Accessibility links

logo-print

”საქართველოს რკინიგზა” ტვირთის მოცულობის შემცირებას ოპოზიციონერთა განცხადებებს აბრალებს


”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობა კომპანიის შემოსავლების საგრძნობი კლების მიზეზად ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ასახელებს. ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი განცხადებათა ავტორებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის გადაკეტვასა და რკინიგზის აფეთქებასთან დაკავშირებული მოწოდებები დამკვეთებს აფრთხობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის გამო სამუშაო ადგილი, შესაძლოა, 35 ათასმა ადამიანმა დაკარგოს. ოპოზიცია კი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი გეგმები კანონის ფარგლებს არ სცილდება და რომ ხელისუფლება მსგავსი ბრალდებებით თადარიგის დაჭერას ცდილობს.

მძიმე პერსპექტივა, რომ რკინიგზის სისტემაში დასაქმებული დაახლოებით 45 ათასი ადამიანიდან 35 ათასმა, შესაძლოა, სამუშაო ადგილი დაკარგოს, ოპოზიციას ბრალდება. ამგვარი სურათი ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 20 მაისს დახატა: ”ვწუხვართ, რომ, მიუხედავად ჩვენ მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა, რომ ფრთხილად მოვკიდებოდით რკინიგზის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, ბოლო პერიოდში გახშირდა განცხადებები რკინიგზის გადაკეტვის თაობაზე. გაიჟღერა აფეთქების გეგმამაც. ბუნებრივია, გადამზიდავი კომპანიები სათუთად ეკიდებიან ასეთ განცხადებებს. შესაბამისად, სახეზეა, ისეთი ძლიერი კომპანიების მხრიდანაც კი, როგორიც არის ”შევრონი” და ”ექსონი”, ან გადაზიდული მოცულობების სრულიად მოხსნა, ან მნიშვნელოვანი შემცირება საქართველოს მიმართულებით. საშუალო დღიური გადაზიდვის დინამიკა დღეისათვის გამოიყურება ძალიან სამწუხაროდ და ის, მხოლოდ მარტის თვესთან შედარებით, შემცირებულია 35 პროცენტით. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ეს გამოწვეულია ეკონომიკური კრიზისით, შინაარსს არ შეესაბამება.”
ეზუგბაიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, როდის და სად მოისმინა მსგავსი შინაარსის განცხადებები. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ”საქართველოს რკინიგზის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აცნობა, კომპანიის ხელმძღვანელის კომენტარი უკავშირდებოდა კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის ზვიად ძიძიგურის მოწოდებას რკინიგზის გადაკეტვის თაობაზე.
თავად ძიძიგური მსგავს მოწოდებას ვერ იხსენებს: ”საერთოდ არ მიხსენებია რკინიგზის გადაკეტვა, რაც ეს აქციებია... უბრალოდ, ვთქვი აქციაზე, რომ ზუგდიდის გზაზე დაიწვა სამგზავრო მატარებელი და რამდენიმე საათის განმავლობაში იმ მიმართულებით რკინიგზა გადაკეტილი ჰქონდათ თვითონ... უნდა გითხრათ, რომ ტვირთბრუნვა შემცირდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, მიზანმიმართულად ხდება რკინიგზის გაპარტახება და, ფაქტიურად, გაკოტრებისკენ მიდის... მაქვს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ უნდათ მიჰყიდონ უცხოელებს. ძირითადად, რუსებზეა ასეთი ეჭვი გამოთქმული. რაც შეეხება აფეთქების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, მე პირადად მოვუწოდებ - დააპატიმრონ ის კაცი, ვინც აპირებს რკინიგზის აფეთქებას. თუ მათ რაიმე ფაქტები აქვთ, ეს ფაქტები წარმოადგინონ.”
რკინიგზის ხელმძღვანელის მიერ ნახსენებმა სიტყვამ - ”აფეთქება” -არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა ლიდერებზეც იმოქმედა. მათ შორის არის ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი: ”ეტყობა, ძალიან მოეჭარბა ფანტაზია. ახალგაზრდა, პატარა ბიჭია რკინიგზის ხელმძღვანელი... ”აფეთქება” როდის გაიგონა საერთოდ ვინმესგან? ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა არასდროს. რაც შეეხება პოლიტიკად ქცევას ტვირთების გადატანისა, ნაგვის გატანისა და, საერთოდ, ყველაფრისა, რასაც სახელმწიფო სტრუქტურები უნდა აკეთებდეს, ეს გადააქცია დღევანდელმა ხელისუფლებამ.”

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მსგავსი განცხადებებით ხელისუფლება თადარიგის დაჭერას ცდილობს, რომ როგორმე ხელი შეუშალოს 26 მაისს მასშტაბური სამოქალაქო აღლუმის ჩატარებას. როგორც ცნობილია, არასაპარლამენტო ოპოზიცია 26 მაისისთვის აქტიურად ემზადება და ხალხის მობილიზებას უკვე რეგიონებში ცდილობს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებში რკინიგზის ჩართვას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, ზოგადად სახიფათო ტენდენციად მიიჩნევენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები; თუმცა, დავით ნარმანიას დაკვირვებით, შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას ამ დრომდე ისეთი სახიფათო სახე არ მიუღია, რომ რკინიგზის გადაზიდვების მკვეთრი შემცირება ამ ფაქტორს დაბრალდეს: ”თუ ავიღებთ 2009 წლის პირველი კვარტლის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას, ზუსტად 30-პროცენტიანი კლება გვაქვს, როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. ანუ, საერთოდ, ტვირთბრუნვა არის შემცირებული, რადგანაც ადამიანებმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენიდან გამომდინარე, მოხმარება შეზღუდეს. ეს არის ძირითადი მომენტი და არა, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების განცხადებები, რომ ისინი, ვთქვათ, გადაკეტავდნენ სარკინიგზო მაგისტრალებს და ამით, ვთქვათ, რომელიმე გადამზიდავმა კომპანიამ გადაიფიქრა ტვირთის გადაზიდვა ანდა ალტერნატიული გზა მოძებნა. როგორც წესი, ასეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს დიდი კომპანიები უცბად არ იღებენ. ისინი პროცესებს რამდენიმე თვე, ერთი წელი აკვირდებიან ხოლმე და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას...”
კომპანიის შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად დავით ნარმანია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ანუ სწორედ იმ ფაქტორს ასახელებს, რომელიც ”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში შეგნებულად გამორიცხა. მან ხაზგასმით თქვა, რომ თუკი ოპოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებებისგან თავს არ შეიკავებს, მას მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება სამსახურიდან დათხოვნილი 35 ათასი ადამიანის წინაშე. თუმცა, თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მოვუსმენთ, გადაზიდვის მოცულობის საგრძნობი შემცირების მიუხედავად, რკინიგზის სისტემაში დასაქმებული ადამიანები სამსახურს არ დაკარგავენ.
XS
SM
MD
LG