Accessibility links

ევროკავშირი და რუსეთი: არცთუ ძალიან სტრატეგიული პარტნიორობა


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი

”რა ეწოდება სტრატეგიულ პარტნიორს, როდესაც ის ამ სტატუსის შესაფერისად აღარ იქცევა?” - ეს გახლავთ შეკითხვა, რომელსაც პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც 21-22 მაისს ქალაქ ხაბაროვსკში გაიმართება. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც ორ მხარეს უთანხმოება აქვს. რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო აძნელებს მოსკოვთან ევროკავშირის პრაგმატულ ურთიერთობას, რისი სურვილიც მას აქვს.

როცა საქმე რუსეთს ეხება, ბრიუსელში ხშირად იმედგაცრუებას გამოხატავენ.

21-22 მაისის ხაბაროვსკის სამიტი ძალიან განსხვავებული იქნება 2005 წლის შეხვედრების ენთუზიაზმისგან. მაშინ ორივე მხარე პირობას დებდა, რომ სრულად ითანამშრომლებდა ოთხ ”საერთო სფეროში” - საგარეო უსაფრთხოების, საშინაო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში, ისევე როგორც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში.

მას შემდეგ ევროკავშირს მნიშვნელოვნად გაუცრუვდა რუსეთთან თანამშრომლობის აწყობის იმედები. დასავლეთისგან რუსეთის გაუცხოების პარალელურად, რაც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა, აგვისტოში მოსკოვი საქართველოში შეიჭრა, იანვარში უკრაინას და ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა და შედარებით პატარა საკითხებით ევროკავშირის გაღიზიანებას ახლაც განაგრძობს.

ბრიუსელში მომუშავე დიპლომატების თანახმად, ევროკავშირი სულ უფრო აშკარად აცნობიერებს: რუსეთის ”პარტნიორული” რიტორიკა არ შეესაბამება ქვეყნის რეალურ მიზნებსა თუ ქცევას. ამდენად, ახლა თავად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეესაბამება რეალობას რუსეთთან ”სტრატეგიული პარტნიორობის” ძიების მისი სურვილი.

ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესებას ყველაზე ნათლად ამ პარტნიორობის კომერციული საფუძვლების დასუსტება აჩვენებს. ეს კი, თავის მხრივ, ყველაზე აშკარად ენერგეტიკით ვაჭრობის სფეროში ჩანს - სფეროში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ორივე მხარისათვის უაღრესად მომგებიანი იყო.

ევროკავშირი უკვე წლებია ცდილობს რუსეთის დაყოლიებას ენერგეტიკის ქარტიაში გათვალისწინებული პირობები შეასრულოს. ქარტიის მიზანია ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა დაუქვემდებაროს გამჭვირვალე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულ წესებს. შესაბამისად, რუსეთი ვალდებული გახდება თავისი ბუნებრივი რესურსები და სადენების ინფრასტრუქტურა უცხოური კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. რუსეთმა ქარტიას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია არ მოუხდენია. ახლა კი მოსკოვი აცხადებს, რომ სურს ქარტიიდან გასვლა და მისი შეცვლა დოკუმენტით, რომელიც რუსეთს ევროკავშირისთვის ენერგეტიკის ძირითადი მიმწოდებლის როლში კიდევ უფრო განამტკიცებს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო - ევროკომისია - აცხადებს, რომ არ აპირებს ქარტიაზე უარის თქმას. მაგრამ სამშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქარტიის გარკვეული პუნქტების გადახედვა, ალბათ, შესაძლებელი იქნება. ენერგეტიკის საკითხებზე ოფიციალური პირები ხაბაროვსკის სამიტისგან ხელშესახებ შედეგებს არ ელიან. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მხოლოდ მიწოდების შეფერხების შესახებ ”გამაფრთხილებელი სისტემის” ირგვლივ გადაიდგმება ნაბიჯები. ეს სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვი ეცდება მოიპოვოს ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების ირგვლივ, რომელსაც მედვედევი 2008 წლის ივნისის შემდეგ აჭიანურებს.

