

ირაკლი ალადაშვილი: აქ ცოტა გაუგებრობა იყო [სწავლების] გახსნის პერიოდში. სულ თავიდან, როდესაც სწავლების ჩატარების შესახებ გამოცხადდა, მაშინ საუბარი იყო 19 ქვეყანაზე. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ოთხმა ქვეყანამ - სომხეთმა, ყაზახეთმა, მოლდოვამ და სერბეთმა - უარი თქვეს ჩამოსვლაზე. თუმცა, გახსნის პერიოდში ესპანელმა გენერალმა, რომელიც ხელმძღვანელობს "კოოპერატივ ლონგბოუს" საშტაბო სწავლებას - მადლობა გამოუცხადა ამ ქვეყნების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ისინი მონაწილეობდნენ სწავლების მომზადებაში, გარკვეულ ეტაპზე. მაგრამ უკვე გახსნის შემდეგ დაფიქსირდა. 16 ქვეყანაზეა საუბარი, გამოჩნდა უკრაინაც, რომელიც თავიდან, როგორც ვიცი, არ ფიგურირებდა ამ სიაში.

რადიო "თავისუფლება": რამდენად საინტერესოა ეს სწავლება თქვენთვის, როგორც ექსპერტისათვის? მისი ვიზუალური მხარე მაინტერესებს, რადგან კადრები მაინცდამაინც ეფექტური არ იყო. უფრო მეტად ჩანდა მწყობრი, საზეიმო-სააღლუმო მწყობრი, მაგრამ მეტი არაფერი - მტვერი და სროლა არ იყო...

ი.ალადაშვილი: ასეთი საშტაბო-სამეთაურო სწავლებები არ გამოირჩევიან რაიმე ვიზუალური ეფექტებით და ისინი, როგორც წესი, მიმდინარეობს რუკებთან და კომპიუტერებთან. ის კი არა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მე-4 ქვეითი ბრიგადის პლაცზე იყვნენ ჩამწკრივებულნი, ერთი-ორი მონაწილე სულაც სამოქალაქო ფორმაშიც კი იდგა ამ მწკრივში. ყველას თავისი ქვეყნის ფორმა ეცვა. ასე რომ, მათთვის, ვისაც მარტო ვიზუალური მხარე აინტერესებს, ეს დიდად შთამბეჭდავი არ იყო. მაგრამ აქ მთავარია, რაზე იმუშავებენ ისინი. მრავალეროვნული ბრიგადის ერთსულოვნად მუშაობა - აი, ამაზეა საუბარი. ურთიერთშერწყმული მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებისა, თუ დასჭირდათ, მაგალითად, სამშვიდობო ოპერაციის დროს. მათი მუშაობის ეფექტიანობა გამოჩნდება რუკებთან და შტაბებში. აი, მეორე სწავლება, რომელიც 21 მაისს უნდა დაიწყოს და 3 ივნისამდე გაგრძელდეს - არის “კოოპერატივ ლანსერი”; ეს უკვე საველე სწავლებაა და ის ვიზუალურად უფრო სანახაობრივი იქნება.

რადიო "თავისუფლება": ირაკლი, როგორ ფიქრობ, რამდენად აისახა სწავლების მიმდინარეობაზე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება? ლამის ამ სწავლების კვირაძალზე იყო ის ცნობილი ამბოხი მუხროვანში.

ი. ალადაშვილი: ჰო, ზუსტად იმ დღეს გავცელდა ინფორმაცია, რომ წინა დღით დააკავეს პირველი და მესამე ქვეითი ბრიგადების მეთაურები. მაგრამ ამ ყველაფერმა გახსნაზე დიდი გავლენა, რა თქმა უნდა, ვერ იქონია და ვერც იქონიებდა, იმიტომ რომ ეს სულ სხვა მიმართულებაა. მაგრამ ინცინდენტიც და შემდეგ, ორი ქვეითი ბრიგადის მეთურების წინასწარ პატიმრობაში აყვანაც უშაულოდ სწავლების გახსნის წინ, რა თქმა უნდა, დადებითზე არაფერზე მეტყველებს.

რადიო "თავისუფლება": არა მგონია, დიდი საიდუმლო გავთქვა თუ ვიტყვი, რომ საქართველოში სულ 5 თუ 6 სამხედრო ბრიგადაა, აქედან სამის მეთაურები დაკავებული არიან. რას ნიშნავს ყოველივე ეს შენი აზრით? ხომ არ უნდა დავასკვნათ, რომ არმიაში მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა ან, როგორც "ბოროტი ენები" ამბობენ, არმია საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილება?

ი. ალადაშვილი: მესამე რომელი ბრიგადაა, არ ვიცი, რომელშიც მეთაური დააკავეს. ეს არის ორი ქვეითი ბრიგადა – პირველი და მესამე, და მუხროვანის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურია დაკავებული. რაც შეეხება იმას, ემორჩილება თუ არა – ასე რადიკალურად არ ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არმია უმაღლეს მთავარსარდალს ემორჩილება და, მე ვთვლი, რომ არ არის საქმე ისე ცუდად, როგორც ეს გარედან შეიძლება ჩანდეს ამ დაკავებების შემდეგ. ჟურნალ “არსენალშიც” არაერთხელ დამიწერია და ინტერვიუებშიც ბევრჯერ მითქვამს, თავი დაანებეთ არმიას, ნუ ჩართავთ მას პოლიტიკურ ორთაბრძოლაში-მეთქი. ეს ეხებოდა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. იმიტომ, რომ არმიის საქმე არ არის პოლიტიკური გარჩევები. მისი მთავარი ამოცანაა, გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო შიდაპოლიტიკურ გარჩევებში არმიის ჩარევა, სახიფათოა არა მარტო არმიისათვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისათვის.

რადიო "თავისუფლება": შეიძლება თუ არა, რომ ეს ინციდენტი ამოწურულად ჩაითავლოს? თუ არსებობს კიდევ სხვა რამ, რამაც შეიძლება არმიის პოლიტიზება გამოიწვიოს?

ი. ალადაშვილი: ის, რაც მუხროვანში მოხდა, ვერც ერთი ქვეყნის არმიაზე ვერ აისახებოდა დადებითად. თუმცა, ასეთი შემთხვევები უწინაც ყოფილა თავდაცვის სხვა მინისტრების დროს, ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ის არის, რომ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით არ მოგვეპოვება საკმარისი, ამომწურავი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ვენდოთ. ბევრი რამ კვლავაც ბურუისით არის მოსილი. ამიტომ დანამდვილებით იმაზე საუბარი, თუ რა იყო და როგორ მოხდა, ძალიან ჭირს. მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს, ჩვენი ანალიზიც უფრო შედეგიანი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG