Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალმთიან ყაზბეგში ტურისტული სეზონი დაიწყო


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოხევეები უცხოელ ტურისტებს უკვე მასპინძლობენ და იმედი აქვთ, რომ სექტემბრამდე გამოზამთრებისთვის აუცილებელ თანხას დააგროვებენ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებობის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ტურიზმია. ყაზბეგში მეგობრებთან ერთად 10 დღით დარჩენას აპირებს უკრაინიდან ჩამოსული იური ფამირამასჩუკი. როგორც მითხრა, მათთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას მოსკოველი მეგობრებიც აპირებდნენ, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. უკრაინელი იური ამბობს, რომ მოლოდინი გაუმართლდა და ქართველები ჭაჭით, ღვინით და კარგი ამინდით დახვდნენ. მან ისიც მიამბო, რომ უკრაინის მასმედია ქართველებზე მუდმივად ლაპარაკობს, როგორც მეგობარ ხალხზე. თავად იურის საქართველო მოსწონს და, როგორც თავად თქვა, უყვარს კიდეც.

ტურისტებს სტეფანწმინდაში ერთი ღამის გათენება, კვების გარეშე, მინიმუმ 15 ლარად შეუძლიათ. სამჯერადი კვება და მომსახურება კი მაქსიმუმ 50 ლარი ღირს. ჯულიეტა ავსაჯანიშვილი, რომლის ოჯახიც თავს ტურიზმით ირჩენს, ამბობს, რომ წელს სეზონი გაცილებით ადრე, მაისიდან დაიწყო. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ უცხოელებს ძალიან მოსწონთ თრუსოს ხეობა, გერგეტის სამება და ულამაზესი ბუნება. ჯულიეტა ავსაჯანიშვილს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი აქვს და თბილისში რამდენიმე ტურისტულ ფირმასთან თანამშრომლობს.

სტეფანწმინდის გარდა, უცხოელ ტურისტებს მახლობლად მდებარე სოფლებიც აინტერესებთ - გერგეტი, კარკუჩა, აჩხოტი და ა.შ. სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრში მდებარე მაღალმთიან სოფელ ჯუთამდე მანძილს ადგილობრივი მკვიდრი გოდერძი არაბული ფეხით გადის. სოფელში, სადაც მხოლოდ 12 ოჯახი ცხოვრობს, მას ყავა, საკვები და წამლები მიაქვს. გოდერძიმ მიამბო, რომ ზაფხულში ტურისტების ინტერესს ჭიუხების კლდოვანი მასივი იწვევს. სამოძრაოდ და ბარგის გადასატანად კი მათ ცხენები სჭირდებათ და ეს ადგილობრივ მცხოვრებთა შემოსავლის გარკვეული წყაროა. ჯუთელი გოდერძი არაბული ფიქრობს, რომ თუ ყურადღება მეტი იქნება და, მაგალითად, ტურიზმის ცენტრი ყაზბეგში გაიხსნება, საოჯახო სასტუმროების გახსნას სოფლების მოსახლეობაც შეძლებს.

ტურისტებისთვის მიმზიდველ რეგიონს კვლავ გზის პრობლემა აქვს. ყაზბბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ვიქტორ სუჯაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა თხოვნას გაითვალისწინებს და ცენტრალური ბიუჯეტიდან გერგეტის და სნოს გზების შეკეთებას მაინც დააფინანსებს. არსებული სტატისტიკით, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დარიალის ხეობას წლის განმავლობაში 400 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. ეს რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, უცხოელმა დამსვენებლებმა განსაკუთრებულად აგვისტოს ომის შემდეგ იკლეს.
XS
SM
MD
LG