Accessibility links

logo-print

ოპოზიცია სამეგრელოს საპროტესტო მუხტით უკმაყოფილო დარჩა


თინა ხიდაშელი, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და გია ცაგარეიშვილი ზუგდიდელებს მიმართავენ

თინა ხიდაშელი, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და გია ცაგარეიშვილი ზუგდიდელებს მიმართავენ

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციებს დასავლეთ საქართველოში მართავს, დღეს ზუგდიდში ჩამოვიდა. მიტინგზე, რომელიც კონოთეატრ „ატრიუმთან“ გაიმართა, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა აქციაზე შეკრებილ ზუგდიდელებს აცნობა, რომ ოპოზიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის შეცვლას და ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას არ აპირებს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნისთვის საჭირო ყველა ცვლილებას ამჟამინდელი ოპოზიცია, საზოგადოებასთან შეთანხმებით, სააკაშვილის გადადგომის შემდეგ განახორციელებს. საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციების ორგანიზების მიზანზე აქციის მონაწილეებს „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი თინა ხიდაშელი ესაუბრა. მისი განცხადებით, ოპოზიციას სურს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას და მსოფლიოს დაანახვოს, რომ პროტესტს მხოლოდ თბილისი არ გამოხატავს.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ზუგდიდში

თუმცა სამეგრელოს პასიურობით უკმაყოფილო დარჩა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა სიმცირე ვანო მერაბიშვილისადმი შიშით ახსნა. „მაგრამ, მსურს ყველას ვუთხრა, რომ ისინი ცოტანი არიან, ჩვენ კი - ბევრნი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ. მისი ეს კომენტარი ზუგდიდის ტელეკომპანია „ოდიშის“ კორესპონდენტს არ მოუსმენია, რადგან ეს ტელეარხი ლევან გაჩეჩილაძემ სიცრუეში დაადანაშაულა და ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ტყუილში საპროტესტო აქციის მსვლელობისას თავად ოპოზიციის ლიდერები დაადანაშაულა მოხუცმა ქალბატონმა. როგორც მან მითხრა, „სააკაშვილმა ყველაფერი კარგი მოგვიტანა.“ ამ ქალბატონისგან განსხვავებით, ოპოზიციის მოთხოვნას დღეს სოლიდარობა დაახლოებით 150-მა ზუგდიდელმა გამოუცხადა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, პროტესტის გამოხატვა სხვებსაც სურთ, მაგრამ სამსახურების დაკარგვის ეშინიათ. ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლას ემხრობიან და ამ მიზნის მიღწევის გზად, მიტინგებთან ერთად, მოლაპარაკებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG