Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საშიშ სიახლეს შეიცავს თბილისისთვის ბან კი მუნის მოხსენება?


ბან კი მუნი
ბან კი მუნი
20 მაისს გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის, ის მოხსენება, რომლის ტექსტიც გამოქვეყნებამდე გახდა საქართველოში, თბილისსა და სოხუმში - და, ამასთანავე, რუსეთში - ვნებათაღელვის საგანი. რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთში გენერალური მდივნის მოხსენებას გამოქვეყნებამდე პოზიტიური უწოდეს, თბილისში კი - არაადეკვატური. ვინც ეს შეფასებები გააკეთა, მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რა სიახლეს შეიცავდა გენერალური მდივნის მოხსენება. სიახლე არის ის, რომ მოხსენება, რომელიც საქართველოს ამბოხებულ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში (აფხაზეთში) არსებულ მდგომარეობას ეხება, არ აკონკრეტებს, გენერალური მდივნის ადრინდელი მოხსენებებისგან განსხვავებით, რომ აფხაზეთი საქართველოა.

ეს არის გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში, რომელშიც განხილულია საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის საქმიანობა 2009 წლის 3 თებერვლიდან დღემდე. ”გენერალური მდივნის ანგარიში, უშიშროების საბჭოს 2008 წლის ნომერ 1808 და 1839 და 2009 წლის ნომერ 1866 რეზოლუციების შესაბამისად” - ასე ჰქვია დოკუმენტს. გაეროს გენერალური მდივნის ანალოგიური მოხსენებები ადრე ქვეყნდებოდა სათაურით ”გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთში (საქართველო) არსებული ვითარების შესახებ”. ბოლო მოხსენების სათაური კი ის არის, რაც არის. თუმცა მინიშნება იმაზე, რომ მოხსენება შესაბამისობაშია უშიშროების საბჭოს, მაგალითად, ნომერ 1808 რეზოლუციასთან, აშკარად მიუთითებს, რომ გაეროს გენერალურ მდივანს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მიერ ნახსენებ უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, ნომრით 1808 (ეს არის 2008 წლის აპრილის რეზოლუცია), ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექსპერტები მაინც ხედავენ სახიფათო ტენდენციას იმაში, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ბოლო, 2009 წლის თებერვლის, რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის დასადასტურებლად წინა რეზოლუციები ნომრების მიხედვით მიუთითა, იმის სათქმელად რომ ეყრდნობოდა ამ რეზოლუციებს. ანალოგიურ ხერხს მიმართა უკვე გაეროს გენერალურმა მდივანმაც თავის მოხსენებაში.

”ფაქტი, რომ გაეროს გენერალური მდივანი მოერიდა თავის მოხსენებაში დაეკონკრეტებინა, რომ აფხაზეთი საქართველოა, ისე როგორც ამას ადრინდელ მოხსენებებში აკეთებდა, აშკარად რუსული დიპლომატიის წარმატებაა”, - აღნიშნავს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. ასევე ფიქრობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძეც:

”ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა ჩართო მთელი დიპლომატიური რესურსები, რათა მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგალიზაცია მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, პირველ რიგში კი, გაეროში, და ასეთ დროს ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, ენას, ფრაზას - მაშინ, როცა დოკუმენტები დგება. ”

თავისი ძალით გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება ჩამოუვარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, - განმარტა ჩვენთან საუბრისას არჩილ გეგეშიძემ. მაგრამ ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, როგორც წესი, ეყრდნობა გენერალური მდივნის მოხსენების ტექსტს. საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში - გაეროს სამეთვალყურეო მისიას მანდატი მალე, ივნისში, ეწურება. შესაბამისად, მანდატის გაგრძელების საკითხი ივნისის ბოლოს დადგება. უშიშროების საბჭომ ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს მორიგი რეზოლუცია აფხაზეთის, საქართველოს შესახებ. მანამდე იქნება გაეროში საქართველოსა და მისი მეგობრების სერიოზული დიპლომატიური ბრძოლის პერიოდი - არჩილ გეგეშიძის აზრით, საქართველოს მეგობრებისა და მოკავშირეების გამოცდაც კი. პოლიტოლოგის აზრით, თუკი უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში გამოიკვეთება ახალი ტენდენცია, რის ნიშნებსაც ატარებს გენერალური მდივნის მოხსენება, მაშინ საქართველოს მეგობრებმა რეზოლუცია უნდა დაბლოკონ.
XS
SM
MD
LG