ცხადია, მოსკოვმა იცის, რომ ევროკავშირის დელეგაციას,რომელსაც ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა წარმოადგენენ, მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების საშუალება არ ექნება. დელეგაცია მხოლოდ იმ თემების წამოჭრას შეძლებს, რომელთა ირგვლივაც ევროკავშირის 27-ვე წევრის კონსენსუსი არსებობს.

28 აპრილს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს უსაფრთხოების საკითხებზე ახალი, სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმება სურს. ნომინალურად უსაფრთხოების პანევროპულ ორგანიზაციად ეუთო რჩება, თუმცა ლავროვმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია მისიას ვერ ასრულებს, რადგან მას არ შეუძლია საერთაშორისო კანონმდებლობის შექმნა.

მაგრამ ეუთო რჩება ფორუმად, სადაც რუსეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ხელშეკრულების საკითხის ირგვლივ ოფიციალურად პირველად შეეჭიდებიან ერთმანეთს. ეს 27-28 ივნისს, საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე მოხდება.

ბრიუსელში ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ხაბაროვსკის სამიტზე რუსეთი ყველანაირად ეცდება ევროკავშირს ირონიულად მოეკიდოს და ისარგებლოს ფაქტით, რომ კავშირის დელეგაციას ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, უხელმძღვანელებს, რომელიც ევროსკეპტიკური და პრორუსული შეხედულებებით არის ცნობილი. ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა 1 ივლისამდე, შემდეგ ამ ფუნქციას შვედეთი იტვირთებს.

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებით ევროკომისიის იმედგაცრუება, ალბათ, ყველაზე ნათლად მოწმობს, რამდენად გაუარესებულია ეს კავშირები. ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირში, ტრადიციულად, ზომიერ ხმას წარმოადგენს, ახლახან რამდენიმე შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არ შეესაბამება ”სტრატეგიული პარტნიორის” ქცევას. საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულების გარდა, ევროკომისია აშკარად უკმაყოფილოა რუსეთის მიერ ვაჭრობის საკითხების ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებებით.

კიდევ ერთი სფერო, სადაც აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირი რუსეთით იმედგაცრუებულია, ის შემართებაა, რომლითაც ოფიციალური პირები ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის სტანდარტების შესახებ მსჯელობენ. უწინ ევროკავშირისთვის ეს საკითხები რუსეთთან ყველა შეხვედრისას მთავარი იყო; ხაბაროვსკის სამიტის პროგრამა კი ლაკონიური ფორმულირებით შემოიფარგლება - რომ შეხვედრაზე ”კანონის უზენაესობასთან” დაკავშირებულ საკითხებს წამოჭრიან.
საბოლოოდ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის მომავალს არა ევროკომისია, არამედ კავშირის წევრი ქვეყნები განსაზღვრავენ. ზოგადად, რუსეთთან ტრადიციულ უთანხმოებასთან მიმართებით ევროკავშირში სამი მიდგომა იკვეთება. პირველი ჯგუფი მოიცავს ”რუსეთის მეგობრებად” წოდებულ ქვეყნებს. ამ ბანაკს საფრანგეთი, გერმანია და იტალია ხელმძღვანელობენ, თუმცა მასში აგრეთვე შედიან საბერძნეთი, კვიპროსი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ეს ჯგუფი რუსეთს, ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს.

მეორე გუნდს რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამორჩეული ქვეყნები შეადგენენ - პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი და ბრიტანეთი. ამ ქვეყნებს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს - ევროკომისიის - სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ. მესამე ჯგუფი, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, მოიცავს რუსეთის მეზობლებს - ფინეთს, ლატვიას, ესტონეთს - და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობა, რაც არ უნდა დიდი იყოს ამის საფასური.
XS
SM
MD
LG