Accessibility links

სპეცოპერაცია მუხროვანის ამბოხების მონაწილეთა წინააღმდეგ


სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხებისთვის ძებნილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ არიან დაჭრილნი - ამის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა.

ოპერაციის შესახებ დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, რამდენიმე საათში გაავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე, ქერჩის ქუჩაზე დაიწყო. სროლა 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ღამის ორი საათისთის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ტერიტორია მალევე დატოვა. დაჭრილები, არაოფიციალური ინფორმაციით, გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, რომლის შესასვლელებიც მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, კობა ოთანაძის და ლევან ამირიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი.
XS
SM
MD
LG