Accessibility links

logo-print
ხუთშაბათს დილით რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. ინტერვიუს დასაწყისში საუბარი შეეხებოდა 20-21 მაისის ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც, დილისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიაკვლიეს მუხროვანის ამბოხებაში ეჭვმიტანილ და ძებნილ სამ პირს, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. სესიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და გამოთქვა იმედი, რომ გამოძიებული იქნება - შეიძლებოდა, თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება სპეცოპერაციისას. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ უკვე ორი კვირაა შიმშილობს იგივე საქმეზე დაკავებული კობა კობალაძე, რომელიც თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ირაკლი სესიაშვილთან ინტერვიუს ძირითადი ნაწილი კი ეხებოდა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშს საქართველოს შესახებ, კერძოდ, სარეკომენდაციო ნაწილს, რომელშიც ჩამოთვლილია უსაფრთხოების სამომავლო რეჟიმის შემადგენელი ელემენტები. ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ამ დოკუმენტს რეზოლუციის სტატუსის მიღების პერსპექტივა არ აქვს, რადგან უსაფრთხოების ზონების შექმნა და იქ შესაბამისი რეჟიმის განხორციელება სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის ფაქტობრივ პოზიციას, როცა მან აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მასთან საზღვრის დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე (გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციით სწორედ ამ საზღვრის ორივე მხარეს 24 კილომეტრიანი ზოლში უნდა იმოქმედოს შესაბამისმა შეზღუდვებმა) თავის სამხედრო ყოფნას დღითიდღე აძლიერებს. ირაკლი სესიაშვილს ნინო გელაშვილი ესაუბრა:
XS
SM
MD
LG