Accessibility links

logo-print

გასაიდუმლოებული სპეცოპერაციის დეტალები და გამოხმაურება


ჯარისკაცები სოფელ მუხროვანთან 5 მაისს

ჯარისკაცები სოფელ მუხროვანთან 5 მაისს

საქართველოში მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია თბილისის გარეუბანში. ოთხშაბათს, გვიან ღამით, მუხროვანის სამხედრო ამბოხიდან 2 კვირის თავზე, პოლიციამ მოკლა ამბოხის ერთ-ერთი მოთავე, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი, ორმხრივ სროლაში მძიმედ დაჭრილი ოფიცრები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი საავადმყოფოში იმყოფებიან. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია სპეცოპერაციის ამსახველი დეტალები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია ოთხშაბათს, გვიან ღამით, ჩატარდა თბილისის გლდანის რაიონში, სადაც, პოლიციის მტკიცებით, ძებნილებმა წინააღმდეგობა გასწიეს.

პოლიციის მანქანების სირენები, მუხრუჭების ხმა, 20 წუთის ხანგრძლივობის სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ერთი მოკლული და ორი დაჭრილი - ასე დასრულდა მუხროვანის 5 მაისის ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა ძებნის ისტორია. მოკლული პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის ცხედარი 21 მაისს სახლში გადაასვენეს, დაჭრილი კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ძებნილებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა ინფორმაცია სროლის დროს დაზარალებული პოლიციელების თაობაზე არ არსებობს. აი, რა განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ბესელიამ 20 მაისის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე:

”გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა ძებნილების - კობა ოთანაძის, გია კრიალაშვილისა და ლევან ამირიძის - დაკავებას, რა დროსაც ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმყოფოში.”

საავადმყოფოში, სადაც დაჭრილები არიან, გაძლიერებულია დაცვა და იქ ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია. სხვა დეტალები საზოგადოებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს აღარ დაუზუსტებია - მათ შორის, თუ რა დროს მოხდა შეტაკება, სად იმყოფებოდნენ თავად ეჭვმიტანილები, რა მასშტაბის იყო შეტაკება მათი მხრიდან და რა ვითარებაში დაიღუპა პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჯერად არ გაუვრცელებია ცნობილი ოპერატიული ვიდეოჩანაწერი შემთხვევის ადგილიდან, სადაც ნაჩვენები იქნებოდა შეტაკების მსვლელობა ან მისი შედეგი. უსაფრთხოების საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტის, პუბლიცისტ ბესიკ ალადაშვილის დაკვირვებით, 20 მაისის სისხლიანი სპეცოპერაცია საკმაოდ ბევრ შეკითხვას ბადებს:

”ჩვენ ამ მუხროვანის ამბოხის შემდეგ ვერ გავიგეთ, თუ ვის უნდა ესარგებლა ამ ამბოხის შედეგით, ანუ ვინ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში. თან იყო ნათქვამი, რომ ამ სამმა ძებნილმა იცის, ანუ ისინი არიან მოთავეები ამ აჯანყების და მათ აქვთ რაღაც ექსკლუზიური, საიდუმლო ოპერაცია. აქედან გამომდინარე, მათ ”თვალის ჩინივით” უნდა გაფრთხილებოდნენ, ანუ სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა ძალიან დაბალ დონეზე.”

სპეცოპერაციის დროს მოკლულ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილზე, ოფიცრებზე ოთანაძესა და ამირიძეზე ძებნა 5 მაისს, მუხროვანის სამხედრო ამბოხის შემდეგ, გამოცხადდა. კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი 2001 წლის მაისში მონაწილეობდნენ იმავე მუხროვანის პირველ ამბოხში, რომელსაც საქართველოში მშიერი ბუნტი ეწოდა. ოთანაძეს მაშინ მხოლოდ სოციალური მოთხოვნები ჰქონდა. არმია მართლაც მშიერი და ჩაუცმელი იყო. იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პოლკოვნიკ კრიალაშვილსა და ოთანაძეს პროტესტი შეუნდო, მუხროვანში ჩასულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი 5 მაისს განაცხადა, რომ მეამბოხეებს შენდობა არ ექნებოდათ:

”ოთანაძე არ უნდა ყოფილიყო თავისუფლად, კრიალაშვილი არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი, არ უნდა ჩამოსულიყო და გასულიყო, კიტოვანის მთელ ”ბრიაჟკას” არ უნდა ევლო თავისუფლად თბილისში. მართლა, ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. არსებობს მოთმენა რაღაცის, მაგრამ ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ.”

მიხეილ სააკაშვილის ამ გამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ძებნა მიმალვაში მყოფ ეჭვმიტანილებზე. გამოცხადდა ჯილდოც ინფორმატორებისათვის - კრიალაშვილსა და ამირიძეზე 50 ათასი ლარის, ხოლო ოთანაძეზე 200 ათასი ლარის ოდენობით. ეჭვმიტანილების ძებნა ორ კვირას გრძელდებოდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საზოგადოება მუხროვანის ამბოხისთანავე ალაპარაკდა იმაზე, რომ კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. აი, რა განაცხადა 21 მაისს კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა:

”არსებობდა ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა თავად ხელისუფლების შიგნიდან. და სწორედ ასეც განხორციელდა. ხელისუფლებას სასამართლო არ აწყობს და სწორედ იმიტომაც დახოცეს ეს ხალხი.”

თიანეთის გზაზე მომხდარი შეტაკება ქართული სპეცსამსახურების ისტორიაში მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების მეორე ოპერაციაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა: 2000 წლის აგვისტოში ზესტაფონის პოლიციის შენობაში სპეცრაზმელებმა მოკლეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ოფიცრები აკაკი ელიავა და გოჩა ლაგვილავა, რომლებსაც სენაკის 1998 წლის სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ედებოდათ ბრალი.
XS
SM
MD
LG