Accessibility links

logo-print
აშშ-ის ელჩმა საქართველოში - ჯონ ტეფტმა 21 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად კიდევ ერთხელ განმარტა აშშ-ის პოზიცია საქართველოში არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობის თაობაზე: ”ჩვენ გაგვამხნევა შეხვედრამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს ოპოზიციის წევრებთან ჰქონდათ. გვესმის, რომ მათ სერიოზული განსხვავებები არსებობს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მათი გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეთანხმება, რეალური დიალოგის წარმართვა. ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი იყო დასაწყისშივე, 9 აპრილამდე პერიოდიდან დღემდე - დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. კომპრომისი და სერიოზული ვაჭრობა არის გადამწყვეტი ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისთვის და ამასვე ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში”, - აცხადებს ტეფტი.

რადიო თავისუფლების მორიგ შეკითხვაზე, თუ რა ადგილი ექნება საქართველოს ობამა-მედვედევის შეხვედრის დღის წესრიგში, ჯონ ტეფტმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის უფლებას სამომავლოდ პრეზიდენტ ობამას უტოვებს. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით ტეფტი აცხადებს: ”რაც შეეხება რუსეთის სამხედროების მონაწილეობის ფართო საკითხს, ვფიქრობ, ორივე - სახელმწიფო დეპარტამენტიცა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ, სავსებით ნათლად აცხადებენ, რომ რუსეთი არღვევს პრეზიდენტებს - სარკოზის, მედევდევსა და სააკაშვილს - შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან ევროპაში, ეუთოსთან, გაეროსთან, ევროკავშირთან ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებულობის მისაღწევად. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას. მიმაჩნია, რომ ისინი შესანიშნავად მუშაობენ. ჩვენი დიდი სურვილია სტაბილიზაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მიღწევა, რაც ამ დრომდე არ ხდება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ამერიკის პოლიტიკა”.
XS
SM
MD
LG