Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში საქართველოზე


ბან კი მუნი
ბან კი მუნი
გაეროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ანგარიში, რომელშიც განხილულია საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის საქმიანობა 2009 წლის 3 თებერვლიდან დღემდე. დოკუმენტის სახელწოდებაა "გენერალური მდივნის ანგარიში უშიშროების საბჭოს 1808 (2008), 1839 (2008) და 1866 (2009) რეზოლუციების შესაბამისად".

მცირე შესავალი ნაწილის შემდეგ დოკუმენტში აღწერილია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და განხილულ პერიოდში მომხდარი ძირითადი მოვლენები, საუბარია ჟენევის ფორმატით დაწყებულ მოლაპარაკებებზე. ქვეთავი სათაურით "მოვლენები მისიის პასუხისმგებლობის ზონაში" სამ ნაწილად არის გაყოფილი და ცალ-ცალკე განიხილავს ვითარებას გალისა და ზუგდიდის სექტორებში, აგრეთვე, კოდორის ხეობაში. მოხსენების თანახმად, გალისა და ზუგდიდის სექტორებში, საანგარიშო პერიოდში, ძირითადად მშვიდი ვითარება აღინიშნებოდა, თუმცა გალში სიტუაცია რამდენიმეჯერ გამწვავდა.

რაც შეეხება კოდორის ხეობას, იქ გაეროს მისიამ განხილული პერიოდის მანძილზე ოთხჯერ მოაწყო თითოდღიანი პატრულირება - ჰუმანიტარული ვითარების გასაცნობად და უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად. მისიის თანამშრომლების დასკვნით, ხეობაში, რომელსაც - რუსეთის ფედერაციის ძალების დახმარებით - აფხაზთა მხარე აკონტროლებს - ძირითადად სიმშვიდე სუფევს.

კოდორის ხეობის ზედა წელში, სოფელ საკენთან, გაეროს პატრულმა შენიშნა აფხაზთა კარვების ბანაკი, რომელთან მიახლოებაც ვერ მოახერხა. პატრულის წევრებმა ისიც დაადგინეს, რომ მისიის საყრდენი პუნქტი აჟარაში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ აფხაზებმა დაიკავეს, ცარიელი იყო.

როგორც აფხაზთა ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გაეროს თანამშრომლებს აცნობა, მარტის ბოლოსთვის კოდორის ხეობის ზედა წელის მცხოვრებთა რიცხვი 170-დან 130-მდე შემცირდა, რაც აფხაზებმა მძიმე კლიმატური პირობებით ახსნეს.

მისიის იმ წევრებმა, რომლებსაც კოდორის ხეობაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უნდა შეემოწმებინათ, დაასკვნეს, რომ ხეობაში არ მუშაობს სკოლები, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება. სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს მთელი განყოფილება ეძღვნება - ისევე, როგორც ჰუმანიტარულ საქმიანობასა და აღდგენით სამუშაოებს, გაეროს მისიის მიერ აღმოჩენილ დახმარებას, საფინანსო ასპექტებს.

გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივანი წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს მისიის მომავალი საქმიანობის პრინციპების შესახებ. საქმე ეხება უსაფრთხოების არსებული რეჟიმის გადასინჯვასა და გრძელვადიანი სტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის ახალ რეჟიმზე შეთანხმებას, გაეროს როლს ამ საქმეში. გენერალური მდივანი რეკომენდაციების სახით წარმოადგენს მომავალი უსაფრთხოების რეჟიმის შემადგენელ ელემენტებს. ესენია:

- ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპების მკაცრად დაცვა მიწაზე, ზღვასა და ჰაერში;

- უსაფრთხოების ზონა ვრცელდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ორივე მხარეს, 12 კმ-იან ზოლზე. უსაფრთხოების ზონებში არ უნდა იყოს შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა. ერთადერთი ცეცხლსასროლი იარაღი ზონაში იქნება სამართალდამცველთა და უშიშროების თანამშრომელთა პირადი იარაღი. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ადამიანს. ისინი შეიძლება ფლობდნენ 10-მდე შეუიარაღებელ ჯავშანმანქანას;

- შეზღუდული შეიარაღების რეჟიმის ზონები ვრცელდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზიდან დამატებითი 12 კილომეტრის მანძილზე. შეზღუდვის ზონებში არ უნდა იყოს მძიმე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ტანკები, სარაკეტო სისტემები, არტილერია და ნაღმსატყორცნები, რომელთა კალიბრიც აღემატება 80 მილიმეტრს, გარდა შეიარაღებული ჯავშანმანქანებისა, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. ამ ზონაში არ უნდა იყოს მძიმე შეიარაღების საბრძოლო მასალის საწყობები;

- უსაფრთხოებისა და შეზღუდვის ზონებში პერსონალისა და ტექნიკის გადაადგილების შესახებ 48-72 საათით ადრე შეტყობინება;

- უსაფრთხოებისა და შეზღუდვის ზონებში არ უნდა იყოს სამხედრო და სადაზვერვო თვითმფრინავები, მათ შორის - უპილოტო თვითმფრინავები;

- საზღვაო უსაფრთხოების ზონა ვრცელდება ნაპირიდან 12 საზღვაო მილზე და 12 კილომეტრზე მის ორივე მხარეს. საზღვაო უსაფრთხოების ზონებში არ უნდა იყოს სამხედრო გემები, გარდა სანაპირო დაცვის 5-მდე კატარღისა, ან მსგავსი მსუბუქი ტიპის გემისა;

- კოდორის ხეობაში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების რეგულარული მონიტორინგი გაეროს მიერ;

- გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სენაკსა და ოჩამჩირეში არსებული სამხედრო აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობა და ინფორმაციის მიწოდება;

- რეგულარული შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში;

- გაეროს მიერ დარღვევების გამოძიება და მათზე მოხსენება;

- გაეროს პერსონალის უსაფრთხოება და გადაადგილების სრული თავისუფლება;

ჩამოთვლილზე დაყრდნობით, გაეროს გენერალური მდივანი გაეროს მისიის სამომავლო მოქმედების შესახებ შემდეგ რეკომენდაციებს წარმოადგენს:

- უსაფრთხოების რეჟიმის დაცვისთვის თვალყურის დევნება და დადასტურება ისე, როგორც აღნიშნულია ანგარიშის წინა მუხლში;

- კონტაქტის ქონა მხარეებთან და სხვა შესაბამის მონაწილეებთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის გზით, დაძაბულობის თავიდან აცილებისა და ინციდენტების გადაჭრის მიზნით;

- ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობა, მათ შორის - საზღვრის გადაკვეთის ადგილებზე მონიტორინგის გზით;

- ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობა და ლტოლვილებისა და იშულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, მათ შორის - მათი ძირითადი უფლებებისა და გაეროს ფონდებისა და სააგენტოების მიერ მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით;

- გაეროს პოლიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტების, ეფექტიანი მონიტორინგისა და საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებით, კანონის დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი და დაბრუნებული მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით - კონფლიქტის ზონაში;

- მხარეებს შორის კონტაქტის ხელშეწყობა პრაქტიკულ საკითხებში თანამშრომლობის, ნდობის აღდგენისა და დიალოგის განვითარების მიზნით.
XS
SM
MD
LG